ელზა პაპოშვილი
16.05.2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროს თანამშრომელმა 29 წლის ბერიკა გულიაშვილმა თავისი ცვლის უფროსი ხვიჩი ცაცვიძე დანით დაჭრა, დაპატიმრების შემდეგ კი საჩხერის პოლიციის განყოფილებაში მოუვიდა კონფლიქტი. შსს-ს ცნობით, იგი პოლიციელს დაესხა თავს, არაოფიციალური ინფორმაციით კი, იგი პოლიციის უფროსს მისსავე კაბიონეტში ფიზიკურად დაუპირისპირდა. 

რა მოხდა რეალურად და რა გახდა ჯერ მაღაროში და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში კონფლიქტის მიზეზი?

როგორც ადგილობრივი მაღაროელები „რეზონანსს“ უყვებიან, შემთხვევა 15 მაისს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ცვლის უფროსს და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივების ცნობით, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ცვლის უფროსმა, მაღაროს ამუშავების შემდეგ, ბერიკა გულიაშვილი სამსახურში არ გამოიძახა.

მათივე ინფომაციით, მაღაროების რამდენიმეთვიანი გაჩერების გამო, თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა და ჩხუბიც სწორედ ამის გამო დაიწყო.

ერთ-ერთი მაღაროელი, რომელსაც სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობის დასახელება არ უნდა, გვიყვება, რომ ჭიათურაში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. მაღაროს გაჩერების გამო კომპანიამ თანამშრომლების ნაწილი დაითხოვა. მათ კი ოჯახების ჰყავთ შესანახი და ასევე ბანკის ვალები აქვთ. მათ 200 ლარი, რომელიც ხელისუფლებამ დახმარების სახით გამოუყოთ, არაფერში ყოფნით და ფიქრობენ, რომ თვიდან თვემდე ლუკმა პუის თხოვნა მოუწევთ. 

29 წლის ბერიკა გულიაშვილი ცვლის უფროსთან იმის გასარკვევად მივიდა, თუ სამსახურში რატომ არ გამოიძახეს და იყო თუ არა გათავისუფლებული. 

როგორც მაღაროელი გვიყვება, მომხდარი ფაქტის შემდეგ ინციდენტში მონაწილე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა. დაკავებულს კი უკვე პოლიციის უფროსთან მისსავე კაბინეტში მოუვიდა კონფლიქტი. 

„არავინ ამართლებს მის საქციელს, მაგრამ კაცი რომ გამწარდები და ლუკმა პურის ფული არ გაქვს, ან დაჭრი და ან რაღაცა უბედურებას ჩაიდენ. მაღაროს გაჩერების შემდეგ ჭიათურაში უმძიმესი სოცილაური ფონია. ხალხი თავს მხოლოდ ამ შემოსავლიდან ირჩენს. ბანკის ვალები გვაქვს და ოჯახები გვყავს შესანახი. 

„მაღაროს გაჩერების გამო, კომპანიამ თანხების დაზოგვა გადაწყვიტა და ბევრი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლა. მათი ჩხუბის მიზეზიც ეს გახდა. ედავებოდა - სამსახურში რატომ არ გამომიძახეო. ხალხს ნერვები აღარ აქვს. 

„რაც შეეხება პოლიციის უფროსიის ცემას, ჯერ მას უცემია. კაბინეტში შეუყვანია და გინება დაუწყია. მერე დაურტყამს. ამანაც აიღო და სცემა. აი, ესაა რელობა“, - ამბობს მაღაროელი „რეზონანსთან“. 

პროფკავშირების ასოციაციის უფროსი პაატა სამხარაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მას რა ინფორმაციაც აქვს, არის ის, რომ ბერიკა გულიაშვილი მაღაროში მუშად მუშაობდა. ის არის გვირაბ გამყვანი. სამხარაძე ამბობს, რომ მუშებს რაიმე ხმაური ან კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ. მხოლოდ ცვლის უფროსის ყვირილის შემდეგ მიხვდნენ, რომ ის დაჭრილი იყო. 

„მივიდა უფროსთან და უთხრა - რატომ არ დამასაქმეო. ამაზე შელაპარაკებულან და ამ ბიჭს დანა რამდენჯერმე დაურტყამს. როგორც მე გავარკვიე, რაიმე ყვირილის ან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. ეს ბიჭი სახლში ყოფილა და იქიდან მისულა მაღაროში. როგორც ჩანს, მათ ჩხუბის მიზეზი სამსახურში არგამოძახება გახდა. ცვლის უფროსს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც ვიცი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ოპერაცია ჩაუტარდა“, - ამბობს სამხარაძე „რეზონანსთან“.

თანამშრომლის მიერ დაჭრილი მაღაროს ცვლის უფროსი ხვიჩა ცაცვიძე კი ჭიათურაში, „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაშია მოთავსებული. მას ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მას ჰქონდა მუცლის წინა კედლის ჭრილობა, მაგრამ შინაგანი ორგანოების დაზიანება არ აღენიშნებოდა. ჭრილობებში ჩატარდა რევიზია და პაციენტი კლინიკური მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსდა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,"- განაცხადა ექიმმა ზაზა კახნიაშვილმა. 

შსს-ს ინფორმაციით კი, სამართალდამცველებმა საჩხერეში პოლიციელზე თავდასხმისთვის 1991 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს ბ.გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, მის თანამშრომელს - 1987 წელს დაბადებულ ხ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხ.ც.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

„იმავე დღეს საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბ.გ.-მ საჩხერის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.

„გამოძიება ბ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს,“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლია   (17.05.2020)
ციხეში არჩინე ეხლა სახელმწიფოვ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×