ტატა შოშიაშვილი
05.04.2020

კორონავირუსის ეპიდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფ ასაკოვან მოქალაქეებს შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დამატებითი პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ ცნობილმა ებრაელმა ექიმმა, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტმა, ლეონიდ ეიდელმანმა განაცხადა.

ასაკოვანი მოქალაქეები კორონავირუსის გლობალური პანდემიის დროს ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ასაკობრივი შეზღუდვებიცაა შემოღებული საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე. საქართველოშI, მაგალითად, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით, სახლიდან გასვლა აკრძალული აქვთ. ხანგრძლივი იზოლაცია და ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა კი მათ დამატებით პრობლემებს უქმნის.

იზოლაციის პირობებში მოხუცებს, პირველ რიგში, შესაძლოა გაუმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. ექიმ ეიდელმანის თქმით, ეს შეიძლება გამოწვიოს ხანგრძლივ იზოლაციასთან დაკავშირებულმა სტრესმა და საკვების დიდი რაოდენობით მიღებამ.

გარდა ამისა, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ის ხანდაზმულები, რომელთაც არც ისე მძიმე ფორმით აქვთ ქრონიკული დაავადებები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობის კურსის გაგრძელებას და სამედიცინო დაწესებულებებში პერიოდულად სიარულს, თუმცა, დაწესებული აკრძალვების გამო ამას ვერ ახერხებენ.

„ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გულთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებმა, რომელთაც ექიმთა მისვლა და ჰოსპიტალიზაცია ესაჭირეობოდათ, ეს დროულად ვერ მოახერხეს და ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა", - აცხადებს ექიმი ეიდელმანი.

მისივე თქმით, არანაკლები საფრთხის შემცველია უმოძრაობა იძUლებითი თვითიზოლაციის პირობებში. სახლებში გამოკეტილი ასაკოვანი მოქალაქეები, როგორც წესი, ნაკლებად არიან ფიზიკურად დატვირთული, ნაკლებად გადაადგილდებიან და ამან საბოლოოდ შესაძლოა ისინი საწოლს მიჯაჭვულ ავადმყოფებად აქციოს. განსაკუთრებით ის მოხუცები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

ებრაელი ექიმის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია სახლებში გამოკეტილი მოხუცების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სოციალური დისტანცირება პირველ რიგში ფიზიკურად დისტანცირებას ნიშნავს და არა მოხუცების უყურადღებოდ დატოვებას. სპეციალისტის აზრით, საჭიროა მუდმივი კონტაქტი გვქონდეს ჩვენს მოხუცებთან თუნდაც ტელეფონისა დ ინტერნეტის საშუალებით. სხვაგვარად შეიძლება მათი ფსიქოლოგიური მგდომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდეს, რაც გარდაუვლად გამოიწვევს მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×