„კერძო ლაბორატორიებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების უფლება უნდა მიეცეთ”
ელზა პაპოშვილი
23.03.2020

ბოლნისსა და მარნეულში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, სულ უფრო აქტიური გახდა იმაზე საუბარი, რომ რაც შეიძლება მალე საქართველომ  მოსახლეობის სწრაფი ტესტირება უნდა დაიწყოს. განსაკუთრებით კი ამ ორ რაიონში, რადგანაც 62 წლის ადგილობრივი ქალბატონის ვირუსით დაავადების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ მისი მხოლოდ 86 კონტაქტია დადგენილი, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მას კომუნიკაცია კიდევ უფრო ბევრ ადამიანთან ჰქონდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მარნეულის და ბოლნისის რაიონებში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. კითხვაზე ხომ არ დაგვიანდა სწრაფი ტესტების ჩამოტანა, პრემიერმა უპასუხა, რომ არ დაგვიანებულა.

„სწრაფი ტესტების ჩამოტანა არ დაგვიანებულა. თქვენ სვამთ კითხვას და წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი იყო მარნეულის ქეისის განვითარება. სწრაფი ტესტები პანაცეა არ არის, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის. სირცხვილია, როცა ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ცდილობენ ზოგი დამატებით მოგების მიღებას - ეს იქნება ფინანსური მოგება, თუ პოლიტიკური“, - განაცხადა გახარიამ. 

ჯანდაცვის მინისტრი  ეკატერინე ტიკარაძე კი ამბობს, რომ სწრაფი ტესტების შემოტანა  4 ეტაპად  მოხდება და რაოდენობა საკმარისია, რათა  საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა მოხდეს. მისი ინფორმაციით, ორ დღეში მოსახლეობისთვის მიზნობრივი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა იქნება.

„როგორც დავაანონსეთ, უკვე ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან უკვე შეგვიძლია, დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. ეს დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს იმისთვის, რომ დროულად მოახერხონ კორონავირუსის აღმოჩენა. 

ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. ჩვენ ველოდებით ტესტებს ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში და ასევე, გადანაწილებულია, ბოლო შემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის და რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა “, - განაცხადა ტიკარაძემ.  

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი საქართველოში კორონავირუსის გამოსაკვლევი პირველი სწრაფი ტესტი ჩამოიტანეს. ამის შესახებ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ტესტის მუშაობის დემონსტრაციაც მოაწყო.

 „ბევრი მცდელობის შედეგად ჩვენ შევძელით, რომ პირველი სწრაფი ტესტი ჩამოგვივიდა საქართველოში. სამწუხაროდ, რაოდენობა დიდი არ არის იმიტომ, რომ გადაზიდვის ყველა მექანიზმი ისევე, როგორც საერთაშორისო ფრენები, შეჩერებულია. სამწუხაროდ PCR ტესტი ჯერჯერობით ვერ ჩამოვიტანეთ, მაგრამ ვცდილობთ, რომ ჩამოვიდეს, რომელიც სპეციალურად ლაბორატორიაში უნდა შემოწმდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ნომერ პირველი ამოცანა დღეს არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ხელმისაწვდომი გახადონ სწრაფი ტესტები.

„მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ისევ განაცხადა, რომ სწრაფი ტესტი პანაცეა არ არისო. ყველა სპეციალისტი უკვე მემგონი ხმამაღლა საუბრობს დღეს, რომ ნომერ პირველი ამოცანა ქვეყანაში არის სწრაფი დიაგნოსტირება. 

“თუ სწრაფი დიაგნოსტირების საშუალება არ გვექნა ქვეყანაში, ჩვენ ამ ეპიდემიას ვერ შევაჩერებთ. მაშინ, როცა დღეს მარნეული მთლიანად მოქცეულია იზოლაციაში პირველი, რაც უნდა ხდებოდეს არის ლაბორატორიული შემოწმება. არა მარტო ასე, არამედ PCR ტესტებით უნდა ხდებოდეს ადამიანების შემოწმება კორონავირუსზე“,-აღნიშნავს ვაშაძე.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი ასევე განმარტავს, რომ სწრაფი ტესტების დანერგვისა და სწრაფი დიაგნოსტირების კუთხით მაგალითი სამხრეთ კორეაა და ქვეყანაში ამ ყველაფერმა საკმაოდ კარგი შედეგი დადო.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა არის სწრაფი ტესტირება და სწრაფი დიაგნოსტიკა. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ არა მარტო ჩვენთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. 

“რატომ? იმიტომ, რომ მათაც დააგვიანეს დიაგნოსტიკის კუთხით და მათაც დროულად ვერ მოახდინეს ამ ყველაფრის გაკეთება. მაგრამ ვინ მოახდინა? - სამხრეთ კორეამ, რომელსაც არც საგანგებო მდგომარეობა გამოუცხადებია და ანტიკრიზისული გეგმა აქვს, რომლითაც მოქმედებს. მხოლოდ სკოლები დახურეს და ახლა სკოლების ამუშავებასაც აპირებენ, ბიზნესი ჩვეულებრივად მუშაობს და საერთაშორისო რეისები სრულდება. გერმანიაში უკვე 250 000-ია შემოწმებული ადამიანების რაოდენობა. მე მართლა გულწრფელად მინდა ვთხოვო მთავრობას, რომ ეს სწრაფი ტესტები ჩამოვიტანოთ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.  

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი და ინფექციონისტი სერგო ჩიხლაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ კერძო ლაბორატორიებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების უფლება რაც უფრო მალე მიეცემა, მით უფრო უკეთესი იქნება. 

„კერძო ლაბორატორიებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების უფლება აუცილებლად უნდა მიეცეთ. რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო უკეთესია. ხოლო ხელმისაწვდომობა რაც უფრო მეტი იქნება, ფასიც ნაკლები გახდება. ახლა საქართველოში კერძო ლაბორატორია მხოლოდ სისხლის ანალიზით აკეთებს, რაც უფრო რთული პროცედურაა და უფრო ძვირიც ღირს. ამიტომაც, როცა კონკურენცია არაა, რა თქმა უნდა, ფასიც უფრო მეტი იქნება. ეს არის პისიარი მეთოდის ტესტები, რომელიც ლოგიკურია, რომ ძვირი ღირს. 

“თუმცა, არსებობს, ასევე სწრაფი და უფრო მარტივი ტესტებიც, რომელიც მნიშვნელოვან წილად გაცხრილავს ნეგატიურ ადამაინებს, რომლებიც ინფიცირებულები არ არიან. ეს ტესტები გაცილებით იაფი ღირს, მაგრამ  ბიუროკრატიული ბარიერების გამო მისი შემოტანა არ ხდება. 

“ორივე ტიპის ტესტები ანტიგენზზე  და ანტისხეულებზე დაფუძნებულია. აქ ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზი კეთდება და მათი ღირებულება დაბალია, მისი ფასი 9 დან 20 დოლარამდე მერყეობს. ადგილზე კიდევ უფრო იაფია“, - აცახდებს სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან“. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×