სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    14.12.2019

     უკვე რამდენიმე დღეა, რაც სოციაალურ ქსელში სავარაუდოდ, 22-24 წლის მამაკაცი 11-დან 15 წლამდე გოგონებს ყალბი „ფესბუქ“ პროფილით უკავშირდება. ის მათ თანატოლად ეცნობა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნდობის მოპოვებას ახერხებს და შემდეგ სექსუალური ხასიათისს ფოტოების გადაღებას სთხოვთ. თუკი რომელიმე ბავშვი მის ანკესს წამოეგება და ასეთი ხასიათის ფოტოებს გაუგზავნის, ამის შემდეგ მამაკაცი მოზარდების შანტაჟს იწყებს.

    „რეზონანსი“ რამდენიმე ასეთ ბავშვს გაესაუბრა, რომლებსაც მამაკაცი „ფეისბუკში“ მარი გ.-ს სახელით გაეცნო. უცნობმა მოზარდებს უთხრა, რომ ოჯახის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია და მათი  დახმარება სჭირდება. ამის შემდეგ კი გოგონებს ზედატანის ან მთლიანად ტანსაცმლის გახდას და სურათების გადაღებას სთხოვდა. 

    ბავშვები ყვებიან, რომ ის მათ ვიდეო თვალითაც ურეკავდათ, თუმცა თავად არასდროს რთავდა ვიდეოთვალს და ამბობდა, რომ კამერა გაფუჭებული აქვს. რაც შეეხება მის ხმას, მას სავარაუდოდ სპეციალური აპლიკაცია ჰქონდა დაყენებული და ბავშვებს გოგონას ხმით ესაუბრებოდა. 

    13 წლის ანა მშობლის ნებართვით გვიყვება, რომ მან აღნიშნული პროფილიდან შეტყობინება მიიღო, სადაც „გოგონა“ სწერდა, რომ ძალიან ცუდად იყო, თავის მოკვლას აპირებდა და მის დახმარება სჭირდებოდა. ანამ თანაგრძნობის მიზნით მას მისწერა და უთხრა ეს არ გაეკეთებინა. 

    ამის შემდეგ კი ისინი ერთი კვირის განმავლობაში კონტაქტობდნენ. მარი გ. ანას მისი მძიმე ცხოვრების შესახებ უამბობდა და ეუბნებოდა, რომ მშობლები მასზე ძალადობდნენ. ამის შემდეგ კი მას ფოტოების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა. უთხრა, რომ აუცილებლად შიშველი უნდა ყოფილიყო. 

    ამ ფაქტის შესახებ ბავშვმა დედას მოუყვა, რომელმაც აღნიშნულ პირთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ისინი დაბლოკა. 

    ანა ყვება, რომ მარი გ. მის მეგობარსაც ესაუბრებოდა, რომელმაც მსგავსი ხასიათის ფოტოები გაუგზავნა და მას ინტერნეტში ატვირთვით ემუქრებოდა თუ მის დავალებებს კვლავ არ შეასრულებდა. 

    ამ ამბის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა  ნანა ბერძენიშვილმა ერთი კვირის წინ გაავრცელა. ბერძენიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ფეისბუქ“ პროფილს ამოფარებული მამაკაცის მსხვერპლი, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული მოზარდი უნდა იყოს. მისი თქმით, მას 8 არასრუწლოვანი დაუკავშირდა, რომლებმაც ამ ფაქტის შესახებ აცნობეს.  

    „პირადად მე 7-8 ბავშვი დამეკონტაქტა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ როგორც მათ, ასევე მათ მეგობრებს ჰქონათ გამოცდილება, რომ ეს ადამიანი ურეკავდათ და ესაუბრებოდათ. ბევრმა დაბლოკა, თუმცა ბევრმა ბავშვა, რომლებსაც ის თანატოლი ეგონათ, ინტიმური ფოტოები მიაწოდეს. არსებობს უმრავი თინეიჯერების ჯგუფები, სადაც ბავშვები ერთმანეთს აფრთხილებენ და ამ პიროვნებაზე უყვებიან.  

    „თავიდან ასეთი ინფორმაცი გავრცელდა, რომ თითქოს ეს იყო „ლურჯი ვეშაპის“ მენტორი, რომელიც ზოგთან კონტაქტში თამაშის თხოვნით შედიოდა. თუმცა შემდეგ უფრო ბევრმა ბავშმა მომწერა და ყველა მათგანი ამბობდა, რომ ეს ადამიანი მათ გახდას და ინტიმური ხასიათის ფოტოების გადაღებას სთხოვდა. ამიტომაც ეს თამაშის ვერსია შემდეგ გამოირიცხა. 

    „ეს არის ინტერნეტით სექსუალური ხასიათის ბულინგი. ეს პიროვნება შემდეგ ბავშვების დაშანტაჟებას იწყებდა და ამ ფოტოების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვით ემუქრებოდა, თუ მის კონკრეტულ სხვა დავალებებს არ შეასრულებდნენ“, - აცხადებს ბერძენიშვილი „რეზონანსთან“.  

    მისივე თქმით, ინფორმაციის გახმაურების შემდეგ მარი გ.-ს სახელით პროფილი აღარ იძებნება. თუმცა ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ მან ახლა უკვე სხვა პროფილი გააკეთა. 

    მისივე განცხადებით, ამ ადამიანს სამიზნე ჯგუფი გამოკვეთილი ჰყავს და ის 11-დან 15 წლამდე გოგონებს ირჩევს, რომლებთან ნდობაში შესვლაც მარტივია, რადგან ჯერ ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულები არ არიან. 

    „როდესაც ის ამ ბავშვებთან საუბარს იწყებს, ასაკს ყოველთვის აზუსტებს. თუ ბავშვი 16 ან 17 წლის არის, საუბარს აღარ აგრძლებს და ასევე ბლოკავს. არასდროს თავად კამერას არ რთავს, რადგანაც ბავშვებმა რეალურად არ დაინახონ ვინ ურეკავთ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა რეგიონს და ქალაქს, მისთვის მთავარი ეს სამიზნე ჯგუფია, რომელთანაც კონტაქტს ადვილად ამყარებს“, - აცხადებს ბერძენიშვილი „რეზონანსთან“.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×