ელზა პაპოშვილი
05.12.2019

 ბავშვთა პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება- გასაღების ფაქტზე პოლიციამ კიდევ 11 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის მშობლები და სკოლის მასწავლებლები არიან. დაკავება კვლავ გორის რაიონში მოხდა. გახმაურებული საქმის სქემა 19 სექტემბერს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაშიფრეს.

მაშინაც ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ფაქტზე მხილებული 11 მოქალაქე იყო, რომელთგან 8 მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გორის შს სამმართველოს ახალსოფლის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დაკავების ღონისძიება 3 სოფელში ჩაატარეს. სამივე სოფელი გვერდიგვერდ მდებარეობს. დაკავებულები არიან და-ძმები, სიძე, დები, ყოფილი ქმარი და ა.შ.

შს-ს ცნობით, ამ სქემის გასაშიფრად ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.

ჯამში ამ ფაქტზე სექტემბერსა და დესკემბერში უწყებამ სულ 22 პირი დააკავა. განცხადება ამის შესახებ შსს-ში საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უღებდნენ, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

ასევე, დაკავებულია არასრულწლოვნების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ.

გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით.

სოფლის იდენტიფიცირებას „რეზონანსი" შეგნებულად არ ახდენს, რადგანაც საქმე არასრუწლოვნებს ეხება. დაკავებული მშობლების ახლობლები ამბობენ, რომ მათთვის დაუჯერებელია მშობლები ამ სქემაში ჩართულები ყოფილიყვნენ. მათ ასევე, აინტერესებთ, როგორ მოხვდა საქართველოში ამ სქემის შემქმნელი ამერიკის მოქალაქე. ერთ-ერთი არასრუწლოვნის ბებია „რეზონანსთან" ამბობს, რომ გამორიცხულია მისმა რძალმა და შვილმა ამ ამბის შესახებ რამე იცოდნენ.

„არასდროს არც რძალს და არც ბავშვს არაფერი უთქვამთ. პოლიციასთან ჩვეულებრივად თანამშრომლობდნენ და დაკითხული ადრეც იყო. ასე უთხრეს, რომ ისევ დაკითხვაზე მიგვყავხართო.

"ჩვენ გვაინტერესებს ასეთი ადამიანი, ეს ამერიკის მოქალაქე, რომელიც ვითომ მასწავლებელი იყო, სკოლაში რატომ მოიყვანეს. თუ ადრე ასეთი საქმის გამო ნასამართლევი იყო, მისი სკოლაში შემოშვება როგორ მოხდა? გავიგე, რომ ჩემი შვილიც და რძალიც დააკავეს. წარმოდგენა არ მაქვს რას ედავებიან", - აცხსდებს არასრუწლოვნის ბებია.

დაკავებული სკოლის მასწავლებელი კი პოლიციამ საკუთარი სამუშაო ოთახიდან აიყვანა. ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც გარკვეული ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პედაგოგთან სახლში ცხოვრობდა ამერიკის მოქალაქე, რომელიც მოზარდებს ფოტოებს უღებდა და ამ დანაშაულებრივი სქემის მთავარი შემოქმედია.

თვითმხილველები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ მას ბრალი პოლიციამ ადგილზევე წაუყენა. ამის შემდეგ კი ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებული მასწავლებლის ოჯახის წევრებს უჭირთ იმაზე საუბარი თუ ამ საქმეზე მასწავლებელს რას ედავებიან. ოჯახი ამბობს, რომ თუ კი გამოძიება ობიექტურად წარიმართება, უნდა გაირკვას, ვის ინტერესებში შედიოდა ამერიკის მოქალაქის სკოლაში მასწავლებლად შეყვანა და მთელი ამ დანაშაულებრივი სქემის გაკეთება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი წინ შვიდ დაკავებულს 19 სექტემბერს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სამი კვირით ადრე მიესაჯა წინასწარი პატიმრობა აშშ-ის ერთ და საქართველოს ორ მოქალაქეს.

როგორ აღმოჩნდნენ ინგლისური ენის პედაგოგის ობიექტივში სკოლის მოსწავლეები? როგორც ადგილობრივები ყვებიან, აშშ-ის მოქალაქე, რომელიც პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს, მათ სკოლაში დაახლოებით რვა წლის წინ, პროგრამის „ასწავლე და ისწავლეს" ფარგლებში მივიდა და სკოლაში ცხრა თვის განმავლობაში ასწავლიდა ინგლისურ ენას.

ის სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის ოჯახში ცხოვრობდა და მისთვის არასდროს შეუმჩნევიათ საეჭვო ქცევა. პედაგოგი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ხშირად უღებდა ფოტოებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, პედაგოგი საქართველოდან წავიდა და მას შემდეგ, წლებია აღარ უნახავთ. ორი წლის წინ ის კვლავ გამოჩნდა სკოლაში.

ინგლისური ენის პედაგოგთან ერთად, 29 აგვისტოს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ამავე სოფლის კიდევ ერთ მკვიდრს. ინგლისური ენის პედაგოგი სწორედ მისგან ქირაობდა თბილისში ბინას. ამავე წყაროს ცნობით, სწორედ დაკავებულ ქალს უნდა ჩაერთო პორნოგრაფიულ ქსელში კიდევ ერთი არასრულწლოვანი- საკუთარი ძმისშვილი.

ქალთან ერთად გამოძიებამ დააკავა მისი ძმა და რძალიც. ოჯახი დანაშაულებრივ ქსელში დაახლოებით ორი წლის წინ ჩაერთო. უკანასკნელ პერიოდში კი მათი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. გამოძიების ინფორდმაციით, ბოლო პერიოდში, მოზარდები უარს ამბობდნენ გადაღებებში მონაწილეობაზე, თუმცა, ისინი იძულებით მიჰყავდათ ფოტოსესიებზე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×