სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    06.11.2019

     სამხრეთ-საქართველოში, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცენტრებში, სადაც დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იყო გაშლილი, იწერებოდა საღმრთო წიგნები, იხატებოდა ფერწერული ხატები, იმკობოდა ოქრო-ვერცხლით და თვალმარგალიტით ჯვარ-ხატები;

    ამ უნიკალური ნიმუშების შემოქმედნი იყვნენ ქართველი ფერმწერნი, ოქრომჭედელნი და კალიგრაფნი. ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცენტრებს შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული იყო მე-10 საუკუნის ქართული ხუროთმომოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი ხახულის ტაძარი, სადაც დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხახულის ხატი.

    გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი, დიდი მინანქრიანი ხატი, დასვენებული იყო ხახულის ტაძრის მარცხენა ნიშაში.

    მინანქარი საქართველოში 1072 წელს ჩამოუტანია, ლოგინად ჩავარდნილი მამის სანახავად ჩამოსულ ბაგრატ მეოთხის ასულს ბიზანტიის დედოფალს მარიამს. ეს ხატი მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელს, ურჯულოთაგან დასაცავად, გელათის მონასტერში გადაუტანია.

    ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით - "ხატი ამისი არის გელათს, ყოვლადწმინდის ხატი ხახულის ღვთისმშობელი ლუკა მახარობლის დახატული, ყოვლად წმიდისა ძითვე და შემკული ძვირფასი ქვებითა აღმაშენებლისა".

    საქვეყნოდ სახელგანთქმული ხატი, რომელიც ღირსეულად შეამკო დავით აღმაშენებელმა, ხატისთვის განკუთვნილი დიდი, უძვირფასესი კრედი, დავითის ძის დემეტრე პირველის მეფობის დროს, მეთორმეტე საუკუნის 30-იან წლებში შესრულდა.

    ზუსტი ცნობებები ამ უნიკალური საოქრომჭედლო ნაწარმოების შესრულების შესახებ, კრედის ბეჭდურ წარწერაშია მოცემული, სადაც ნაქვამია, რომ მეფე დავით აღმაშენებელმა "ამდიდრა მკობად" ეს ხატი და "ქალწულს" ღვთისმშობლის ტაძარიც უძღვნა. დავითის მემკვიდრემ დემეტრემ "სამყაროს მზებრ აცისკრა" ღვთისმშობლის სახე.

    როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, სასწაულმოქმედი ხატის ტრიპტიქის ვერცხლით შეჭედილი კარების გარეთა ნაწილი, რომელიც მე-10 საუკუნის ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, ხელუხლებლად დაუტოვებიათ, ხატის დანარჩენი ნაწილი კი თავიდან მოუჭედიათ და შეუმკიათ ოქროთი, ვერცხლით, ტიხრული მინანქრით და პატიოსანი თვლებით.

    ეს იყო ხატი, რომელიც გადმოცემით მრავალგვარ სასწაულთა მოქმედი იყო, კურნავდა სნეულთ, შემწეობას უწევდა გაჭირვებულთ, მფარველობდა იმედდაკარგულთ. ხახულის ტრიპტიქი 1952 წლიდან დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და გამოფენილია მუდმივ უნიკალურ ექსპოზიციაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×