სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    02.11.2019

     რამდენიმე დღის წინ ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის დროს შატბერდის მონასტრის ტერიტორიაზე უძველესი წარწერებიანი ქვა აღმოაჩინეს. მკვლევართა აზრით, წარწერა მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება.

    დაწერილია ასომთავრულით და ეს არის ერთადერთი შემორჩენილი წარწერიანი არტეფაქტი შატბერდის მონასტრიდან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

    მეცნიერთა აზრით, არსებოდა კიდევ ერთი წარწერა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ფლობდა ექვთიმე თაყაიშვილი, მაგრამ არტეფაქტი დაკარგულად მიიჩნევა.

    შატბერდის მონასტერი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, არტანუჯის ახლოს, იმ ადგილას, სადაც მდინარე იმერხევი ჭოროხს ერთვის, მონასტერი ბაგრატ კურაპალატის მიერ აიგო 836 წელს და საქართველოს სინად წოდებულ კლარჯეთის "თორმეტ უბანთა შორის" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია.

    "როდესაც აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა, შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილად აგარაკად ხანძთისა და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლთა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი" - მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.

    მონასტრის შესახებ ცნობებს, რომელსაც იძლევა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", თხზულებაში აღნიშნულია ისიც, რომ აშოტ კურაპალატის ძეს, ბაგრატ კურაპალატს გაუღია "ყოველივე საიმარი საშინებლად" შატბერდისა. შატბერდი მაშინვე იქცა კლარჯეთის სამწიგნობრო-ლიტერატურულ კერებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად, რომელსაც "დიდებული ლავრა" ეწოდა.

    გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებული შატბერდის სავანეში მოღვაწეობდა მრავალი ქართველი მწიგნობარი, სოფრონ შატბერდელი, იოანე ბერაია, გრიგოლ ვაჩეძორელი, სტეფანე შატბერდელი, იოანე-ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, დავით ჯიბისძე, გიორგი მთაწმინდელი. შატბერდში დაიწერა "შატბერდის კრებული".

    გიორგი მერჩულის ცნობით, სოფრონ შატბერდელი იყო "შატბერდისა ეკლესიისა განახლებით აღმაშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი".

    სოფრონ შატბერდელი მოღვაწეობდა მე-9 მე-10 საუკუნეების მიჯნაზე - 897 წელს სწორედ მან დაუკვეთა ქართულ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი ადრეული პერიოდის ოთხთავი, რომელიც ოდიშის სახარების სახელით არის ცნობილი.

    სახელწოდება სვანეთის სოფელ ოდიშში დაცულობის გამო მიუღია. ოდიშის ოთხთავი, ამჟამად ინახება სვანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ხელნაწერი კლარჯეთიდან ნიკოლაოზ ჯუმათელმა ჩამოიტანა.

    მე-10 საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწე გაბრიელ შატბერდელს, გრიგოლ მირდატის ძის დაკვეთით გადაუწერია ჯრუჭის სახერება 936 წელს, რომელიც 940 წელს მოუხატავს თეოდორე კამარათმწერალს. ჯრუჭის ოთხთავი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და იგი სახარების კლასიკურად გაფორმების პირველ ნიმუშს წარმოადგენს.

    შატბერდში მოღვაწე იოანე ბერაიას კალამს ეკუთვნის ორი მნიშვნელოვანი ხელნაწერი: პარხალის ოთხთავი, რომელიც 973 წელს გადაუწერია და შეუწირავს ახლად აგებული პარხალის ეკლესიისთვის. იოანე ბერაიას გადაუწერია ასევე 973-976 წლებით დათარიღებული შატბერდის კრებული, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიცავს ფილოსოფიურ, საისტორიო, დოგმატურ- პოლემიკურ თხზულებას. როგორც მეცნიერები ამბობენ, სწორედ ამ კრებულით მოაღწია არქაულმა ტექსტმა ქართველთა გაქრისტიანების შესხებ "მოქცევაი ქართლისაი".

    მე-11 საუკუნის პირველ ნახევარში შატბერდში მოღვაწე დავით და იოანე ჯიბისძეებს, რომლებიც მოგვიანებით შავ მთაზე გადასულან, სადაც სამწიგნობრო საქმიანობა გააგრძელეს, ეზრა მამამთავრის ბრძანებით 1035 წელს გადაუწერიათ ექვთიმე ათონელის თარგმანი "ფსალმუნთა განმარტება", რომელსაც მოსდევს სხვა "განმარტებაი ფსალმუნთა".

    შატბერდში მოღვაწეობდა ქართული მწიგნობრობის თვალსაჩინო წარმომადგენელი გიორგი მთაწმინდელი, რომელიც 11 საუკუნეში საქართველოში ეკლესიის გაჯანსაღების მიზნით ბაგრატ მეოთხემ მოიწვია.

    ამ პერიოდში გადაიწერა ბასილ დიდისა და გრიგოლ ნოსელის შრომები, გრიგოლ ვაჩეძორელის მიერ. შატბერდის მოღვაწის სტეფანეს სახელი კი იხსენიება ვანის ოთხთავში, რომლის გადაწერილი სახარება დედნად იოვანე რომანაელს გამოუყენებია.

    შატბერდის სავანე მე-12 მე-13 საუკუნეებშიც ინარჩუნებდა ძველ დიდებას, მაგრამ ჟამთა სიავის გამო ტაო-კლარჯეთსა და კოლა-არტაანში რელიგიურ- კულტურული ცხოვრება კნინდება.

    მე-16 საუკუნიდან ეს მხარეები ოსმალთა შემადგენლობაში შევიდა. დღეს შატბერდის ტაძარი პარქტიკულად განადგურებულია და მხოლოდ მისი ნანგრევებია შემიორჩენილი.

    როგორც აკადემიკოსი ნიკო მარი წერს, შატბერდმა ნიადაგი მოამზადა საქართველოს დასავლეთთან, ბიზანტიასთან დაასაახლოებლად და ამავდროულად ინარჩუნებდა ძველ კავშირებს აღმოსავლეთთან.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×