სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    23.10.2019

     როგორც ისტორიკოსები ამბობენ, 1924 წლის აჯანაყება იყო ყველაზე მასშტაბური ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად და ყველაზე მასშტაბური საყოველთაო სახალხო შეიარაღებული გამოსვლა ბოლშევიკების წინააღმდეგ. რა მოვლენები უსწრებდა წინ აჯანყებას და როგორ დაიწყო მზადება ბრძოლისთვის, ამის შეხსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ, თუმცა რამდენიმე მოგონებას შევთავაზებთ 1924 წლის აჯანყების მეთაურის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საბრძოლო ისტორიიდან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდი პარტიზანულ რაზმს ხელმძღვანელობდა.

    ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი, 1659 წლის აჯანყების მეთაურის ბიძინა ჩოლოყაშვილის შთამომავალი, სამხედრო პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი იყო. ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ, სამხედრო სამსახური დაიწყო ტვერის დრაგუნთა პოლკში, სადაც ოფიცრის წოდება მიიღო. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ავსტრია-უნგრეთის ფრონტზე, შემდეგ კავკასიის ფრონტზე. თავი გამოიჩინა სირაყამიშის ბრძოლებში, იცავდა ციხესიმაგრე "არწივის ბუდეს", რისთვისაც ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. ამ წლებში ჩამოაყალიბა ქართული კავალერია. კოალიციური მთავრობის დროს იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

    1921 წლის 17 მარტს, როდესაც ბათუმის ნავსადგურიდან ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოში დარჩა და 1922 წლიდან თანამოაზრეებთან ერთად ყიზიყის ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებდა. რაზმის წევრებმა ერთმანეთს შეჰფიცეს რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. რაზმს "შეფიცულები" ეწოდა. ლოკალური ბრძოლები ჯერ კიდევ 1922 წლის ივნისში დაიწყო. 1923 წელს ჩოლოყაშვილის რაზმი რამდენჯერმე დაესხა თავს წითელ არმიას. 1924 წლის აჯანყებაში კი აქტიურად ჩაება. 600-მდე კაცი მოაგროვა. 29 აგვისტოს მისმა მცირერიცხოვანმა რაზმმა მოახერხა და აიღო მანგლისი, მაგრამ შეტევა იქ განლაგებულ სამხედრო ყაზარმებზე უშედეგოდ დასრულდა. ქაქუცა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გადადის, დალაშქრა დუშეთი, თუმცა მალევე დატოვა, რადგან დახმარება ვერ მიიღო.

    3 სექტემბერს კვლავ მიიტანა იერიში წითელი არმიის ნაწილზე. 6 სექტემბერს კახეთში თავს დაესხა ბოლშევიკებს. რამდენიმე დღე უტრიალა თბილისს, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ ბრძოლის გაგრძელება უშედეგო იყო, 26 შეფიცულთან ერთად დატოვა საქართველო, ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში გადაიხვეწა. ასე დაიწყო იძულებითი ემიგრაცია, თუცმა დიდხანს არ გასტანა, 1930 წლის ივნისში პარიზში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. საქართველოში დარჩენილი მისი მეუღლე და ორი მცირე წლოვანი ქალიშვილი ბოლშევიკებმა გადაასახლეს.

    "შეფიცულთა რაზმის" ერთ-ერთი წევრი ალექსანდრე სულხანიშვილი თავის მოგონებებში ამ ამბებს ასე იხსენებს:

    "ჩემი მოგონებები აგებულია ცოცხალ ფაქტებზე, ყველაფერი რაც მე მინახავს, რისი მომსწრეც ვიყავი პირველი დღიდან ბოლომდის. როცა ხმა გავარდა ქაქუცა პარტიზანულ რაზმს აყალიბებესო, სადაც კი შეუთვალა დახმარებისთვის, ყველა ერთ კვირაში დადგა ფეხზედ. სიხარულით გვხმარებოდნენ და არ ზოგავდნენ, თუკი სადმე რამე გააჩნდათ. დალოცვილმა კახეთმა, თუმცა ომიანობით შეჭირვებულმა, მაინც ძველებურად გაგვიღო სული და გული. ხალხი დიდი სიხარულით გვაძლევდა ყველაფერს და შემოგვხაროდა. ყველა სოფელში იყვნენ დანიშნულები ათისთავები და ასისთავები.

    ერთ-ერთი ცოცხალი მომწმე ვიყავი იმისაც, თუ როგორ შეიპყრო ილია ჭავჭავაძის მკვლევლი გიგლა ბერბიჭაშვილი 1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა და რა ჩვენება მისცა მან წიწამურის ტრაგედიის ბნელით მოცულ საიდუმლოებას. ილიას მკვლელობის გამოძიებას ძალიან ხელს უშლიდა მაშინ ერთი ნაწილი ჩვენი მთავრობისა, ნამეტნავად სოციალ-დემოკრატიული პარტია, მაგრამ ყველაზე მეტ სისაძაგლეს სწერდა და ქადაგებდა უკვე მკვდარი ილიას მიმართ ფილიპე მახარძის ბანდა. როდესაც ხელში ჩაგვივარდა ილიას მკვლევლი ბერბიჭაშვილი 1923 წელს საგურამოს რაიონში, მანამ ქაქუცასთან მოიყვანდნენ შეფიცულები, ყველას მისი გაგლეჯვა უნდოდა, მაგრამ ქაქუცამ განარიდა და ცალკე წაიყვანა დასაკითხად. როგორც ქაქუცამ გვითხრა, ბერბიჭაშვილი მთლად კანკალებდა დაკითხვის დროსო. ბერბიჭაშვილის დაკითხვა ქაქუცამ მხოლოდ ელიზბარ ვაჩნაძეს და მე მოგვიყვა. აი, ისიც:

    ქაქუცა: ვინ დაგავალა ილიას მკვლელობა ან რა მიზეზით.

    ბერბიჭაშვილი: ასე მეუბნებოდნენ, ილია თავადია და გლეხების მტერიაო, მდიდარია და ფაეტონით დასეირნობსო.

    ქაქუცა: რატომ პასუხს არ მაძლევ. თუ სიმართლეს არ იტყვი, ხომ დაინახე შეფიცულები ცოცხალს არ გაგიშვებენ. ვინ გითხრა, თქვი სინამდვილე!

    ბერბიჭაშვილი: თითონ მახარაძემაო.

    ქაქუცა: რას დაგპირდა მახარაძე ილიას მოკვლისთვის

    ბერბიჭაშვილი: მახარაძემ მითხრა, ამას თუ გააკეთებ შენ დიდი კაცი იქნებიო და პენსია გექნება მთელი შენი სისცოცხლეო.

    ქაქუცა: მოლაპარკებაში ფული არ მოგცა მახარაძემ?

    ბერბიჭაშვილი: ასე მითხრა ფილიპემ, აი ჯერჯერობით სამი თუმანი სახარჯოთაო, მერე სხვა იქნებაო.

    ქაქუცა: ვინ გაგაგებინათ, როდის გამოივლიდა ილია წიწამურში?

    ბერბიჭაშვილი: თითონ ილიას კუჩერმაო.

    დიდი დაკითხვის შემდეგ ქაქუცამ ბერბიჭაშვილი გაუშვა იმ მოსაზრებით, რომ გავიმარჯვებდით, საჯაროდ გველაპარაკებინა.

    1924 წლის სექტემბერში შეფიცულთა რაზმის წევრების ნაწილმა ქაქუცასთან ერთად დავტოვეთ საქართველო და თურქეთის სასაზღვრო სოფელ ზურზურში გადავედით, გავაკეთეთ თეთრი ბაირაღები. შემდეგ ართვინში ჩავედით, ფული ყველას ერთად მხოლოდ 5 ჩერვონეცი გვქონდა. იქ ადგილობრივი ქართველის სასტუმროში გავჩერდით, სადაც ორი კვირა დავყავით. მერე ხოფაში ჩავედით, მერე რიზეში, შემდეგ ტრაბზონში, ბოლოს კი სტამბულში, რათა იქიდან გემით საფრანგეთში, მარსელში გავმგზავრებულიყავით. სტამბულში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი დაგვხვდა. სოციალ-დემოკრატები ბევრს ეცადნენ, რომ შეფიცულები არ შეეშვათ საფრანგეთში, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ძალიან უნდოდათ ქაქუცას მარტო ჩაყვანა პარიჟში, ეგონათ უფრო ადვილად დაიმორჩილებდნენ.

    სტამბულიდან მარსელში ბერძნული გემით "პროპონტოსით" გავემგზავრეთ. მგზავრობას 5-6 დღე დასჭირდა. მარსელის ნავსადგურში პარიზში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, ქაქუცას უახლოესი მეგობარი თენგიზ დადეშქელიანი დახვდა. პარიზში ჩასვლის შემდეგ შეფიცულები ლა მანშის სრუტის მახლობლად მდებარე "დიორის" სასუქის დამამზადებელ ქარხანაში წაგვიყვანეს. საშინელი ცუდი სამუშაო იყო, ტომრები უნდა გადმოგვეტვირთა, რომელიც მთლიანად ზეთიანი იყო. აქ ვმუშაობდით 20 კაცზე მეტი, ყველა ერთ პანსიონში ვცხოვრობდით, ჩვენი ხელფასი იყო თორმეტი ფრანკი დღეში. ცოტა ხანში ქაქუცამ გაიცნო პოლკოვნიკი კოკე, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავდა და სთხოვა დახმარება აღმოეჩინა შეფიცულებისთვის სამსახურის მოძიების საქმეში. პოლკოვნიკმა კოკემ ქაქუცას თხოვნა გულთან ახლოს მიიტანა და მას თავისი მეგობარი საავტომობილო ქარხნის მეპატრონე პეჟო გააცნო. პეჟომ ქაქუცა დიდი პატივით მიიღო და დაჰპირდა შეფიცულების მოწყობას თავის ქარხანაში, რომელიც ქალაქ ოდენფორმში მდებარეობდა. პეჟოსთვის წარსადგენ სიას თავად ქაქუცა ადგენდა; დაახლოებით 50 ქართველმა საკმაოდ კარგი სამუშაო მიიღო.

    ქაქუცას არ უნდოდა შეფიცულების დაფანტვა და პარიზის მახლობლად, ვეროფლეიში იქირავა სახლი, ყველა შეფიცული ჩამოიყვანა და ერთად დაასახლა. მშვენიერი სახლი იყო დიდი პარკის გვერდით, კარგა მოზრდილი ეზოთი. თითქმის ყველა შაბათ-კვირას მოდიოდნენ ჩვენთან ახალგაზრდობა პარიზიდან, იყო სიმღერა, ცეკვა და ამბის თხრობა ჩვენი ცხოვრებიდან" - წერს თავის მოგონებებში ალექსანდრე სულხანიშვილი, რომელმაც 66 წლის მანძილზე, უცხო მიწაზე, ქაქუცას დროშა უბით ატარა და 94 წლის ასაკში, სან-ფრანცისკოდან საქართველოში ჩამოიტანა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×