სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    17.10.2019

     ღვინის კულტი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულში არსებობდა. ნაყოფიერმა მიწამ და ქართველი კაცის დაუღალავმა შრომამ ქართული ღვინის 500-მდე პირველყოფილი სახეობა შემოგვინახა.

    ვაზის ზეიმი კი უძველესი დროიდან დღესასწაული იყო და ეს ისტორიულადაც დასტურდება. ახლაც საქართველოში ღვინობისთვეა, რთველია გაჩაღებული და მკითხველს გვინდა შევთავაზოთ "ქართული რთველი" - ივანე ჯვახიშივლის ნარკვევიდან.

    "რთველს ძველად სთველი ერქვა, ხილული ნაყოფის მოკრეფის პროცესს მაშინ ორი განსხვავებული სიტყვით აღნიშნავდნენ - მოსთვლა და მოწილვა. პირველმა სახე იცვალა და შემორჩა, ხოლო მეორე თითქმის უკვალოდ გაქრა.

    ჯერ კიდევ მოსაკრეფ ვენახს ძველად სასთულებს ეძახდნენ. ამ სიტყვის არქაული კეთილხმოვანება, ჩემი აზრით, ღვინისადმი, როგორც რეალური სითხისადმი, მოწიწებას ამჟღავნებს.

    ყურძნის კრეფის დრო ჯიშზე და ამინდზეა დამოკიდებული. ისე კი, ჩვეულებრივ, ადრინდელ საქართველოში ყურძენს ოქტომბერში კრეფდნენ და წურავდნენ. ამაზე მეტყველებს ამ თვის ორი სახელწოდება - სთეულის თვე და ღვინობისთვე.

    ვენახის და ღვინის თვისებებს მემარნე სინჯავდა. ვახტანგ მეექვსის დასტურლამაში ნათქვამია, რომ "მემარნემ მოიწონოს და ირჩიოს და მოინდომოს".

    ყურძნის კრეფას თავისი დათქმული დრო ჰქონდა და დიდხანს არ უნდა გაგარძელებულიყო. ერთი და ორი კაცი ამ შრომატევად საქმეს ვერ აუდიოდა. მეზვრესა და მეთველეს გარდა ამ საქმეში საკმარისი რაოდენობის ხალხი იყო ჩაბმული.

    მტევანს ან ხელით წყვეტდნენ ან დანით ჭრიდნენ და ფაქიზად აწყობენ მოცულობით დიდსა თუ მცირე ჩასაწყობში. ყურძენს ჯერ კალათაში აწყობდნენ, კალათა რომ გაივსებოდა გოდორს მოიკითხავდნენ.

    სულახან-საბა განგვიმარტავს, კალათა მცირე გოდორიაო. იმერეთში გოდრის მაგივრობას გიდელი სწევდა. გიდელს გურიაში და სამეგრელოშიც იყენებდნენ. ხეზე ასული კაცი გიდელს გაავსებდა, ნახვრეტში თოკს გაუყრიდა, ქვემოთ ჩამოუშვებდა და ჩასძახებდა "ა გიდელიო".

    ვის არ მოუსმენია გურული ფლოკრლორის მშვენება შესანიშნავი სიმღერა - "ა გიდელი". ამ სიმღერაში რიტუალურ მოთმინებასთან ერთად გლეხკაცის უტეხობა გამოსჭვივის. ეს თავისებური შრომის ჰიმნია, რომელსაც სიხარული და ახალქმნის ენთუზიაზმი ახლავს.

    და აი დადგა ჟამი წნეხვისა! სიტყვა "წნეხვა" მაშინ გაჩნდა, როცა ერთად დაგროვილი ყურძნის ჭყლეტას და დაწურვას მიჰყვეს ხელი. საწნეხელი ანუ საწნახელი, ქართლ-კახეთში მოგრძო ოთხკუთხა ქვითკირისგან გაკეთებული აუზია. მისი ფსკერი ერთ მხარესაა დაქანებული და ბოლოში დაწურული ყურძნის წვენის გამოსასვლელად ღარი აქვს გაკეთებული.

    საწნახელს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელი ჰქვია: ქართლ-კახეთში მას ნავსაც უწოდებენ, იმერეთში, ონჯარი, რაჭაში - ხორგო და ჩაჭრილა, გურია- სამეგრელოში ოჭინახი, ჯირაქვა და ჯეროკი. ყურძნის დაწურვას თავისებური წესები აქვს. მწურავი ცდილობს ჭაჭა და კლერტი საწნახელში დარჩეს, წვენი კი ღარში ჩაედინოს.

    მე-19 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში კახეთში ამ მიზნით "საწნახელის ლატანს" იყენებდნენ. ამ ლატანს, თუ ლასტს, ერქვა ტოპკირი. ტოპკირი საცერის მსგავსი მოწყობილობა იყო.

    ყველა კუთხეში ყურძნის წურვის თავისებური გამოცდილება არსებობდა. ვთქვათ, რაჭაში იყენებდნენ ჭახრაკს, რომელსაც არც რაჭული წბერი ჩამუვარდებოდა. უძველესი საწნეხი იყო საქაჩავი, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოსა და იმერეთში ხმარობდნენ. არსებობდა კიდევ ხარხინი, იგივე ხარხიმი.

    ყურძნის წვენს არწყვაც სჭირდებოდა. გარკვეული ტევადობის საწყაო. ამიტომ, ძველად, საქართველოში საწნახელი არა მხოლოდ დასაწნეხ მოწყობილობად მოიაზრებოდა, არამედ საზომის ერთეულადაც იყო ნავარაუდევი.

    ყურძნის წვენის ოდენობა ყოველთვის მკაცრად იყო განსაზღვრული. გარკვეული დროის განმავლობაში ღვინის ესა თუ ის მარაგი უნდა ჰყოფნოდა ოჯახს. სხვა საწყაოს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო კოკა და ჩაფი. დასტურამალის მიხედვით, შულავერის მოურავს ყოველწლიურად საწნახელიდან ერთი კოკა ტკბილი ერგებოდა. ნაცვალს- ორი ჩაფი უნდა ხვდომოდა წილად. ღვინის საზომი ერთეული იყო აგრეთვე ბათმანი, თუნგი.

    ქვევრის ტევადობა კოკათა რაოდენობით განისაზღვრებოდა. ვქთვათ, გურიაში ძალზედ დიდ ჭურებს ამზადებდნენ, თითოეული მათგანი 200-300 კოკიანი ყოფილა. გურიაშიც და სამგერელოშიც ჭურ- ქვევრების თავი ისეთი ვიწრო იყო, რომ მრეცხავი შიგ ვერ ჩადიოდა და სარეცხს ხმარობდა.

    აბა ის ქვევრი რა ქვევრი იყო, რომელსაც თავის სახურავი არ ჰქონდა. ქვევრის სახურავს სარქველი ჰქვია. სარქველს ჩვეულებრივ ქვისას აკეთებდნენ. იმერეთში ხისგან გაკეთებული სახურავი იყო გავრცელებული. გურიაში სარქველს როგო ერქვა - ორშიმო! ვის არ სმენია ეს კეთილხმოვანი, სასიამოვნო ასოციაციების აღმძვრელი სიტყვა! ორშიმოს ქვევრში ჩაჰყოფდნენ და ფრთხილად იღებდნენ ღვთაებრივ სითხეს!

    ყურძნის დაკრეფა და დაწურვა არა მხოლოდ შრომა იყო, არამედ სრულიად განსაკუთრებული რიტუალი. კრეფას განუმეორებელი სიმღერები ახლდა. წურვა კი თვითონ იყო საკვირველი "ქორეოგრაფია". საწნახელში ჩამდგარი ხელიხელგადახვეულ ჭაბუკთა მოძრაობის რიტმი სიცოცხლის მარადიულობას განასახიერებდა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×