სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    05.10.2019

     რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ორენბურგის ციხიდან მოსკოვში გადაიყვანეს და უახლოეს დღეებში გადაწყდება რა ელის მას - საქართველოში დეპორტაცია, თუ ესპანეთში ექსტრადირება. რუსული მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ალბათობით ონიანს სწორედ საქართველოში გამოუშვებენ, საიდანაც იგი, სავარაუდოდ, თურქეთში გაეგზავრება, სადაც „ქურდის" სტატუსის სრულმასშტაბიანი აღდგენის საკითხის განსახილველად ბოლო წლების ერთ-ერთ უდიდესი „ქურდულ შეკრებაა" დანიშნული.

    დაპატიმრებული „კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი, იგივე „ტარო", ორენბურგიდან მოსკოვში გადაიყვანეს. ახლა საუბარია იმაზე, დააკმაყოფილებენ თუ არა ესპანეთის მოთხოვნას, რომელიც მის ექსტრადირებას ითხოვს, თუ დეპორტაციით საქართველოში გადმოგზავნიან, საიდანაც ის თურქეთში, თავის „კოლეგებთან", „ქურდული სამყაროს სხვა გენერლებთან" ერთად საკუთარი „ქურდული" სტატუსის აღდგენაზე და ნომერ „პირველი ქურდის" წოდების მიღების საკითხზე იმსჯელებს.

    ტარიელ ონიანი, რომელიც ადამიანის გატაცებისა და გამოსასყიდის მოთხოვნისთვის 2010 წელს დააკავეს და 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2019 წლის 9 აპრილს უნდა გამოსულიყო ციხიდან, მაგრამ იგი ესპანელი სამართალდამცავების მიმართვის გამო პატიმრობაში დატოვეს. ესპანეთში ონიანს ფულის გათეთრებისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბების ბრადებით უპირებენ გასამართლებას და ქვეყნის ხელისუფლება რუსეთისგან მის გადაცემას ითხოვს.

    ორენბურგის სასამართლომ ონიამს პატიმრობის ვადა 2019 წლის 8 ოქტომბრამდე გაუგრძელა. შესაბამისად, რუსმა სამართალდამცავებმა გადაწყვეტილება სწორედ 8 ოქტომბრამდე უნდა მიიღონ.

    რუსულისაინფორმაციო სააგენტო „როსბალტის" წყაროს ცნობით, რომელიც დაახლოებულია ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან, ონიანთან დაკავშირებით სამი გეგმა არსებობს. პირველი ვარიანტით შეიძლება მოხდეს მისი ესპანეთში ექსტრადირება; მეორე ვარიანტით, შეიძლება იგი „კანონიერი ქურდის" წოდების გამო გაასამართლონ (საქართველოს მიბაძვით, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა); მესამე ვარიანტის თანამხმად კი შესაძლოა ონიანი არალეგალ მიგრანტად გამოაცხადონ და საქართველოში მისი დეპორტაცია მოახდინონ. შეგახსენებთ, რომ 9 წლის წინ მას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

    „როსბალტის" წყაროს ცნობით, ონიანისთვის ყველაზე ხელსაყრელი მესამე ვარიანტია და საქმესაც ისეთი პირი უცანს, რომ ონიანს მომავალ კვირაში დეპორტაციით საქართველოში გამოუშვებენ.

    ეს რომ სწორედ ასე მოხდება, ეს ონიანის მხარდამჭერი კრიმინალური ავტორიტეტების მოქმედებიდანაც ჩანს. რუსული მედიის ცნობით, თურქეთში სწორედ ონიანის მოთხოვნითა და ხელმძღვანელობით უკვე დაგეგმილია ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „ქურდული შეკრება" და ონიანი სამშობლოშ დეპორტაციის შემდეგ სწორედ თურქეთში გეგმავს გადასვლას, სადაც უკვე მობილიზებული არიან მომავალი შეკრების მონაწილე „ქურდები".

    ამ შეკრების დღის წესრიგიც საკმაოდ მნიშვნელოვანია - ონიანის სტატუსი. საქმე ისაა, რომ 2009 წელს, იმ დროისათვის რუსეთის „N1 ქურდისა" ონიანის მთავარი ოპონენტის, ასლან უსოიანის („დედ ჰასანი") მიერ ორგანიზებულ „ქურდულ შეკრებაზე" ონიანს „ქურდის" სტატუსი ჩამოართვეს და შესაბამის „შეტყობინებას" რამდენიმე ათეული კრიმინალური ავტორიტეტი აწერს ხელს. სანამ ისინი გადაწყვეტილებას არ შეიცვლიან, ონიანის „ქურდობა" ეჭვსქვეშაა.

    ეს 2015 წელს ერევანში გამართულ მასშტაბურ „ქურდულ შეკრებაზე" დაისვა, რომელსაც „კანონიერმა ქურდი" ზაქარია კალაშოვი (შაქრო მალადოი) ხელმძღვანელობდა. კალაშოვის წინადადებით, კრიმინალური ავტორიტეტები შეთანხმდნენ დალოდებოდნენ პატიმრობიდან ონიანის გათავისუფლებას და უშუალოდ მასთან ერთად თავიდან განეხილათ ეს საკითხი შეკრებაზე, სადაც ყველას შეეძლებოდა პრეტენზიების წაყენება და კითხვების დასმა ონიანისთვის და მისგან განმარტებების მიღება.

    თურქეთშიც ამჟამად სწორედ ეს შეხვედრაა დაგეგმილი, თუმცა კალაშოვი მას ვერ დაესწრება, რადგან პატიმრობაშია და სავარაუდოდ, 2026 წლამდე ვერ გამოვა ციხიდან. ამიტომაც შეკრების ორგანიზებას თავად ონიანი ახდენს.

    „როსბალტის" წყაროს ცნობით, ონიანი თავის მოწინააღმდეგეებთან სერიოზულ ბრძოლას არ აპირებს და მათ ასარჩევად ორ ვარიანტს შეთავაზაებს: მათ შეუძლიათ განაცხადონ, რომ ონიანისთვის „ქურდის" სტატუსის ჩამორთმევაში მონაწილეობა არ მიუღიათ და შესაბამის „შეტყობინებასაც" მათი თანხმობის გარეშე მოაწერეს ხელი, ან საჯაროდ აღიარონ, შეცდომაში აღმოჩნდნენ შეყვანილი და ბოდიში მოიხადონ უსოიანის მოთხოვნის მხარდაჭერისთვის.

    აღსანიშნავია, რომ კრიმინალურ სამყაროში ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს. მაგალითად, თავის დროზე თავად ონიანმაც მოაწყო, „ქურდული შეკრება" უსოიანის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეებმაც უსოიანს „ქურდის" სტატუსი ჩამოართვეს, თუმცა, შემდეგ იგივე „ქურდებმა" უკვე უსოიანის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე საჯაროდ მოიხადეს ბოდიში ამ გადაწყვეტილების გამო.

    რუსული მედიის ცნობით, თუკი თურქეთის შეკრებაზე „ონიანი" მიზანს მიაღწევს, იგი კრიმინალური სამყაროს მთავარი ლიდერი და „ქურდი N1" გახდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×