სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    01.10.2019

     თბილისში 56 წლის მამაკაცს ქორწინების იძულების ბრალდებით ასამართლებენ და იურისტთა ცნობით, ეს ქართულ მართლმსაჯულებაში შესაბამისი მუხლის პრაქტიკული გამოყენების პირველი შემთხვევაა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული მსახიობ ეკა ჩხეიძეს მასთან დაქორწინებას სთხოვდა და უარის შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

    ეკა ჩხეიძის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. როგორც ბრალდების მხარე აღნიშნავს, მსახიობს 56 წლის მამაკაცი 2 წლის განმავლობაში სახლთან და სამსახურთან პერიოდულად სტუმრობდა და აიძულებდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

    „ქორწინების იძულების მუხლი 2014 წელს დაემატა, 2016 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ 2015 წლის მდგომარეობით ამ მუხლით დევნა არ ყოფილა, სავარაუდოდ არც შემდგომ ანგარიშში არაა იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ იძებნება.

    „საქართველოში ასეთი შემთხვევები ბევრჯერ ყოფილა, უბრალოდ, სასამართლო პრაქტიკა არის თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური სტატისტიკა არ იძებნება. შესაძლოა ყოფილა, მაგრამ სასამართლოს თავის ვებ გვერდზე აღრიცხული არ აქვს. შეიძლება პოლიციის სტატისტიკაში იყოს. ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია, რომ სისხლის სამართლის საქმე ყოფილიყოს ქორწინების იძულების ბრალდებით", - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი კახა წიქარიშვილი.

    იგი ასევე განმარტავს კონკრეტული მუხლის შინაარსს და მასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს.

    „1999 წლის ძველ კოდექსში იყო მუხლი „ქალის მოტაცება ქორწინების იძულების მიზნით", მაგრამ შემდეგ ეს მუხლი გაუქმდა და ეს დღეს ჩვეულებრივ თავისუფლების აღკვეთად კვალიფიცირდება. რაც შეეხება იძულების მუხლს, იძულება ნიშნავს არა მხოლოდ, მაგალითად, მკვლელობის მუქარით ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, არამედ იძულება შეიძლება მოხდეს მაგალითად, სახელის გატეხვის მუქარით, ასევე იძულება ცემის მუქარით. ასე რომ, ეს უფრო ფართო მუხლია, ვიდრე ადრე იყო. თუმცა ეს პრაქტიკაში მე არ მსმენია და ჯერჯერობით სტატისტიკაც არ იძებნება.

    „ეს დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე, ასევე არის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაც.

    „როგორც კი მოხდება ადამიანის ქორწინებაზე მუქარა, რომ მაგალითად „ცოლად გამომყევი..." და ამის შემდეგ როგორც კი ადამიანზე ვრცელდება მუქარა, დანაშაული იურიდიულად მაშინვე დამთავრებულად ითვლება. არ არის აუცილებელი, რომ ქორწინება შედგეს", - განაცხადა იურისტმა.

    ცნობისათვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. მომდევნო სასამართლო სხდომა კი 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×