სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    28.08.2019

     უდიდეს თორმეტ დღესასწაულს შორის სამი - ღვითსმშობლის შობა, მიძინება და ყოვლაწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანა, ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი. უცნობია როდიდან დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღე, მაგრამ მართლმადიდებელი სამაყარო მარიამობას, 28 აგვისტოს აღნიშნავს.

    გადმოცემის თანახმად, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა, იოანე ღვთისმეტყველის სახლში, მოციქულებთან ერთად და მათ უყვებოდა ძე ღვთის შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა.

    ღვთისმშობლის სანახავად და მისი მადლმოსილი სიტყვების მოსასმენად სხვა ქვეყნებიდანც მოდიოდნენ. როცა ჰეროდე მეფემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, 43 წელს, ყოვლაწმინდა მარიამი ღვთისმეტყველ იოანესთან ერთად ეფესს მიაშურა, იყო კვიპროსზეც, მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან.

    ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმინდა მიწაზე და კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა. ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა და გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა -

    "გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩვენი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქნა. ამიერიდან დაუტოვებ სოფელსა, ნეტარო და ზეცას ახვალ".

    ამის დასტურად სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი ძალით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ.

    ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ ცნობამ და მიცვალებისთვის მზადება დაიწყო. მოციქულები ამ დროს იერუსალიმში იყვნენ.

    მარიამს სურდა ამ სოფლიდან გასვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა. საქადაგებლად წასული მოციქულები შეიკრიბნენ, მთელი ღამე ლოცვაში გაატარეს და პარასკევს დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს.

    მოციქულებმა ღვთისმშობლი აკლდამაში დაკრძალეს. ამ პროცესს არ ესწრებოდა თომა მოციქული. ღვთისმშოიბლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოციქულებმა ქვაბულის დიდი ლოდი გადააგორეს და ნახეს, რომ ღვთისმშობელი იქ აღარ იყო.

    უფალმა ის ხორცით ზეცაში აღამაღლა. სხვა წყაროს ცნობით, ყოვლაწმინდა მარიამი მოციქულებს გამოეცხადა, როცა ისინი შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობლემა მათ ასე მიმართა "გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა".

    მარიამობას საქართველოში განსაკუთრებულად ზეიმობდნენ, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

    სამეგრელოში-მარიამობას მარაშნას ეძახდნენ. ეს დღე მიცვალებულთა მოხსენიების დღეც იყო. ახალი მიცვალებულის პატრონები ამ დღემდე ახალ ხილს ეზოში არ მოწყვეტდნენ. თუ მარხვას დაემთხვეოდა მარიამობა, სტუმრებს თევზით უმასპინძლდებოდნენ. მეორე დღეს კი ლხინს ხორცით აგრძელებდნენ. მარიამობის წინა ღამეს სამეგრელოში ჭიაკოკონობაც იმართებოდა.

    გურიაში ამ დღეს ჩიტმარიობასაც ეძახდნენ. ხალხი ტაძარში მიდიოდა მოსალოცად. მერე კი სახლში სუფრა იშლებოდა.

    კახეთში, მარიამობას აწყურის წმინდა გიორგის ეკლესიაში აღნიშნავდნენ. მლოცველები აქ მთელი კახეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან და ქართლიდან მოდიოდნენ.

    ეკლესიას მლოცველები მარჯვნიდან მარცხნივ სამჯერ შემოუვლიდნენ. წინ მიდიოდნენ ქალები, მათ მამაკაცები მიჰყვებოდნენ. ორივე გუნდი რიგრიგობით გალობდა "დიდებას". საღამოს როცა ეკლესიის ზარს დარეკავდნენ, მლოცველები ეკლესიაში იყრიდნენ თავს. ზოგი მომლოცველი ქალი თავზე თეთრი ხლაბანდით, ფეხშიშველი ეკლესიას ჩოქით შემოუვლიდადა, კედელზე სანთელს აანთებდა. სალოცავში შესაწირი ცხავრიც მიჰყავდათ.

    ფშავ-ხევსურეთში განსაკუთრებული წესები არ სრულდებოდა. თიანეთში ძირითადი სუფრა სახლში მზადდებოდა, რომელსაც სოფლის ცენტრში გამოიტანდნენ და ერთად მოიხსენიებდნენ მიცვალებულის სულს.

    მთლიულეთში იკვლებოდა საღვთო. ხევში კი მარიამობას გერგეთის სამების ტაძარში აღნიშნავდნენ, აქ მლოცველები მთელი ხევიდან მოდიოდნენ, ჩრდილო ოსეთიდაანც იკვლებოდა საღვთო და იმართებოდა დოღი.

    რაჭაში, მარიამობის დღეს, დიასახლისი დილით ადრე ყველიან ღვეზელებს აცხობდა და სანთელს ჩამოქნიდა. შემდეგ ხელში ღვეზელებით, სანთლით და ღვინით დაილოცებოდა და მარიამობის ძალას და მადლს მშვიდობას და კარგად ყოფნას შეავედრებდა.

    ღვეზელის განატეხს ოჯახის ყველა წევრს დაურიგებდა. სადილისთვის კი მიცვალებულის სულის მოსახსენიებელ საკურთს მოამზადებდა. ამისთავის უნდა გამოეცხო 7 ყველიანი ან ქონიანი პური. სუფრაზე უნდა ყოფილიყო მოხარშული დედალი, ან შაშხი, 2 კვერცხი. ლავაში და ერთი სანთელი. თუ ოჯახს ახალი მიცვალებული ჰყავდა უნდა დაეკლათ ცხვარი და მეტი პური გამოეცხოთ. სუფრას მღვდელი აკურთხებდა.

    ლეჩხუმში, მარიამობის დილას ადრიანად დიასახლისი ეზოს ხვეტდა. 3 სულის პურს აცხობდა. კლავდა ქათამს ან შაშხს ხარშავდა. ჩამოქნიდა სანთელს მიცვალებულისთვის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×