სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის დროს დაჭრილი ქალი დაიღუპა
    ელზა პაპოშვილი
    12.06.2019

     სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 85 წლის მამაკაცის მეუღლე გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში 12 ივნისს გვიან ღამით გადმოასვენეს. გამოძიების ინფორმაციით, ქმარმა 72 წლის ელზა გამყრელიძეს თავის არეში მძიმე დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა. შვილი, რძალი და მეზობელი დედა-შვილი დახოცა.

    დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ქალი სიცოცხლეს თვე ნახევრის განმავლობაში ებრძვოდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

    ბოლო დროს სოფელში მოხუცის დანაშაულის აღარ სჯერათ და ეჭვი მის შვილზე გაჩნდა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია და ამ დრომდე მას გამოძიება ეძებს. იარაღის შეძენა შენახვის ბრალდებით ასევე დაკავებულია მოხუცის 21 წლის შვილიშვილიც. ბრალდებული კი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოხუცი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მისი ოაჯხის წევრები და მეზობლები სხვა პირმა დახოცა, თუმცა ვინ არ იცის.

    გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან „რეზონანსი" დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ მათ მედიასთან კონტაქტი არ სურთ. რაც შეეხება ოჯახს, რომელსაც შვილი და ცოლი მოუკლეს, ფრიდონ გამყრელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამართალდამცავები მათ ამ დრომდე, არ დაკავშირებიან. ის თვე ნახევარია გლოვობს და ორმოცი სულ ახლახან გადაიხადა. სახლიდან არ გასულა და გამოძიებასთან დაკავშირებით რა სიახლეა, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. პოლიციამ ის მხოლოდ შეემთხვევის დღეს დაჰკითხა, მას შემდეგ კი აღარავინ მისულა და არც პოლიციაში დაუბარებიათ.

    „სულ რაღაც ორი დღეა რაც 40 გადავიხადე. ამდენი ხანია სახლიდან გარეთ არც გავსულვარ. წარმოდგენა არ მაქვს გამოძიება რას აკეთებს და რაზე მუშაობენ. ხვალიდან დავიწყებ უკვე გარკვევას რა ხდება და რა ქნეს. არც დაურეკიათ და არც არავინ გამოჩენილა. მხოლოდ ერთხელ მკვლელობის დღეს დამკითხეს რა მოხდა. მას შემდეგ არავინ მოსულა.

    იმდენად უცანური და სასტიკი დანაშაულია მეც არ ვიცი რა ვთქვა. შვილიშვილზე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ის მკვლელობაში იყოს გარეული. ამ მოხუცზეც ეჭვი მაქვს. მარილები აქვს და ორ იარაღს როგორ ისროდა დღემდე ვერ ამომიხსნია. თანაც იმ დღეს ჩემი თვალით დაივანხე ცოლის საწოლთან როგორ იჯდა და არანაირი იარაღი იქ მე არ დამინახია. არც მაგ კაცის ხელში იარაღი არ მინახავს. რა გითხრათ მეც არ ვიცი. შვილზე ვერც დაზუსტებით ვიტყვი, რომ დამნაშავეა და ვერც ვუარყოფ, რომ არ არის. გაუჩინარდა კაცი ასე უცნაურად და რა უნდა იფიქრო. ეგ არის პოლიციის დასადგენი საქმე. იმედი გვქონდა, რომ ეს ქალიც გადარჩებოდა, მაგრამ ტყუილად. გონზეც ვერ მოვიდა რამე ეთქვა",-აცხადებს მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრი „რეზონანსთან".

    შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობების გამოძიების ფარგლებში, მკვლელობაში ბრალდებულის მეორე შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.

    "მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ო.გ.-ს მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს - მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღით ადრე განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

    საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას", - აცხადებენ შსს-ში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved