სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    08.06.2019

     ერთ კვირაში მომხდარი სუიციდის 4 ფაქტი და 25 წლამდე ახალგაზრდების მასობრივი თვითმკვლელობები. არის თუ არა ქვეყანაში სუიციდის  შემთხვევები გაზრდილი და რამდენად საგანგაშო მონაცემებთან გვაქვს საქმე. 

    ქვეყანაში თვითმკვლელობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა შესამჩნევი ზრდა, ოფიციალური მონაცემებით, უფრო სუიციდის მცდელობის ფაქტებზე შეიმჩნევა.  საინტერესოა ასევე ის გარემოებაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლისგან განსხვავებით, წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით საქმის აღძვრა ნებისმიერ შემთხვევაში ხდება. ანუ ადამიანი ბუნებრივი სიკვდილითაც რომ გარდაიცვალოს, გამოძიება ამ მუხლით იწყება. 

    სწორედ ამიტომაც, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობა წინა წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერაა გაზრდილი, რადგანაც სატატისტიკას უწყება ამ მუხლის აღძვრის რაოდენობის მიხედვით ითვლის. 

    სტატისტიკა ერთია და ფაქტები მეორე - გასულ ერთ კვირაში ქვეყანაში 4 თვითმკვლელობის შემთხვევა  დაფიქსირდა.  

    4 ივნისს  მეცხრე კლასის მოსწავლე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაღუპული გოგონა ცნობილი ტელეწამყვანის, მაესტროს ძველი სახის, ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილი ლენო გვარჯალაძეა. ლენო 2 თვის წინ თბილისში ავარიისას გარდაცვლილ ნიკა ჯორჯაძესთან მეგობრობდა, რომელიც საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის მევლუდ მელაძის შვილი იყო. ბოლო პოსტი, რომელიც ლენომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, გარდაცვლილ მეგობარს ეძღვნებოდა:

    „ტკივილი. მწარე ტკივილი. შიგნიდან მწვავს. ყველაზე მეტად მიყვარხართ. ყოველთვის მეყვარებით. დამელოდეთ. არსად წახვიდეთ. მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით. ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას. მენატრებით. მაძუგები forever“,-წერდა გოგონა გარდაცვალებამდე. 

    5 ივნისს წყალტუბოში 19 წლის სალომე ჯიმშიაშვილმა  შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. ორი თვის წინ, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, გოგონას შეყვარებული მამაკაცი ავტოავარიაში დაიღუპა. გარდაცვლილის ახლობლები აცახდებენ, რომ გოგონა გარდაცვლილი შეყვარებულის მეგობრების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა და მას სოციალურ ქსელში საყვედურობდნენ, რომ შეყვარებულს აღარ გლოვობდა. 

    ბათუმში 6 ივნისს 18 წლის გოგონამ თავი მოიკლა. გარდაცვლილის მშობლები შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში გოგონას 19 წლის შეყვარებულს ადანაშაულებენ. ოჯახის წევრებს შანტაჟსა და შესაძლო ძალადობაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 18 წლის გოგოს წერილი იპოვეს. სადაც წერია - „მკვლელი ნ...“

    გარდაცვლილის დედა არც ძალადობის ფაქტს გამორიცხავს. ოჯახმა გამოძიებას უკვე გადასცა წერილი და გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მობილური ტელეფონი.

    გარდაცვლილის დედა სამართალდამცველებს დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს. მშობლების ინფორმაციით,გოგონამ სიცოცხლე  სუიციდით მცირეწლოვანი დის წინაშე დაასრულა. 

    7 ივნისს კასპში 25 წლის მამაკაცმა სიცოცხლე საკუთარ სახლში დაასრულა. ახალგაზრდამ თავი სახლში ჩამოიხრჩო. ახლობლები სუციდის მიზეზებზე ვერ საუბრობენ. მათვის უცნობია მიზეზი, რის გამო შეიძლება მამაკაცს ტავი მოეკლა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ამ მოხმდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლსი კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.   

    ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები საქართველოში წინა წელთან შედარებით სუიციდის გახშირებულ ფაქტებს აღნიშნავენ და ამბობენ, რომ  თვითმკვლელობა ბოლო დროს თინეიჯერებში გახშირდა, თუმცა გამონაკლისი არც ზრდასრული  ასაკის ადამიანები არიან.  

    ფსიქოლოგი ნონა ხიდაშელი „რეზონანსთან“ აცხადებს,  რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ამ ყველაფერს კომპლექსური სახე აქვს. მისი თქმით, საქართველოში  ბოლო 30 წლის განმავლობაში გრაფიკულად პაუზა არა არის და ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო სტრესულ გარემოში ცხოვრობს.  ეს კი ყველაზე მეტად თინეიჯერი ასაკის ადამიანებს აზიანებს, რომლებსაც დეპრესიასთან გამკლავება სხვების დახმარების გარეშ უჭირთ. 

    ხიდაშელი აცხადებს, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად საზოგადოებაში დაპირისპირების კოეფიციენტი ბოლო რამდენიმე წელია კიდევ უფრო მძაფრდება - აგრესია სოციალურ ქსელებში და ბულინგი, რომლისგან ყველაზე მეტად  25 წელს მიუღწეველი ახალგაზრდები ზარალდებიან. ფსიქოლოგი ქვეყნის განათლების სისტემაში ამ კუთხით დიდ პრობლემებს ხედავს და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით მასწავლებლების გადამზადება უნდა მოხდეს და სკოლაში ერთი ფსიქოლოგის ნაცვლად რამდენიმე უნდა იყოს.  

    „არსებობს საზოგადოებაში საკმაოდ მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა. დააკვირდით, ქვეყანაში ყველა აგრესიულია და პატარა განსხვავებული მოსაზრების გამო, შესაძლოა მძიმე ბულინგის და აგრესიის მსხვერპლი გახდეთ. ბოლო 30 წელია ქვეყანაში სტრესული და მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა. პოლიტიკურადაც ხშირია  სიძულვილის ენაზე საუბარი. 

    „ფაქტია, ჩვენ უმძიმეს სტრესში ვართ და აქედან ვერაფრით გამოვდივართ. შეიძლება ქვეყანას ეკონომიკურად უჭირდეს, მაგრამ ამხელა სიძულვილში ყოფნის შემთხვევაში, ადამიანს ნორმალური ფსიქიკა ვერ რჩება. 

    „უნდა აღინიშნოს, რომ ამ აგრესიისა და ბულინგის მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში თინეიჯერები ხდებიან. დააკვირდით, თავად ბავშვებს შორის როგორი აგრესიაა. მათ ვერავინ ეხმარება - ვერც ოჯახი, ვერც საზოგადოება და ვერც სკოლა. პირიქით, სკოლა  ხშირად მათი აგრესიის და ბულინგის ისნპირაციის  წყარო ხდება. ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მძიმე პერიოდს გადის“, - აცხადებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“. 

    მისივე თქმით, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება საქართველოში ყველა ასაკში არსებობს. თუმცა ამ ზღვარმა ბოლო დროს კიდევ უფრო დაბლა დაიწია და 12 წლამდე  ჩამოვიდა.

    ხიდაშელი აცხადებს, რომ ბავშვი როგორ ოჯახშიც არ უნდა იზრდებოდეს, მასზე  გარე ფაქტორებიც ზეგავლენას ახდენს. ის შესაძლოა ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლი სკოლაში და ქუჩაშიც გახდეს. მისი თქმით, მართალია მშობლებს უჭირთ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მათთან კომუნიკაცია, მაგრამ ისინი მაინც ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგანაც სუიციდისკენ მიდრეკილების მქონე ბავშვი ყოველთვის იცვლება და ჩაკეტილი ხდება.  

    კლინიკა „ავერსის“ ფსიქოთერაპევტი ნინო მაღედანი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ფსიქიკური მდგომარეობისა, მოსახლეობა ვერ ხვდება დეპრესიის  შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს და მისი მდგომარეობა რამდენად რთულია. არასრუწლოვნების შემთხვევაში კი ფსიქოთერაპევტის თქმით, მდგომარეობა უფრო მძიმეა.

    თავად მოზარდი დეპრესიის შემთხვევაში ვერ ხვდება რა სჭირს და ის გარე სამყაროსთან კიდევ უფრო იკეტება, მითუმეტეს, თუ ამ ყველაფერს მიზეზიც ახლავს - თუ ის არის ბულინგის, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ან კიდევ დაკარგა ისეთი ადამიანი, რომლის გარეშეც მისთვის სიცოცხლეს აზრი ეკარგება. 

    ექიმი ამბობს, რომ პირველი,  რასაც დეპრესიის  დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ, ძილის დარღვევაა. შემდეგ კი ადამიანის გუნება-განწყობის სწრაფ ცვლაზე გავამახვილოთ ყურადღება. სუიციდის და დეპრესიისკენ მიდრეკილების პირველი სიმპტომია ადამიანის განწყობის უმიზეზო და ხშირი ცვლა. ის შეიძლება იყოს აქტიური და შემდეგ მომენტში სრულიად არ სურდეს გარე სამყაროსთან და ადამიანებთან კომუნიკაცია. 

    „სუიციდის გამომწვევი ძალიან ბევრი ფაქტორები არსებობს. თითოეულ შემთხვევაში შესაძლოა თვითმკვლელობის მიზეზი სხვადასხვა იყოს. თინეიჯერებში ხშირია ზოგადად სიცოცხლის გაუფასურების და არავისთვის საჭირო ადამიანად შეგრძნება. ხოლო, როდესაც ადამიანის ფსიქიკის და სხეულის გარდატეხა ხდება, მოზარდების სხეულთან გაუცხოვებაც შეიძლება მოხდეს. 

    „მოზარდებისთვის დეპრესიის ინსპირაციის  მიზეზი ხშირად ოჯახი, მეგობრები და სკოლაა. კონკრეტულ გასულ კვირას მომხდარ ორ ფაქტს რაც შეეხება, გოგონებისთვის საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან შეუგუებლობა სუიციდის მიზეზი გახდა. რეალობის მიუღებლობა ხშირად თვითმკვლელობის სურვილს აჩენს. განსაკუთრებით მოზარდებში, რომლებიც ასეთ დანაკარგის ტრამვას რთულად უმკლავდებიან“, -აცხადებს ფსიქოთერაპევტი „რეზონანსთან“.

    მისივე თქმით, საქართველოში ხშირია შემთხვევა, როდესაც ასეთი დეპრესიის  დროს მკურნალობას არასწორად იწყებენ და ფსიქოთერაპევტთან, ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლის ნაცვლად, ნევროლოგთან მიდიან. მართალია, ნევროლოგიც გამოწერს პრეპარატს, რომელიც იმ ეტაპზე სიმპტომს მოხსნის, მაგრამ ექიმი ამბობს, რომ ადამიანის დამოკიდებულებები გარემოს და საკუთარი თავის მიმართ მაინც რჩება და ის არ იცვლება. 

    მაღედანის თქმით, საქართველოში ჯერ თავად პაციენტს უჭირს იმის გაცნობიერება, რომ ავად არის და ფსიქიკური პრობლემები აქვს, შემდეგ  კი მის ოჯახს და ახლობლებს, რომლებიც მას არწმუნებენ, რომ არაფერი სჭირს. ეს კი გაუნათლებლობის და მენტალიტეტის ბრალია, რომელიც სუიციდის ფაქტებს კიდევ უფრო ახშირებს.   

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (09.06.2019)
    საქართველოში საყოველთაო ფსიქოზის დანერგვის პროცესი გრძელდება, რაშიც მედია-სივრცეს 80 %-იანი წვლილი აქვს. თურქული და სამხრეთამერიკულ მძაფრსიუჟეტიან ფილმების განუწყვეტელ ჩვენებებზე უმეტესად 60 წელზე მეტი ხნის ხალხია მიჯაჭული და ზომბებად ჩამოყალიბების პროცესზეა მიერთებული, ახალი ამბები მუდამ-- მხოლოდ ცუდი ინფორმაციით იწყება და თავის მოკვლა მოგინდება ისეთი დიქციით მიიღებ უარყოფით ინფორმაციას, ისეა სივრცე დატვირთული--თითქოს კ ა რ გ ი არაფერი ხდება, ბავშვის დაბადება, სახლის აშენება, მანქანის შეძენა და სხვა --მხოლოდ შურის გამოწვევას ემსახურება-ისეთი ფორმით გვიყვებიან, მოკლედ, შ ი ნ ა თუ გ ა რე მტრები დ ი ვ ე რ ს ი ა ს გვიწყობენ და ჩვენ უუნაროები ვართ შევეწინააღმდეგოთ მათ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved