სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი გოცირიძე
    02.05.2019

     მწარმოებლებსა და იმპორტიორებს სხვადასხვა პროდუქტის ნარჩენის მართვაზე ზრუნვა თვითონვე მოუწევთ. ასეთ ვალდებულებას მათ ,,ნარჩენების მართვის კოდექსი" აკისრებთ, რომლის მიხედვითაც საქართველოში მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულება 2019 წლის 1 დეკემბრიდან დაინერგება.

    კოდექსის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლებს, რომელთა გამოყენების შემდგომ გარემოში სპეციფიკური ნარჩენები გროვდება, ვალდებულება ექნებათ ნარჩენების მართვაუზრუნველყონ.

    ამ პრინციპის ამოქმედება 2019 წლის დეკემბრიდანაა დაგეგმილი. პროექტი ინიცირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.

    უფრო ვრცლად, კონკრეტულად რა ვალდებულებები დაეკისრებათ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს, როგორია ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივა, რა მოთხოვნები აქვს მთავრობას მყარი ნარჩენების შემცირების მექანიზმის უზრუნველსაყოფად და რა კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი? - ,,რეზონანსის" კითხვებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი პასუხობს.

    ,,რეზონანსი": რას ითვალისწინებს ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულება, რამდენად აისახა მასში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და რა ძირითადი მოთხოვნებია ამ დოკუმენტის მიხედვით გათვალისწინებული?

    ხატია წილოსანი: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს მწარმოებლის მიერ სპეციფიური წარმოქმნილი ნარჩენის მართვაში პასუხისმგებლობის აღებას. ეს უკავშირდება როგორც მწარმოებლების, ასევე იმპორტიორების ერთობას, რათა მათ მიერ სპეციფიური ნარჩენების ნაკადები სწორად იყოს მართული. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, საქართველოს მიერ ნაკისრი გარემოს დაცვის კუთხით, დიდი ყურადღება ენიჭება არსებული სტანდარტების გაუმჯობესებას. საქართველოს მთავრობა სრულად იღებს პასუხისმგებლობას და ასევე მიჰყვება დაგეგმილად, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორედ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუმცა კონკრეტულად მწარმოებლის გაფართოებბული ვალდებულების პრინციპი ასოცირების ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული. ეს არის ჩვენი მთავრობის ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს ინტეგრაციული პროცესების განხორციელებას და გაითვალისწინოს ევროპულ ქვეყნებში არსებული მიდგომები, რათა ვიყოთ იმ მნიშვნელოვანი პროგრესის ნაწილი, რომელიც მრავალ ქვეყანაშია. მათ შორის, სპეციფიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

    ,,რ.": რა სახის ღონისძიებებს გეგმავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რაც ქვეყანაში მყარი ნარჩენების შემცირებას უზრუნველყოფს?

    ხ. წ.: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე. ამ მიმართულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით 2017 წლიდან აქტიურად მუშაობს.

    ეს არის 6 ნაკადი, რომელიც გამოიყოფა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მწარმოებლის გაფართოებული ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ეს უკავშირდება შესაფუთი მასალისგან წარმოშობილი ნარჩენებს, ასევე ხმარებიდან ამოღებულ ავტომობილებს, საბურავებს, გამოყენებულ ზეთებს, ელექტრო და ელექტრონულ ნარჩენებს, ბატარეებსა და აკუმულატორებს ანუ ეს არის სპეციფიური ნარჩენის 6 ძირითადი მიმართულება, რომლის შეგროვება და დამუშავებაზე მწარმოებელთა ვალდებულების ფარგლებში შექმნილია მწარმობლური ორგანიზაციები. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროპაში დანერგილი ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელია. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის და იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე. ცხადია, ჩვენი მიზანია, რომ ნარჩენების შემცირება უზრუნველვყოთ. თვითონ ევროკავშირის „ნარჩენების იერარქიის" თანახმადაც, პრიორიტეტი ნარჩენების წარმოქმნის პრევენციაა.

    ,,რ.": რა სახის რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში მყარი ნარჩენების საკითხებთან დაკავშირებით, როგორია სახელმწიფოს მიდგომა?

    ხ. წ.: ნარჩენების მართვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ქვეყნისთვის, მოგეხსენებათ, რომ 2015 წლიდან არის მიღებული ნარჩენების მართვის კოდექსი, რომლითაც განსაზღვრულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა სპეციფიკური ნარჩენებისთვის. ძალაში ის 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს. კოდექსის საფუძველზე ასევე შექმნილია ნარჩენების მართვის სტრატეგია 2016-2030 წლებისთვის და 2016-2030 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც უკავშირდება სწორედ გეგმით გათვალისწინებული საკითხების აღსრულებას. ხუთწლიანი გეგმაა დამტკიცებული მუნიციპალიტეტების მიერ, რომლებიც უკავშირდება ნარჩენების მართვის მოწესრიგებას ადგილებზე. ეს დოკუმენტი ზოგიერთი ტიპის ნარჩენის გადამუშავებისთვის ვადებს ადგენს.

    ,,რ.": რა უნდა გაითვალისწინონ ამ მიმართულებით მწარმოებლებმა, რა ხელშემწყობი მექანიზმებია განსახორციელებელი და კონკრეტულად რაში დაეხმარება მათ სახელმწიფო, რომ ეს ღონისძიებები უფრო ეფექტური და შედეგის მომცემი გახდეს?

    ხ. წ.: რაც შეეხება სახელმწიფოს ჩართულობას, თვითონ პრინციპი ,,მწარმოებლის გფაფართოებული ვალდებულება" გულისხმობს, რომ სახელმწიფო მინიმალური დოზით უნდა იყოს ჩარეული ამ საქმიანობაში. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფო არ არის წამმართველი ამ სპეციფიური ნარჩენების ნაკადების მიმართულებით მწარმოებელ ორგანიზაციებთან ურთიერთობების საკითხებში. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაშიც, ჩარევა იქნება მინიმალური, მხოლოდ ნორმატიული აქტის დონეზე იქნება სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკა განსაზღვრული. დახმარებას რაც შეეხება, ჩვენ მუდმივ რეჟიმში კონსულტაციებს ვმართავთ სექტორის წარმომადგენლებთან, 2 წელია, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვები და აქტიური კომუნიკაცია. სულ ცოტა ხნის წინ კი მოეწყო შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მწარმოებლებს გავაცანით ის ნორმატიული ბაზა, რომელსაც სახელმწიფო მათ სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ შევთანხმდით და 2 კვირის ვადაში ისინი წარმოგვიდგენენ ასევე თავიანთ მოსაზრებებს , შენიშვნებს და რეკომენდაციებს ნორმატიული აქტების სამუშაო ვერსიებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე გვექნება ფორმატი, რომელზეც აისახება მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები და ასევე განისაზღვრება კონკრეტული სამომავლო თანამშრომლობის გეგმა.

    ,,რ.": ანუ თვლით, რომ დღეს ბიზნესი ამ ცვლილებებისთვის მზად არის?

    ხ. წ.: როგორც აღვნიშნე, აღნიშნული ცვლილების პრინციპია, რომ გარკვეული პროდუქტების მწარმოებელმა და იმპორტიორმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქტის ნარჩენის მართვა თავად უზრუნველყონ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინოთ ბიზნეს სექტორის ინტერესები, მაგრამ არ დავაზარალოთ ნარჩენების მართვის კოდექსში გათვალისწინებული მიზნები. სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლამდე ნარჩენების მართვის ინდუსტრია სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს. ამისთვის დაგეგმილია ისეთი სისტემის შექმნა, კერძო სექტორი ხარჯებს სპეციფიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად აანაზღაურებენ. სისტემის ამოქმედება თანდათანობით 2020 წლიდან არის დაგეგმილი.

    დიახ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესი არის მზად ამ მიმართულებით ეთანამშრომლოს სახელმწიფოს და პირიქით, სახელმწიფო არის მზად, ბიზნესს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი და აღასრულოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებული პრინციპების დანერგვა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სხვა საჯარო უწყებებთან ერთად.

    ,,რ.": როგორ ხდება საქართველოში ნარჩენების უტილიზაცია, რომელ უწყებას ევალება ამ პროცესის განხორციელება, განსაკუთრებით საბურავებთან დაკავშირებით, რა მიმართულებითაც გარკვეული ღონისძიებები განხორციელდა, დამატებით რა მექანიზმებია გათვალისწინებული?

    ხ. წ.: საქართველოში უშუალოდ საბურავებთან დაკავშირებით სტარტაპი არსებობს, ეს არის საბურავების გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ,,აწარმოე საქართველოში"პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. ხშირ შემთხვევაში იყო საკითხი, რომ მათ ჰქონდათ ნედლეულის პრობლემა, სწორედ ამგვარი საკითხების დარეგულირებას ემსახურება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შექმნილი ორგანიზაციები, რომ მათ მათ მოახდინონ ასეთი სპეციფიური ნარჩენების შეგროვება და მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის. დღეისთვის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებული საბურავები პრაქტიკულად აღარ იქნება და ჩვენ განვსაზღვრავთ ასევე ტექნიკურ რეგლამენტში იმ სამიზნე მაჩვენებლებს, რომლებსაც მწარმოებელთა ორგანიზაციებმა ნარჩენების ამოღების მიმართულებით უნდა მიაღწიონ. მათ შორის, საბურავებსაც თავისი პროცენტული წილი აქვს, ვიმედოვნებ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ სპეციფიური ნარჩენების ბუნებაში მოხვედრა მნიშვნელოვნად შემცირდება და იქნება შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის ნარჩენების სწორად დამუშავება, დასუფთავება და გადამუშავება მოხდეს.

    ,,რ.": ბოლო პერიოდში მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობამ, როგორ ებრძვის ამ პრობლემას ჩვენი ქვეყანა და როგორ ხდება ამ ტიპის ნარჩენების უტილიზაცია?

    ხ.წ.: ელექტრო და ელექტრონულ ნარჩენებთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს მომზადებული ტექნიკური რეგლამენტის სამუშაო ვარიანტი. ტექნიკის ჩვეულებრივ ნაგავსაყრელებზე მოხვედრის საფრთხე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის. ეს არის თავისთავად სპეციფიური მიმართულება, რადგან ძალიან ხშირად დაკავშირებულია ადამიანის განწყობებთან, ჩვენ ხშირად გვიჭირს ხოლმე, შეველიოთ ჩვენს ძველ ელექტრო ნივთებს, თუმცა მათი კარგად მართვის შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა ტიპის ახალი პროდუქტის მიღება. სახელმწიფო, კერძო სექტორთან ერთად, ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ ამ ნაკადმაც სრულყოფილად იმუშაოს.

    ,,რ.": საინტერესოა, როგორ უნდა მოხდეს ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, რა მექანიზმი მუშაობს საამისოდ და რას ითვალისწინებს იგი მეწარმე სუბიექტებისთვის სანქციების მიმართულებით, რამდენად მკაცრია მიდგომა?

    ხ. წ.: სანქციებს რაც შეეხება, გათვალისწინებული არ არის, საკანონმდებლო მიმართულებით ექვსივე ნაკადზე არის ცალკე ნორმატიული აქტი შემუშავებული, რომელიც ადგენს და აწესრიგებს, თუ როგორ უნდა იქნას სპეციფიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირებული. სანქცია არ არის, უბრალოდ არის ვალდებულება ყველა იმპორტიორისთვის და მწარმოებლისთვის, რომ ისინი იყვნენ მწარმოებელთა ორგანიზაციის წევრები. მათი პროდუქტი ბაზარზე მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხვდება. შესაბამისად, ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას მათი პროდუქტის გამოყენების შედეგად წარმოშობილი სპეციფიური ნარჩენის მოვლასთან დაკავშირებით.

    ნარჩენების შემცირების მიმართულებით არის ყველა ქმედება მიმართული, რადგან გვაქვს ნარჩენებისსტატისტიკა - ყოველწლიურად 900 000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, მათ შორის სახიფათო და არასახიფათო ნარჩენები და ყველა ერთად შემდეგ უკვე დაუხარისხებლად ხვდება ნაგავსაყრელზე. ჩვენი მოტივაცაა და ყველა ნორმატიული აქტიც იმისკენაა მიმართული, რომ მოხდეს ნარჩენების მართვის სისტემის სწორად მართვა. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე იქნას შემცირებული ისეთი ნარჩენის არსებობა ქვეყანაში, რომელიც გადამუშავებას და რეციკლირებას არ დაექვემდებარება.

    (ბიზნესპრესი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved