სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    როგორ გააკონტროლებს მერია მძღოლებს ან რამდენი იქნება გადასახადი, არავინ იცის
    თამუნა მუკბანიანი
    12.10.2018

     წლის ბოლომდე საბურთალოსა და ძველ თბილისში პარკირება ფასიანი გახდება. ვინ და რა მექანიზმით გააკონტროლებს ზონალური პარკირების პირობებში დროს, რამდენი იქნება გადასახადი და რა ელით ურჩ მძღოლებს, აბსოლუტურად უცნობია.

    სამაგიეროდ, გარკვეულია, რომ პირველ ეტაპზე ზონალური პარკირების პროექტი ძველ თბილისსა და საბურთალოში ამოქმედდება. იგი 2018 წლის ბოლომდე უნდა გაეშვას, თუმცა დეტალები და აღსრულების მექანიზმი ჯერ ისევ ბუნდოვანია.

    საინტერესოა, ვინ გააკონტროლებს, რამდენი ხნით დატოვებს მანქანას ავტომფლობელი? დამონტაჟდება "შლაგბაუმები", რაც მეტად დატვირთავს მოძრაობას, თუ ვიდეოკამერების მეშვეობით გაკონტროლდება მანქანის გაჩერების დრო? ეს დეტალები არავინ იცის. სად განათავსებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ე.წ. ტაიმერს, ესეც გაურკვეველია.

    მერიაში საბოლოო გადაწყვეტილება ტარიფთან დაკავშირებითაც ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ რამდენიმე დეტალი უკვე გამოიკვეთა. 2019 წლიდან, პარკინგის წლიური 50-ლარიანი გადასახადის გარდა, მძღოლებს თბილისის ზოგიერთ უბანში დამატებით საათობრივად მოუწევთ პარკინგის საფასურის გადახდა. თუკი ტარიფი კომერციული პარკირების საფასურს დაუახლოვდება (საშუალოდ, 2 ლარი), როგორც ეს ვიცე-მერმა განაცხადა, პარკირების წლიური ხარჯი დაახლოებით 1500 ლარს მიაღწევს. მიუხედავად ამისა, მთავარი კითხვის ნიშანი მაინც აღსრულების მექანიზმს ეხება.

    ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამბობს, რომ საათობრივი პარკინგის საპილოტე პროექტისთვის თბილისის მერია საბურთალოსა და ძველ თბილისს განიხილავს. საფასურის გადახდა რამდენიმე გზით იქნება შესაძლებელი, მათ შორის "ფეი ბოქსებისა" და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით.

    "იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ მოეწონება ჩვენ მიერ შეთავაზებული განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და მაინც გადაწყვეტს, რომ ძველ თბილისში საკუთარი მანქანით მივიდეს, მას უნდა დახვდეს რამდენიმე ნაბიჯში გადახდის საშუალება. მძღოლს შეეძლება, "ფეი ბოქსის" აპარატის მეშვეობით გადაიხადოს საათობრივი საფასური ან ტელეფონით მოახდინოს დროის ათვლა.

    ეს იქნება გადახდის კუთხით მაქსიმალურად კომფორტული და მარტივი საშუალება, მაგრამ საათობრივი ზონალური პარკირება იქნება ორიენტირებული, რომ კონკრეტულ ტერიტორიებზე ქუჩები გახდეს მეტად გამტარი და ქვეითისთვის უფრო კომფორტული", - აღნიშნა "ბიემთან" მუმლაძემ.

    მის განცხადებაში მხოლოდ გადახდის საშუალებებია მოცემული და არაფერია ნათქვამი მექანიზმზე, როგორ განსაზღვრავს ტრანსპორტის სამსახური დროს - მაგალითად, რამდენი ხნის განმავლობაში გააჩერა მოქალაქემ მანქანა კონკრეტულ ადგილას.

    რა მექანიზმით გეგმავს ინიციატივის ავტორი ორგანო გაჩერების დროის განსაზღვრას, უცნობია საკრებულოს დეპუტატ შალვა ოგბაიძისთვისაც.

    "ჯერჯერობით დეტალებზე არ გვიმსჯელია. მოგეხსენებათ, საკანონმდებლო ინიციატივით მერია მოგვმართავს და კონკრეტული პროექტის წარმოდგენის შემდეგ აუცილებლად ვიქნები მზად ყველა დეტალზე სასაუბროდ. ამ მომენტისათვის კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პარკირება არ უნდა იყოს უფასო, როგორც, ფაქტობრივად, დღესაა", - აცხადებს ოგბაიძე "რეზონანსთან".

    აღსრულების მექანიზმის დეტალების შესახებ ინფორმაციას არც "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ფლობს.

    "ამ დეტალებზე მერიასთან კონსულტაცია არ გვქონია. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა - სხვადასხვა გზით კონტროლდება, რამდენი ხნით ჰყავს გაჩერებული ავტომობილი მძღოლს. რომელი აირჩია და როგორი მეთოდი იქნება გამოყენებული დედაქალქში, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ", - განაცხადა ლალიაშვილმა.

    ჯერჯერობით არ თქმულა არც ის, რომელ ზონაში რა ეღირება 1 საათის განმავლობში მანქანის გაჩერება, პროექტი კი საპილოტე არეალებში მიმდინარე წლის დარჩენილ ორთვენახევარში უნდა ამოქმედდეს

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მარინა   (12.10.2018)
    არ გინდოდათ რძე და ყველი.?არიქა სიტი-პარკი გვატყავებსო,წელიწადში 50 ლარს რომ იხდიდით,ახლა ამ თანხას ერთ თვეში გადაიხდით და ალბათ ხმასაც არ ამოიღებთ,ახია თქვენზე,მეტს იმსახურებთ და მიიღებთ კიდევაც.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved