სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    23.08.2018

     რეგიონებში ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი მასობრივ სახეს იღებს. ამ მხრივ მიმდინარე თვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ჰესების მშენებლობა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გააპროტესტეს. თებერვლიდან მოყოლებული, როგორც კი ენერგეტიკული პროექტები გააქტიურდა, მოსახლეობის პროტესტიც გაძლიერდა და შეიძლება ითქვას, რომ პიკს ზაფხულის პერიოდში მიაღწია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ხალხი ვერ ხედავს ჰესების რეალურ საჭიროებას და სარგებელს, რაც შეიძლება მათ ჰიდროელექტროსადგურებიდან მიიღონ.

    მოქალაქეები მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდნენ პანკისში, ონში, ლენტეხში, ტვიშში (იმერეთი), მესტიაში და ცაგერში. მათ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" შესაბამისი ჯგუფი შექმნეს და საზოგადოებისგან მხარდაჭერას ითხოვენ.

    არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი, გარემოს დამცველი დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არის დასაბუთებული ენერგეტიკული პროექტების მიზანშეწონილობა. მისი თქმით, ხალხის პროტესტი გარკვეულწილად ბუნებრივი კატასტროფების მიმართ შიშს უკავშირდება, თუმცა არის რამდენიმე სხვა მიზეზიც, რის გამოც მოსახლეობა ჰესების მშენებლობის სარგებელს ვერ ხედავს.

    "ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას მოსახლეობა ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ვერ ხედავს მათ რეალურ საჭიროებას, ანუ რა სარგებლობა მოაქვს ამ ჰიდროელექტროსადგურებს როგორც ცალკეული ოჯახების, ასევე სოფლისა და, ზოგადად, რეგიონისთვის. ინვესტორის მოგება გასაგებია, მაგრამ ამ პროექტების მიზანშეწონილობა ხალხისთვის ვერ საბუთდება. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ არათუ გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა, პირიქით, შეიძლება გაუარესდეს. კერძოდ, მდინარეში წყალი არ დარჩება, პრობლემები ექნებათ საკუთრებასთან მიმართებით (მიწის რესურსებზე წვდომა მთიან რეგიონებში ისედაც შეზღუდულია) და ჰესების მშენებლობის შემდეგ ადგილობრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო შეეზღუდებათ", - ამბობს ჭიპაშვილი და დასძენს, რომ ჰესებთან დაკავშირებით ხალხს ჯერ კიდევ აქვს კითხვები, რომლებზეც პასუხი აქამდე არ გაცემულა.

    "ხუდონჰესზე რომ არაფერი ვთქვათ, სხვა ტერიტორიებზეც ხალხს ბევრი კითხვა დაუგროვდა, რომელზეც პასუხი არ აქვთ. სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა სტრატეგიის შემუშავება, შეფასება, რა გვინდა და რა საჭიროებაა ჰიდროსადგურებთან დაკავშირებით. როგორც წინა, ასევე ახალი მთავრობაც მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა სპეცძალები,  დაშინება-გადაკიდება და სხვა.

    აქციები აქტიურად მიმდინარეობს თებერვლიდან, რადგან მთელი რიგი პროექტების წამოწევა მოხდა როგორც ინვესტორების, ასევე მთავრობის მხრიდან. ხალხის რეაქცია გამოწვეულია მათი მიდგომით. ჩვენ ვხედავთ ბუნებრივ კატასტროფებს, რომლებიც აზიანებენ ჰესებს და ეს რისკი არ შეფასებულა. ახლა ყველა ხედავს, რომ ჰესების მშენებლობით, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს მათ სიცოცხლეს და ქონებასაც. აქედან გამომდინარე, ხალხი ფიქრობს, რომ ეს პროექტები სარგებელზე მეტად ზიანის მომტანია და პროტესტიც დიდწილად ამით არის გამოწვეული", - ამბობს დათო ჭიპაშვილი.

    ენერგეტიკოსებს კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში პრობლემად ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ინვესტიციების ნაკლებობას მიიჩნევს, რაც მოსახლეობის პროტესტით არის გამოწვეული.

    "გასული 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი იყო ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ აგიტაცია. ამაში ჩართეს მსოფლიოში ავტორიტეტული ადამიანებიც და საბოლოოდ ინვესტორები დაფრთხნენ. შედეგად მივიღეთ ის, რომ ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო პროექტები შეჩერდა. მართალია, სახელმწიფოს ძალიან კარგი პროექტები აქვს ენერგეტიკის სექტორში, მაგრამ მათი განხორციელება ჭიანურდება. ჰესების მშენებლობა ვერ იკრებს ძალას, რისი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის პროტესტია. როგორც ვიცით, ასეთ პრობლემას სახელმწიფო წააწყდა ხუდონჰესთან დაკავშირებით. წესით, პროექტი უკვე დაწყებული უნდა იყოს,  მაგრამ ხალხთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა. თუმცა მოსახლეობისგან წინააღმდეგობა მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც არის. აქედან გამომდინარე, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი საგრძნობლად შეფერხდა და ეს ხდება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით. მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის ელექტროსადგურების მშენებლობაა და ეს საკითხი როგორმე უნდა დაიძრას, რაც შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია", - აცხადებს ენერგეტიკოსი.

    ენერგეტიკოსის პოზიციას ეთანხმება ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორი უცხოური ინვესტიციების კლებას განიცდის.

    "ჩვენ ვიცით უარყოფითი გამოხმაურებები, რაც დიდი ჰესების მშენებლობის მიმართაა. სვანეთისა და რაჭის მაგალითებზეც დასტურდება, რომ ყველა ასეთი პროექტის განხორციელება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. სხვადასხვა დროს გამოხატული პროტესტის გამო შეფერხდა ინვესტიციების განხორციელება და ამან პოტენციურ ინვესტორებზეც იმოქმედა. რაც შეეხება შიდა ინვესტიციებს, არა მგონია, ამ მხრივ რამე ინტერესი იყოს, მცირე პროექტები ყოველთვის მიმდინარეობდა, მაგრამ ამას საინვესტიციო გარემოზე არსებითად არ მოუხდენია გავლენა", - აცხადებს ჯგერენაია.

    მისი თქმით, ქვეყანა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, იცვლება მიდგომა ენერგეტიკული პროექტების მიმართ, რაც ინვესტიციებზეც აისახება.

    "ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ ელექტროენერგიას გავიტანდით თურქეთში, მაგრამ იქ ტარიფი შემცირდა და მისი გატანა უკვე აღარ გახდა ეფექტური. ამანაც გარკვეულწილად შეუშალა ხელი ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკის სექტორში. იცვლება მიდგომა ენერგეტიკული პროექტების მიმართ, რაც ინვესტიციებზე უარყოფითად აისახება", - დასძენს ემზარ ჯგერენაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×