სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    13.07.2018

     2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, ანუ მომავალი წლიდან, სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

    უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგია სკოლებში და ვინ უნდა ასწავლოს ის, ამ საკითხზე "რეზონანსი" თეოლოგ ლადო ნარსიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სხვადასხვა უწყებები ამ პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენენ.

    "ეს წამოწყება საინტერესო, გასათვალისწინებელი და აუცილებელია. ჩემთვის განზრახვა არის სრულიად კანონზომიერი და მისაღები, მაგრამ ამ სამუშაო პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ასევე, არის სუს-ისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების გავლენა. მეორე შეხვედრა, ფაქტობრივად, ჩაიშალა იმის გამო, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლის შეხედულებები იყო მიუღებელი, თუმცა მხარდაჭერა ჰქონდა როგორც სახელმწიფოსგან, ასევე მაშინდელი მინისტრის, ჩხენკელისგანაც," - აღნიშნა მან.

    მისი თქმით, ეს კომისია არ ითვალისწინებს საქმის მცოდნე სპეციალისტების აზრს და გამოცდილებას, რაც დაუშვებელია.

    "ეკლესიაც და სააგენტოც, რომლებმაც დააკომპლექტეს კომისია, კატეგორიულად მოითხოვენ, რომ კომისიაში არ უნდა იყვნენ ექსპერტები, არასამთავრობოები და უფრო მეტიც, ისინი ეწინააღმდეგებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩართვას ამ პროცესში. ეს კომისია ასეთი ხასიათისაა: საქმის მცოდნე ადამიანების აკადემიური გამოცდილება არ იყოს გათვალისწინებული და მხოლოდ მათი შეხედულებებით წარიმართოს პროცესი, რაც დიდი დანაშაულია."

    ნარსიამ აღნიშნა, რომ რელიგიის ისტორია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ისწავლება, რადგან დღეს ამის აუცილებლობა დგას და საქართველომაც ამ საგნის სწავლების პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განავითარო, რათა რელიგიებს შორის გაუცხოება დაიძლიოს.

    "ვფიქრობ, რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს. ევროპული სახელმწიფოების სკოლები აღწევენ შესანიშნავ შედეგებს, რაც არის გასათვალისწინებელი და გადმოსაღები. ამ საგნის სწავლება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაინერგოს.

    "ევროპის ქვეყანას ვერ დაასახელებ, სადაც რელიგია არ ისწავლება, ვერც აღმოსავლეთ ევროპისა და ვერც დასავლეთის. დღეს, 21-ე საუკუნეში, რელიგიის სწავლების აუცილებლობა განპირობებულია არაერთი თვალსაზრისით, როგორც განათლების კუთხით, ასევე იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ ერთმანეთის ენა, ერთობა, რომელსაც ისინი მიაკუთვნებენ საკუთარ თავს და დაიძლიოს გაუცხოვება," - აღნიშნა თეოლოგმა.

    მისი თქმით, რელიგიის ისტორიის სწავლება გულისხმობს არა რელიგიურობის სწავლებას, არამედ სხვადასხვა რელიგიის ისტორიისა და კულტურის გაცნობას და ამით სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა უფლებები არ ირღვევა.

    "სახელმწიფომ არ უნდა ასწავლოს ერთი რომელიმე კონკრეტული რელიგია. ჩვენ 21-ე საუკუნეში გვჭირდება ისეთი საზოგადოება, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, გაეცნონ ერთმანეთის განსხვავებულ რელიგიასა და კულტურას. ეს არ არის რელიგიურობის, რელიგიის სწავლება, არამედ ეს არის რელიგიის შესახებ განათლება.

    "ჩვენ გვქონდა ასეთი პრაქტიკა 90-იან წლებში; ასწავლიდნენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, მასწავლებლები კი იყვნენ სასულიერო პირი ან სრულიად არაკვალიფიციური კადრი და ბავშვებს ისე ესაუბრებოდნენ, როგორც თავად ესმოდათ ესა თუ ის საკითხი.

    "ინტერრელიგია გულისხმობს ყველა რელიგიის შესახებ ცოდნის მიწოდებას სხვადასხვა რელიგიის მოთხრობების გათვალისწინებით, თანასწორად და თანაბრად. ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს ამის საჭიროება. ჩვენი საზოგადოება ხშირად მოწყვლადია რელიგიური თემების მიმართ და ამ საგნის სწავლებაც რელიგიური გაუცხოების დასაძლევად არის აუცილებელი. არავის უფლებები არ ირღვევა, როდესაც სხვადასხვა საკულტო პრაქტიკას ეცნობიან სკოლის მოსწავლეები. ეს ხდება საკლასო ოთახში ან ექსკურსიების სახით. აქ უმთავრესია, რომ უნდა ვიცოდეთ სხვადასხვა ადამიანების რელიგია და კულტურა," - განაცხადა ლადო ნარსიამ

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved