სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ჩატოვებულ საგნებზე გადასახადი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა
    თეო გუდავაძე
    11.07.2018

     ყოველწლიურად უმაღლეს სასწავლებელში, საშუალოდ, 20-25 ათასი აბიტურიენტი აბარებს, თუმცა სასწავლო კურსის ბოლოს ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტების რიცხვი ამ მონაცემისგან განსხვავდება და დაახლოებით 10-15 ათასს შეადგენს. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ სტუდენტი სემესტრის განმავლობაში საჭირო კრედიტების რაოდენობას ვერ აგროვებს, რის გამოც ბაკალავრიატში 4-წლიანი სავალდებულო სწავლება უხანგრძლივდება.

    არსებობენ ისეთი სტუდენტები, რომლებიც საერთოდ ვერ ახერხებენ სწავლის საფასურზე დამატებით დარჩენილი საგნის საფასურის გადახდას. მათ უგროვდებათ ძალიან დიდი გადასახადი და, შესაბამისად, ფინანსური პრობლემების გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდებათ. საქართველოში, უკვე წლებია, ეს პრობლემა დგას. ახალგაზრდების 99% ფინანსური პრობლემების გამო ამბობს უარს სწავლის გაგრძელებაზე.

    თუ სტუდენტმა ერთი და იგივე საგანი გამოცდაზე სამჯერ გასვლის შემთხვევაშიც ვერ დაძლია, მას სტუდენტის სტატუსი უწყდება და როგორც შიდა, ისე გარე მობილობის გამოყენების უფლება აქვს. ასეა კერძო უნივერსიტეტების ნაწილშიც. თითო წარუმატებლად გავლილ საგანზე სტუდენტი დამატებით ფულს იხდის, რაც 150 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს. ფასი დაკავშირებულია უნივერსიტეტის წლიურ გადასახდთან, შესაბამისად, რაც მეტია სწავლის საფასური, მით მეტია ჩატოვებული საგნის გადასახადიც.

    საგნის არჩევა ნებისმიერ სემესტრში არის შესაძლებელი. სტუდენტების უმრავლესობა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ფინანსურად წელგამართული არ არიან, ცდილობენ, ბოლო წელს გაიარონ ე.წ დარჩენილი საგნები და ხარჯს კონკრეტულ მომენტში თავი აარიდონ. ძალიან ბევრი მათგანი სწორედ იმის გამო იწყებს მუშაობას, რომ დამატებითი საგნების ასაღები საჭირო თანხა შეაგროვონ. ერთ-ერთი მათგანია გიორგი ლაფაჩი, რომელიც მესამე კურსზეა და პირველ კურსზე წარუმატებლად გავლილი საგნის ჩაბარებას სწორედ ახალ სემესტრში აპირებს.

    "ჩემი მეგობარი აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობს და აქვს თავისუფალი 15 კრედიტი, რაც სამ ან ორ საგანს ფარავს (გააჩნია საგანს). ეს საგნები შეუძლია უფასოდ გაიაროს და ის კრედიტები შეივსოს. ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა უნივერსიტეტში დაუშვებენ მსგავს პრეცედენტს, რადგან შეიძლება სტუდენტმა რაღაც მიმართულებას ისე ვერ აუღოს ალღო, რომ წარმატებით ჩაბარება შეძლოს. ამის გამო კი დამატებით 300 ლარის გადახდა მოუწევს.

    სისტემა იმდენად გაუმართავია უმაღლეს სასწავლებლებში, რომ ხელის შეწყობის ნაცვლად, პირიქით, ისე არიან განწყობილები, სწავლის სურვილს დაგიკარგავენ. რაც მეტ თანხას ამოიღებენ სტუდენტისგან, ის უფრო უხარიათ. არსებობენ ისეთი ლექტორებიც, სულ რომ თავი მოიკლა სწავლით, მაინც "ვერ ამართლებ მათ იმედს" და საგანი წარუმატებელ კრედიტად გეთვლება.

    თუ საგანი სავალდებულოა და აუცილებლად მეორედაც მისი არჩევა გიწევს, ეს კიდევ უარესია, რადგან მისი მხოლოდ 3-ჯერ არჩევის უფლება გაქვს და თუ სამივეჯერ ვერ ჩააბარე, სტუდენტის სტატუსი გიჩერდება.

    მოკლედ, ყველგან დიდი უსამართლობაა. საერთოდ რომ არ იყოს გადასახადი, არ იქნებოდა კარგი, რადგან ახალგაზრდები უპასუხისმგებლოდ მოეკიდებოდნენ სწავლას, მაგრამ ამხელა გადასახადიც ნამდვილად ზედმეტია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი ლაფაჩმა.

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტს სავალდებულო საგნის გადაბარების ოდენობას არ უზღუდავს, ხოლო არასავალდებულო საგანში შესაბამისი შეფასების მიუღებლობის შემთხვევაში მას შეუძლია, სხვა სასწავლო კურსი აირჩიოს. სტუდენტს კრედიტის შესაბამისი დამატებითი საფასურის გადახდა უწევს. ყველა უნივერსიტეტს ამ საკითხზე თავისი სპეციფიკა აქვს, თუმცა სტუდენტებისთვის ჩაუბარებელი საგნები ყველგან პრობლემაა.

    განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე დიდი ინვესტიციაა, ამაზე ყველა თანხმდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რისი გაკეთებაც ადამიანს საკუთარი წინსვლისა და წარმატებული მომავლის შექმნისთვის შეუძლია. ნებისმიერი საქმის, წამოწყების, სფეროს, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო საქმიანობის წარმატების წინაპირობა სწორედ განათლებული ადამიანი და მისი პროგრესულად აზროვნებაა.

    განათლების ექსპერტი მუხრან გულიაშვილი "რეზონანსთან" უნივერსიტეტების პრობლემატიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ სწავლის უფლება.

    "კერძო უნივერსიტეტებში უფრო მეტია სტატუსშეჩერებული სტუდენტი. ასეთი უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაცია და ლექტორებიც კი მოტივირებულები არიან, სტუდენტებს საგანი არ ჩააბარებინონ, რადგან ეს მათთვის ფულის შოვნის წყაროა. ასეთი დამოკიდებულება არაჰუმანურია. ზოგიერთ უნივერსიტეტს დაგვიანებაზეც კი აქვს კონკრეტული თანხა დაწესებული.

    ნამდვილად დამატებითი შემოსავლის წყაროა ეს ყველაფერი და ზედმეტი ხარჯი ოჯახებისთვის. პრობლემის მოგვარება ფუნდამენტურად უნდა დაიწყოს. პირველ რიგში, ამდენი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს. 3-4 ნამდვილი უნივერსიტეტი საკმარისია, დაწესებულება არ უნდა იყოს კვლევის გარეშე, მხოლოდ თეორიული განათლებით.

    სკოლას ჰგავს დღევანდელი უნივერსიტეტები. სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს და უნდა მისცეს ახალგაზრდებს განათლების მიღების საშუალება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მუხრან გულიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ტატოო   (11.07.2018)
    ამის მიზეზი თვიტონ სტუდენტებია არის ხშირ შემთხვევაში, როგორც კი ჩაირიცხებიან ეგრევე მუშაობას იწყებნ რომ სწავლის ქირა გადაიხადოს მერე ლექციზე მოსვლა ეზარებათ და ცდილობემ ადვილად გავიდნენ ფონს. ასე რომ უმაღლეს სავლებსლებ ს ნუ გადავბრალებთ ყველაფერს


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved