სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ღმერთი რომ ერს, ქვეყანას მოწყალების თვალით გადმოხედავს, მოუვლენს ხოლმე კაცს, პოეზიის მადლით ცხებულსა"
    გვანცა ღვედაშვილი
    25.12.2017

     "ეს ქალი, გარდა იმისა, რომ გივი ბერიკაშვილის შვილია, არაფერი მწერალი არ არის, რაში ერკვევა?! - რომელი წიგნი უნდა გადაითარგმნოს, ან ვინ უნდა წავიდეს ამ ფესტივალზე... ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ ამას დაუმატეს ფული ტაშფანდურისთვის. მათ სურთ, მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში კარგ საჭმლებს აკეთებენ, კარგი ღვინო აქვთ, კარგად ცეკვავენ და მღერიან, ეს კი წიგნთან არაფერ შუაშია", - განაცხადა კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ "მთელ კვირასთან" საუბრისას.

    შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საფრთხის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და ამ პროექტის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა გათავისუფლების მოთხოვნით მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა.

    მწერლებისა და გამომცემლების განაწყენება გამოიწვია წიგნის ცენტრის დირექტორის განცხადებამ, რომ მანანა ბერიკაშვილი მის საქმიანობაში ერეოდა. 23 დეკემბერს კი კულტურის მინისტრი პროექტში მონაწილე მწერლებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც პროექტიდან წასვლის სურვილი უკვე მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა გამოთქვა. მინისტრთან მომდევნო შეხვედრა ორშაბათს არის ჩანიშნული და სწორედ მაშინ გადაწყდება საბოლოოდ, ვინ დარჩება პროექტში და ვინ - არა.

    "მთელ კვირასთან" გიორგი შენგელაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, "გამოიწვევს იმას, რომ პირველი არხი ჩაყლაპავს სხვა არხებს".

    გიორგი შენგელაია: საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამების განთავსება მკრეხელობაა. მხოლოდ მისი სახელიც კი გვეუბნება, რომ ის არ არის სხვა არხების მსგავსი. მკითხველს მოკლე ისტორიას მოვუყვები.

    პირველი საზოგადოებრივი მაუწყებელი ინგლისში გაჩნდა სახელწოდებით "ბიბისი" ინგლისელი ხალხის სურვილით. მათ მობეზრდათ რეკლამები, შოუები და დედოფალს მოსთხოვეს, ხალხისთვის მიეცა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელზეც იქნებოდა ახალი ამბები და სპორტი. ამის შემდგომ მიმართეს სპორტისა და ახალი ამბების სააგენტოს, რომელსაც უნდა მოეწოდებინა ბორდის წევრების კანდიდატურები და ასეც მოხდა.

    დღემდე არავინ ერევა ამ ბორდის წევრების საქმიანობაში. მათ აქვთ დებულება და იმის მიხედვით მოქმედებენ. "ბიბისი" არაფერს კომერციულს არ უჩვენებს. და თუკი საქართველო ბაძავს ევროპას და მისკენ მივდივართ, რატომ არ ვიღებთ მათგან საუკეთესოს?! მაგრამ აქ მთავარია, ფული იშოვო. ვასილ მაღლაფერიძე, ვინც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელმძღვანელობს, არის ყოფილი "ნაციონალი".

    ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენდი პარლამენტში გამოსვლებს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები გამოდიოდნენ. მათ ლანძღავდნენ, მარგინალებს ეძახდნენ და ეუბნებოდნენ, რომ არაფრის უფლება არ აქვთ. მაშინ მაღლაფერიძეს რატომ აქვს უფლება, რომ ჯერ ვიღაცის ბნელი ძალების საშუალებით დაინიშნოს არხის დირექტორად და შემდგომ საქმეს გაუძღვეს?! მე ვეკითხები ჩვენს ხალხს, რომელმაც ხანდახან ბევრი რამ არ იცის. ე.ი. მაღლაფერიძე ჯერ ჟვანიას პარტიაში იყო, შემდგომ "ნაციონალურ მოძრაობაში" გადახტა, მთავრობის შეცვლის შემდგომ კი ისევ შეიცვალა მდგომარეობა. ასეთ ხალხს მე პატივს არ ვცემ და მგონია, რომ არც ჩვენი ხალხი სცემს პატივს.

    წარმოიდგინეთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლობაში ვიღაცები სხედან და დიდ ფულს აკეთებენ რეკლამაზე, არ არის ეს სწორი. იგი შეიქმნა იმისთვის, რომ ხალხს არ უნდა ჩარევა ამ ფულის ამბავში. ჩვენი სურვილია, ობიექტურად მოგვაწოდონ ახალი ამბები, სპორტი... თეატრში კიდევ თავად წავალთ.

    საბოლოოდ კი, ამ ცვლილების მიღება იმას გამოიწვევს, რომ პირველი არხი ჩაყლაპავს სხვა არხებს. არ იქნება ბევრი ძალიან კარგი არხი, რადგან აღარ ექნებათ ფული.

    "მთელი კვირა": ასევე, გვინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებდით 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარსადგენად მოსამზადებელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს? როგორც ვიცით, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტში, გადაწყვეტილება მიიღო, ჩამოშორებოდა მას.

    გ.შ.: ეს ქალი, გარდა იმისა, რომ გივი ბერიკაშვილის შვილია, არაფერი მწერალი არ არის. რაში ერკვევა, რომელი წიგნი უნდა გადაითარგმნოს, ან ვინ უნდა წავიდეს ამ ფესტივალზე... ჩვენთან ისედაც ძალიან დაძაბული სიტუაციაა, რადგან მშიერი ხალხი ცუდი საზოგადოებაა.

    მწერლები, რომელთაგანაც ძალიან ბევრს ვიცნობ, რომელთა დიდი ნაწილიც ახალგაზრდაა, ძალიან კმაყოფილი არიან დეა მეტრეველის მუშაობით, რომელიც ამ პროექტს ხელმძღვანელობს. წინა წლებშიც დადიოდნენ ჩვენები ამ ფესტივალზე და მეტრეველი ძალიან კარგად უძღვებოდა საქმეს. ახლა კი მოხდა ის, რომ ამას დაუმატეს ფული ტაშფანდურისთვის. მათ სურთ, მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში კარგ საჭმლებს აკეთებენ, კარგი ღვინო აქვთ, კარგად ცეკვავენ და მღერიან, ეს კი წიგნთან არაფერ შუაშია.

    მინდა, ერთი ციტატა მოგიყვანოთ ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი გამოსვლიდან: "ღმერთი რომ ერს, ქვეყანას მოწყალების თვალით გადმოხედავს, მოუვლენს ხოლმე კაცს, პოეზიის მადლით ცხებულსა. როცა ადამიანს სურს, შეიტყოს ღირსება და დიდება ერისა, ყოვლის უწინარეს ამას იკითხავს, რამდენი მთქმელი და მწერალი ჰყავსო. ღირსებას და სიდიადეს ერისას მარტო ამ საწყაოთი სწყავს ადამიანი".

    ჩვენს ერს უმძიმეს დროშიც კი, როცა დაპყრობილი იყო ხან ოსმალოსგან და ხან ვისგან, ყოველთვის ჰყავდა ეს მთქმელები, რომელზეც ილია ლაპარაკობს. შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ფრანკფურტში წარმოჩნდეს ის ნიჭი, რომელიც ფიზიოლოგიურად მოგვდევს ქართველებს. მოლექსეობა, წერა... ამათ კი უნდათ, მიაყოლონ ქართული მწვადები, ხაჭაპურები და ღვინო, რაც სამარცხვინოა. ასე აზროვნებს ჩვენი კულტურის მინისტრი და ამისთვის უნდოდა ბერიკაშვილიც, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა მას.

    გაანებონ თავი მწერლებს. ისინი თავად მოუვლიან საკუთარ თავს. არსებობს ორგანიზაცია და მეტრეველიც ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც დღევანდელ მწერლობას ეკადრება.

    "მ.კ.": თქვენი აზრით, თუკი, როგორც ამბობენ, კულტურის სამინისტრო ერეოდა იმ გუნდის საქმეში, რომელიც ფრანკფურტში საქართველოს წარსადგენ პროექტზე მუშაობდა, აქამდე რატომ არ გამოუთქვამთ პროტესტი?

    გ.შ.: იმიტომ, რომ აქამდე როლები სწორად იყო გადანაწილებული. მედეა ასრულებდა მთავრი მენეჯერის როლს, კონტაქტობდა ყველასთან - მწერლებთან, თარჯიმნებთან... და უცებ სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ამას აკლია ტაშფანდური.

    მოგვბეზრდა ეს რაღაცები... როცა თბილისობაზე ვლაპარაკობთ, კი, ბატონო, გაერთე, იცეკვე და გააკეთე ყველაფერი, მაგრამ როცა მწერლობას ვეხებით, როცა გერმანიაში, გოეთეს ქვეყანაში, მიგაქვს შენი მწერლობა, უნდა დაფიქრდე, არის თუ არა საჭირო ეს ტაშფანდური. ნამდვილად არ არის საჭირო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter