სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    25.12.2017

     ქართველი ემიგრანტების - და-ძმები მდივნების სახელები გასული საუკუნის 20-30-იანი წლების მსოფლიო პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა. მათ გახმაურებულ ისტორიებს ეთმობოდა ევროპისა და ამერიკის პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მოწინავე სტატიები. მათი სახელები ხშირად ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავთა და ცნობილ პიროვნებათა - პოლ ნეგრის, მეი მერეის, ლუიზა ასტორის, დენის კონან დოილის, კოკო შანელის, სალვადორ დალის თუ სხვათა გვერდით მაღალი წრის ქრონიკებში.

    მდივნების სიახლოვით თავს იწონებდნენ მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მხატვრები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. დეილი კარნეგს თავის ბესტსელერში "როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ მათზე გავლენა" მაგალითად და-ძმები მდივნები მოჰყავს. მათ მიეძღვნათ არტურ გოლდისა და რობერტ ფიცდეილის წიგნები. 1955 წელს ჩარლზ ჩეროტის მიერ გადაღებული ფილმი კი დღესაც არ კარგავს პოპულარობას, თუმცა მდივნების ხიბლი და თავაზიანობა საუკუნის ერთ-ერთ იდუმალ გამოცანად დარჩა.

    დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, შევთავაზოთ ნაკლებად ცნობილი ამბები ამ ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენლის - ნინო მდივნის ცხოვრებიდან, რომელიც სახელგანთქმული მწერლის - არტურ კონან დოილის ვაჟის, დენისის, მეუღლე იყო და "შერლოკ ჰოლმსის" გამოცემის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ მას ჰქონდა.

    ნინო მდივანი 1900 წელს თბილისში დაიბადა. 1921 წელს მისი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. ჯერ თურქეთს შეაფარეს თავი, შემდეგ საფრანგეთში გადავიდნენ. მდივნების ოჯახმა ემიგრაციის ყველა ეტაპი გაიარა და საკუთარ თავზე გამოსცდა სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყანაში ცხოვრების სუსხი.

    ნინომ და მისმა და-ძმებმა არაჩვეულებრივი განათლება მიიღეს. არისტოკრატიული გარეგნობისა და გონებამახვილობის წყალობით მაღალი საზოგადოების ინტერესის სფეროში მოექცნენ.

    ნინო მდივანს პარიზში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა თავისი ბედი 1925 წელს ჩიკაგოსა და სტენფორდის უნივერსიტეტის 48 წლის პროფესორ კარლ ჰუბერიხს დაუკავშირა. მათმა ქორწინებამ 11 წელს გასტანა, რადგან ნინოს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა დენის კონან დოილი.

    პირველად ნინო და დენისი ერთმანეთს 1936 წელს ბრისტოლის ავია გამოფენაზე შეხვდნენ. მწერლის ვაჟს დანახვისთანავე შეჰყვარებია ულამაზესი ქალი, რომელიც გარდა მომხიბვლელობისა, ავიაციის ღრმა ცოდნითაც გამოირჩეოდა.

    სასიყვარულო ისტორია კი მალე ქორწინებით დასრულდა. იმავე წლის 19 მაისს ნინო მდივანი გაშორდა ჩარლზ ჰუბერიხს და ცოლად გაჰყვა დენის კონან დოილს, ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს, დეტექტივების მწერლის - სახელგანთქმული არტურ კონან დოილის ვაჟს.

    დენისი მოყვარული ავიატორი იყო და მთელი ცხოვრება თვითმფრინავების ახალი მოდელების შემუშავებითა და გამოცდით იყო დაკავებული, ამიტომ მამის წიგნების გამოცემის ექსკლუზიური უფლება მეუღლეს გადასცა.

    ნინო აქტიურად ჩაება საგამომცემლო საქმეში და, როგორც ამბობენ, წარმატებულადაც, რადგან მოთხრობების გაყიდვამ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. ქმრისგან განსხვავებით, იგი პრაგმატული პიროვნება იყო და მამამთილის მემკვიდრეობას მთელი სერიოზულობით მოეკიდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ (დენისი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა) არტურ კონან დოილის ნაწარმოებებზე უფლება ნინო მდივანს ერგო.

    ეს მომხიბვლელი ქალი არა მხოლოდ გონიერებით, არამედ ადამიანებთან კომუნიკაციის უდიდესი ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. ვის არ ნახავდით მის გვერდით - პიკასოს, სალვადორ დალის, მარლენ დიტრიხს, კოკო შანელს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს.

    სალვადორ დალი თავის მოგონებებში "პარიზის ფანტასტიკურ ქალებს შორის" მხოლოდ ბერტა ბერჟერის, კოკო შანელს და დებ ნინო და რუსუდან მდივნებს ასახელებს. იმასაც ამბობენ, რომ ამ მომხიბვლელ ქალს ძალიან უყვარდა ძვირფასი სამკაულები და დიდი კოლექცია ჰქონია, რომელთა შორის გამორჩეული იყო კარტიეს პალმის რტოს ფორმის გულსაბნევი, რომელიც ახლა ქლაივ ქენდელის კერძო კოლექციაში ინახება.

    ნინო დენის კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ ცოლად გაჰყვა ცნობილ ინგლისელ გამომცემელ ენტონი ჰარვუდს. ნინო მდივანი გარდაიცვალა 1987 წელს ლონდონში, მას შვილები არ დარჩენია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved