სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმმა ნანატრ მემკვიდრეს
    მამუკა ნაცვალაძე
    25.12.2017

     პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა მსოფლიო ისტორიაში, სწორედ მას უკავშირდება იმ ფორმაციის პრუსიის შექმნა, რომელიც საფუძველს დაუდებს გერმანიის გაერთიანების ურთულეს პროცესს. სწორედ მის სახელს დაუკავშირდება მეთვრამეტე საუკუნეში პრუსიის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა, რაც თვისებრივად განსხვავებულ ეპოქას ჩაუყრის საფუძველს.

    რატომ აღმოჩნდა ფრიდრიხ მეორე ქართველთათვის მისაბაძი და სამაგალითო

    ეს ის პოლიტიკური სივრცეა, ქართველებს რომ განსაკუთრებულად იზიდავთ, მეთვრამეტე საუკუნის 30-იანი წლებმა ხომ საქართველოშიც პოლიტიკური არეულობა მოიტანა. სწორედ ამ ქაოსიდან უნდა შეიქმნას სახელმწიფო, რომელიც თავისუფალი იქნება. ეს ის იდეა ფიქსია, რასაც ერეკლე მეორე და მამამისი თეიმურაზ მეორე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეთაყვანებიან და ამ ფონზე სწორედ პრუსიაა ის სახელმწიფო, რომლისგანაც მამა-შვილმა მაგალითი უნდა აიღოს.

    საკმაოდ საინტერესოა მეთვრამეტე საუკუნის ევროპულ პრესაში დაბეჭდილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრინც ჰერაკლიუსს, რომელიც ოტომანთა იმპერიის უმთავრესი მოწინააღმდეგეა, ევროპაში ფარულად უმოგზაურია, სადაც შეუსწავლია სამხედრო საქმე. ამას 1766 წელს პირველი იანვრის გაზეთი დდწნვთ უმუტშტპ ზწთე-ი წერს. გერმანული სამხედრო ხელოვნების დაუფლება განსაკუთრებულად სჭირდება ერეკლეს, მან ხომ ურთულესი პრობლემა უნდა გადაჭრას - დაღესტნიდან ლეკთა წერტილოვანი დარტყმები, რაც ქართული სახელმწიფოებრივი და ყოველდღიური ცხოვრების პარალიზებას ახდენს.

    ეს სხვა განზომილებაა, სხვა სივრცე, მთიდან წამოსულ ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლა დიდ სამხედრო განსწავლულობას მოითხოვს. ქართული სახელმწიფოებრივი სიმტკიცისათვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ლეკები ოსმალეთის იმპერიის მარიონეტები არიან.

    გარდა ამისა, მათ იმპულსურ თავდასხმებს პოლიტიკური სპეკულაციისათვის იყენებს თავად რუსეთიც, რომელიც ერთმორწმუნის ნიღბით ცდილობს, ქართველ პოლიტიკოსთა რუსული ორიენტაციის განმტკიცებისთვის დაღესტნელები მუდმივი საფრხობელის რანგში გამოიყენოს.

    რისთვის დასჭირდა ფრიდრიხ დიდის სტერეოტიპი მესამე რაიხს

    და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, საინტერესოა ქართველთათვის მისაბაძი ფრიდრიხ მეორის პერსონა, რომლის დახმარებითაც ერეკლემ ქვეყნისათვის სასიცოცხლო საკითხი უნდა მოაგვაროს. საცნაური კი ისაა, რომ სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიური ტიპაჟია ფრიდრიხი პრინცის რანგში. ის სრულიადაც არაა უძლეველი ხელისუფალი, მთელ ევროპას რომ შიშის ზარს სცემს, ის ერთი ჩვეულებრივი ყმაწვილია, რომელსაც სამხედრო საქმეზე მეტად ფილოსოფოსობა იზიდავს, კარგად უკრავს ფლეიტაზე. არადა, ამის საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბდა სტერეოტიპი - ფრიდრიხ მეორის ხსენებაზე თვალწინ უპირველესად სალდაფონი, მეომარი წარმოგვიდგება.

    ფრიდრიხი მუსიკასაც თხზავს, კომპოზიტორობაც იზიდავს, შემორჩენილია მისი მიმოწერა 35 ტომად, საიდანაც სამი ტომი ვალტერთან ეპისტოლარული ურთიერთობის დასტურია. ეს, ბუნებრივია, მეტად მნიშვნელოვანი და საგულისხმო დეტალია მისი ფსიქოლოგიური ტიპის შესაცნობად, თუმცა სულ სხვა მითი მკვიდრდება საზოგადოებაში.

    ეს მითი მესამე რაიხს სჭირდება. ფრიდრიხი ჰიტლერისა და გებელსის კუმირია, სწორედ მათ სურთ, დაამკვიდრონ პრუსიის მეფის მითოლოგიზებული, უძლეველი სახება. ფრიდრიხ მეორის ცხენზე ამხედრებულ სტატუეტებით ისინი განსაკუთრებული თავდადებისათვის აჯილდოებენ მეომრებს.

    რატომ იყო ბრანდენბურგი მეთვრამეტე საუკუნემბდე ევროპისათვის უინტერესო

    არადა, ფრიდრიხ მეორე სრულიადაც არ გახლდათ უძლეველი, განსაკუთრებით ჭაბუკობისას. მამამისი ფრიდრიხ ვილჰელმ პირველი ჰოჰენცოლერების დინასტიიდანაა. ჰოჰენცოლერები ბრანდენბურგის კურფიურსტები არიან, მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული. მეფის ტიტულს ისინი იღებენ 1701 წლიდან.

    ფრიდრიხ მეორე 1712 წელს დაიბადა. ამ დროს ჰოჰენცოლერები, სულ რაღაც თერთმეტი წელია, მეფის რანგში არიან აღზევებული, მეფობა კურფიურსტისგან სრულიად განსხვავებულ ფონს ქმნის. ჰოჰენცოლერები არ არიან სამეფო გვარის წარმომადგენლები, პრუსია სხვა განზომილებაა, ევროპისათვის იმ დროს ნაკლებად ცნობილი და ნაკლებად საინტერესო გარემო.

    მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ვერსალის კარზე, საფრანგეთში, სანთლით საძებარი გახლდათ ადამიანი, ვისაც ბერლინის მდებარეობა ეცოდინებოდა. ეს სხვა დროა, ევროპასა და მის ცივილიზაციას ამ დროს სხვა აღქმა აქვს და ამ რეალობაში განყენებულად დგას პრუსია, მისი მთავარი ქალაქი ბერლინი, ბრანდენბურგის სასახლე.

    სწორედ ამ განსხვავებულ, ევროპისათვის იმდროისათვის უცნობ გარემოში იზრდება ფრიდრიხი. საცნაური კი ის არის, რომ გავა დრო და ერთ დღესაც აღმოაჩენს - მეფობა მისთვის სრულიადაც არაა საკმარისი. მაგრამ ეს მოგვიანებით იქნება, მანამდე დიდი დროა, ცხოვრების მნიშვნელოვანმა, საეტაპო ეპიზოდებმა უნდა გარდაქმნან ჭაბუკი ფრიდრიხის სათუთი სული და ამ რომანტიკოსი ყმაწვილისაგან სულ სხვა ადამიანი, მრისხანე მბრძანებლი შექმნან.

    როგორ გაუმწარეს ბავშვობა ჰოჰენცოლერების ნანატრ მემკვიდრე ფრიდრიხ დიდს

    ამ ფონზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ ფრიდრიხის დედა სოფია დოროთეა გეორგ პირველის - ინგლისის მეფის შვილია. ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი გეორგი ინგლისის მეფის ტახტზე 1714 წელს, დედოფალ ანას გარდაცვალების შემდგომ ადის. ინგლის-შოტლანდიის ტახტი გეორგს, ჰანოვერის კურფიურსტს, მიაკუთვნეს, როგორც ელისაბედ სტიუარტის ასულის, სოფია ჰანოვერის, ვაჟს.

    საცნაურია, რომ გეორგი არ ფლობდა ინგლისურს და დიდად არც შეუწუხებია თავი მის შესასწავლად. მისთვის აბსოლუტურად გაუცხოებული იყო ის კულტურული თუ ეროვნულ-პოლიტიკური ინტერესები, რისი დაცვაც მას, როგორც მეფეს, ევალებოდა.

    ფრიდრიხი თავისი მშობლების მესამე შვილია. ორივე უფროსი ძმა მის დაბადებამდე გარდაცვლილა, ამიტომაც ის განსაკუთრებული მზრუნველობით სარგებლობს, ის ნანატრი შვილია. თითქოს ეს გარემოება უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ მას გაანებივრებენ, ყველა სურვილს შეუსრულებენ, მაგრამ ხდება ის, რაც ამოვარდნილია ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკიდან. ამის მიზეზი კი ფრიდრიხ ვილჰელმ პირველია. როცა მისი ნანატრი შვილი ფრიდრიხი დაიბადა, ის ჯერ კიდევ არ იყო მეფე. მეფობს მამამისი - ისიც ფრიდრიხი, ისიც პირველი, თუმცა არა ვილჰელმი.

    სწორედ პრუსიის პირველი მეფის იდეა იყო ის მილიტარისტული განწყობა, შემდგომში მესამე რაიხის იდეოლოგიამ რომ მიაწერა ფრიდრიხ მეორეს. არადა, პატარა ფრიდრიხს სულ სხვა მისწრაფებები ჰქონდა. როგორც მემატიანეები გადმოგვცემენ, სამი წლისას მისთვის ბარაბანი უჩუქებიათ, მასაც გემრიელად უთამაშია, იქაურობა გაუყრუებია ბარაბნის ხმას. ხუთი წლის ასაკში სამხედრო მუნდირი შეუკერავთ, ბარაბნით ხელში სამხედრო მუნდირში ნამეტანი შთამბეჭდავად გამოიყურებოდა თურმე პრუსიის მომავალი მეფე. სწორედ აქედან მიანიშნეს მას, ვინ უნდა ყოფილიყო, რა გზას უნდა გაჰყოლოდა, რა ცხოვრების წესი უნდა აერჩია.

    საგულისხმოა ისიც, რომ ძილის წინ, მამასთან დამშვიდობებისას, პატარა ფრიდრიხს ყოველდღიურად აიძულებდნენ, იარაღით სხვადასხვა სავარჯიშო შეესრულებინა. მისი სახით ხედავდნენ მხოლოდ ჯარისკაცს.

    რატომ არ მოსწონდა ფრიდრიხ დიდის მამას შვილის ფლეიტით გატაცება

    არადა, მას შინაგანად სხვა გატაცება აქვს, საკმაოდ ადრე დაეუფლა ფლეიტას. თანამედროვენი მიანიშნებენ, რომ ფრიდრიხი ურიგო მუსიკოსი არ ყოფილა და საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდნენ მის შექმნილ არაერთ ნაწარმოებს. არ იყო მათი რიცხვი ცოტა.

    ნამეტანი არ მოსწონდა ფლეიტით შვილის გატაცება ფრიდრიხ ვილჰელმს. დიდი ალბათობით, მან არც კი იცის, რომ ფლეიტა ანტიკურ სამყაროში გამორჩეულ მებრძოლებში, სპარტელებში, პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ეს სხვა დრო იყო, განათლებასთან მწყრალად მყოფ მეფეს სულ სხვა წარმოდგენა აქვს საბრძოლო ხელოვნებაზე. ეს არცაა გასაკვირი, თავად პრუსების წარმომავლობა - სკანდინავიურ-ლიტვურ-სლავური ნაზავი - საკმაოდ შორსაა ანტიკურ სამყაროსთან და მათთვის მხოლოდ ძალადობა და ამ ძალადობაზე დაფუძნებული წასრიგი იყო მისაღები.

    ასეთი მკაცრი და სალდაფონია ფრიდრიხ მეორის მამა. ის მუდამ ხელჯოხით დადის, მეტი დამაჯერებლობისთვის სჭირდება ეს ატრიბუტი. არის ცნობები, რომ ამ ჯოხს ადამიანების გასაროზგად იყენებს, მათ შორის ქალების გასაროზგადაც და ამას დიდი სიამოვნებით აკეთებს.

    ამგვარი ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს შვილის აღზრდასაც. მასწავლებლებად ფრანგ კალვინისტებს იწვევს, მადამ ვაკულსა და მუსიე დიუგანს. ისინი ნანტის ედიქტის გაუქმების შემდეგ აფარებენ თავს პრუსიას. ფრანგებს მეფისგან კონკრეტული დაკვეთა აქვთ - ზეპირად უნდა ასწავლონ ფრიდრიხს კატეხიზმო და სხვა რელიგიური ტექსტები. არადა, ყმაწვილს სრულიადაც არ იზიდავს ეს რუტინული საქმე, ხშირად უარს ამბობს გაუგებარი ტექსტების დაზეპირებაზე და აქ ერთვება ის ცნობილი ხელჯოხი, რომელიც მამამისის განუყრელი ატრიბუტია.

    რელიგიური აღზრდა პოლიტიკის განუყრელი ნაწილია - ამ თეზას მისდევს მეფე, მაგრამ ფრიდრიხი სხვა განზომილებით ცხოვრობს, მისი თავისუფლებისმოყვარეობა სხვა სივრცეებისკენ ისწრაფვის.

    რატომ არ აპატია ფრიდრიხ დიდს მამამისმა ინგლისში გაქცევა

    თანდათან მწიფდება კონფლიქტი, უფლისწულის თავისუფლებისაკენ სწრაფვა ვერ ჰგუობს სალდაფონობის რუტინას. არადა, სახელმწიფო დაკვეთა ნათელია - ჰოჰენცოლერების დინასტიას, რომელთა სამეფო ტიტული სულ რამდენიმე წელს ითვლის, ღირსეული მემკვიდრე სჭირდება, მათი დინასტიის (რომელიც სრულიადაც არაა სამეფო) დღეგრძელობისათვის რომ არის აუცილებელი. და ამ დაპირისპირებას უკვე აღარ აქვს რესურსი იმისა, რომ შეინიღბოს.

    18 წლის ასაკში, 1730 წელს, უფლისწული ფრიდრიხი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ პერიოდის საზოგადოებაში უპრეცედენტო სკანდალის საფუძველი გახდება. ფრიდრიხი ცდილობს, მამის სალდაფონურ გარემოს დააღწიოს თავი და მეგობარ ფონ კატესთან ერთად ინგლისში პაპამისთან გარბის.

    პაპამისი ინგლისის მეფე გეორგ პირველიც თავისუფალი კაცია, შემთხვევით აღზევებული ტახტზე, სულ სხვა მისწრაფებებითა და ინტერესებით. თითქოს არაფერი უნდა დაშავდეს - შვილიშვილს გული პაპისკენ მიუწევს, მაგრამ პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ პირველისათვის რეალობა სრულიადაც ვერ ეტევა სენტიმენტალური განწყობის ჩარჩოში, ეს მისთვის პოლიტიკური პროტესტია, აშკარა კონფრონტაცია. პროტესტს კი ის ძალადობით პასუხობს. ამ შემთხვევაშიც არ ცვლის მისთვის დამახასიათებელ ფორმას.

    ამბავი ბრანდენბურგის სასახლის სისხლიანი გაკვეთილისა

    განდგომილები სიკვდილით უნდა დაისაჯონ, ასეთია უმკაცრესი ვერდიქტი. ხელთ იგდეს უფლისწული, მისი ადიუტანტი და პრუსიის მეფეს მიჰგვარეს. შეუვალია ფრიდრიხ ვილჰელმი, ვერაფერი ვერ ულბობს გულს. არც ის ფაქტი ადარდებს, მისი შვილი ნანატრი მემკვიდრე რომაა ტახტისა.

    მხოლოდ საღმრთო რომის იმპერატორის ჩარევით გადააფიქრებინეს პრუსიის მეფეს 18 წლის შვილის, მომავალში ფრიდრიხ დიდის, სიკვდილით დასჯა. შეწყალება არ შეეხო მეორე განდგომილს - ჰანს გერმან ფონ კატეს და 1730 წელს ბერლინში, გათამაშდება დრამა, რომლის სახებასაც ვერასდროს მოიშორებს ფრიდრიხ დიდი - მის უსაყვარლეს მეგობარ ჰანს გერმან ფონ კატეს მის თვალწინ მოჰკვეთენ თავს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved