სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წელს ყველა უსაჩუქროდ დარჩენილი წიგნით დასაჩუქრდება
    თამუნა მუკბანიანი
    23.12.2017

     მეორე წელია, "საიდუმლო სანტას" თამაში წინასაახალწლოდ უფრო და უფრო პუპულარული ხდება საქართველოში. ამ თავშესაქცევით არა მხოლოდ მეგობრები და თანამშრომლები ირთობდნენ თავს, არამედ სრულიად უცნობი ადამიანებიც. შარშან თამაშში ჩართულთა ნაწილი გაწბილებული დარჩა, რადგან საჩუქარი ვერ მიიღო. მიუხედავად ამისა, იდუმალი თამაშის მიმართ ინტერესი არ განელებულა.

    სპეციალურად "სანტაობის" მიზნით ინტერნეტ სივრცეში ვებ-გვერდები და აპლიკაციებიც იქმნება. საიტზე დარეგისტრირებული ადამიანი წერს საკუთარ მონაცემებს და ინტერესს, რის მიხედვითაც მისი "საიდუმლო სანტა" ირჩევს საჩუქარს და უგზავნის აღნიშნულ მისამართზე. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ბევრი ადამიანი დარჩა უსაჩუქროდ, წელს ეს თამაში კვლავ პოპულარულია.

    აღმოჩნდა, რომ შარშან ყველაზე ხშირი საჩუქარი წიგნი იყო. ალბათ ამიტომ წელს ყველა უსაჩუქროდ დარჩენილი სწორედ წიგნით დასაჩუქრდება აპლიკაციის შემქმნელებისაგან. გარდა წიგნებისა და სახალისო საჩუქრებისა, ადამიანები ერთმანეთს უგზავნიდნენ ძვირადღირებულ ნივთებსაც. იყო ისეთი ფაქტიც, როდესაც "საიდუმლო სანტა" ბოლომდე იდუმალი დარჩა და ადრესატმა დღემდე არ იცის, ვინ გაუგზავნა საჩუქარი.

    არაერთი ადამიანი დარჩა უსაჩუქროდაც, რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, თავად კარგი "სანტები" ყოფილიყვნენ. ამიტომაც წლის დასაწყისში ამ თამაშის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი ნიჰილისტურად იყო განწყობილი. ისინი ამბობდნენ, რომ აღარ ჩაერთვებოდნენ უცნობი ადამიანებისათვის საჩუქრის მიღება-გაცემის თამაშში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, "სეკრეტ სანტა" წელსაც დიდი პიპულარობით სარგებლობს.

    საკმაოდ უცნაურია მაკო ონაშვილის შემთხვევა, რომელიც არც ერთ ვებ-გვერდზე არ დარეგისტრირებულა, თუმცა საჩუქარი მაინც მიიღო. სიურპრიზმა ძალიან გაახარა, მაგრამ დღემდე ვერ ხსნის, ეს როგორ მოხდა.

    "სამსახურში მეც ვთამაშობდი "სეკრეტ სანტას", თუმცა დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ არც ერთ საიტზე არ დავრეგისტრირებულვარ. როცა სამსახურში საჩუქარი დამხვდა ბარათით, რომელზეც ვებ-გვერდის მისამართი იყო მითითებული, ჩემს ძმას დავურეკე და მან გამარკვია, რა ხდებოდა. სავარაუდოდ, სახელი, გვარი, მისამართი და ნომერი დაემთხვა და ეს საჩუქარი ჩემთან მოხვდა, მაგრამ მე ამდენი დამთხვევა შეუძლებლად მეჩვენება.

    მიუხედავად ამისა, საჩუქრით კმაყოფილი ვარ, ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის ვაუჩერი მხვდა წილად. ძალიან მაინტერესებს, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ახალ წელს ალბათ მართლა ყველაფერი შეიძლება აგიხდეს. მიუხედავად ამისა, წელს ისევ არ დავრეგისტრირებულვარ "სეკრეტ სანტაში" და, რა თქმა უნდა, მეორედ აღარ გამიმართლებს", - ამბობს "რეზონანსთან" ეკა ონაშვილი.

    კიდევ ერთი უცნაური საჩუქრის ადრესატი მაკო ლომაიაა, რომელმაც დღემდე არ იცის, ვინ იყო მისი "სანტა", რომელმაც ძვირადღირებული საჩუქრით გაანებივრა. მას საცხოვრებელი ბინის კართან "ქოლდფლეის" ორი ბილეთი დახვდა, თუმცა დღესაც არ იცის, ვინ გამოუგზავნა ბილეთები საყვარელი ჯგუფის კონცერტზე.

    "კართან "ქოლდფლეის" ორი ბილეთი რომ დამხვდა, თავიდან ვიფიქრე, რომ მეგობრები მეხუმრნენ და ის არ იყო ნამდვილი, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ პოლონეთში გაზაფხულზე გასამართი კონცერტის ბილეთები იყო. წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვინ შეიძლება ყოფილიყო. სოციალურ ქსელებშიც დავპოსტე და ვითხოვე, გამოჩენილიყო ადამიანი, რომელიც ასე კარგად მიცნობს, იცის, რას ვუსმენ და თან ასეთი გულუხვია, თუმცა დღემდე არ ჩანს.

    საჩუქარმა, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა, მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და როგორც აღმოჩნდა, "სანტა" მხოლოდ ძალიან კეთილი კი არა, უანგაროცაა. ახლა მეც ჩავერთე თამაშში და ვცდილობ, მეც კარგი თოვლის ბაბუა ვიყო ჩემი ადრესატისათვის, რომელსაც არ ვიცნობ და ვერც ვერასდროს გაიგებს, ვინ გაუგზავნის საკმაოდ ლამაზ საჩუქარს", - ამბობს მაკო ლომაია.

    ვებ-გვერდზე დარეგისტრირებით სასურველი საჩუქარი გაუგზავნეს ლაშა გვენეტაძეს, რომელმაც ინტერესში კინომოყვარულობა მიუთითა და ერთ-ერთი კინოთეატრის 6-თვიანი უფასო ვაუჩერი გაუგზავნა "საიდუმლო სანტამ".

    "როცა საიტზე ვრეგისტრირდებოდი, ვიფიქრე, რომ წიგნს, სუვენირს ან რამე მსგავსს მივიღებდი. მეც ასე მოვიქეცი, როცა ნივთს ვარჩევდი უცნობისთვის. ჩემმა საჩუქარმა საკმაოდ დააგვიანა. შარშან ყველამ 30 დეკემბრამდე მიიღო ამანათი და მეგონა, რომ "სანტას" დავავიწყდი.

    31 დეკემბრის დილას ფოსტიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემს მისამართს ვერ მოაგნეს და ოფისში უნდა მივსულიყავი. თავიდან დამეზარა, დარწმუნებული ვიყავი, წიგნი დამხვდებოდა კინოს შესახებ ან ჭიქა რომელიმე ფილმის პერსონაჟით, რადგან მხოლოდ კინომოყვარულობა მქონდა მითითებული ინტერესებში. მაინც წავედი და მგონი, საუკეთესო "საიდუმლო სანტა" მხვდა წილად. ერთ-ერთი კინოთეატრის 6-თვიანი უფასო ვაუჩერი მერგო.

    მაშინ ვფიქრობდი, აუცილებლად ვითამაშებ მომავალ წელს და მეც საუკეთესო საჩუქარს შევარჩევ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცნაირი უაზრობაა უცნობი ადამიანისთვის საჩუქრის ძებნა ან უცხოსგან საჩუქრის მოლოდინი. ამიტომ წელს საიტზე აღარ დავრეგისტრირდი", - ამბობს ლაშა გვენეტაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter