სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამბავი აქემენიდთათვის სიურპრიზად შეთავაზებული ათენური ბლიცკრიგისა
    მამუკა ნაცვალაძე
    23.12.2017

     ბერძნული ცივილიზაცია ორგანულადაა დაკავშირებული სავაჭრო და სამხედრო ფლოტის მშენებლობასთან. სწორედ ამ საქმიანობამ შეუწყო ხელი, წარმოჩენილიყო მკაფიოდ ადამიანის როლი და დანიშნულება სახელმწიფოს წინაშე, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა დემოკრატიის საფუძვლების მთავარი გარანტი. ანტიკური სამყარო ამიტომაც რჩება დღემდე საინტერესო ფენომენად.

    არადა, სამხედრო ფლოტის დაარსების იდეას ათენში საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. საინტერესოა ისტორია იმ პერიპეტიებისა, რაც ამ იდეის ინიციატორს, ოდიოზურ პერსონა თემისტოკლეს გადახდა თავს.

    ეს ქრისტეშობამდე მეხუთე საუკუნის 80-იან წლებში ხდება, ბერძენ-სპარსელთა ეპოქალური დაპირისპირების ფონზე.

    მარათონის გაკვეთილები თემისტოკლესათვის

    თემისტოკლე სოციალური წარმომავლობით ვაჭართა ფენიდან იყო. ის რომ ცოტა ადრე დაბადებულიყო, უუფლებო იქნებოდა, მაგრამ ეს სხვა დროა. სოლანისა და კლისთენეს რეფორმებმა თვისებრივად შეცვალა ათენი, ახლა ნებისმიერი სოციალური წარმომავლობის მოქალაქეს აქვს საშუალება, თავი გამოიჩინოს და საზოგადოებაში საკუთარი უნარ-ჩვევების შესაბამისი სტატუსიც მიიღოს.

    ამ სიახლეს ათენის სპეციფიკა განაპირობებს, ქალაქის მცხოვრებნი განსაკუთრებულ აქცენტს საზღვაო ვაჭრობაზე აკეთებენ, რაც საკმაოდ მომგებიანი საქმიანობაა. სწორედ ამის წყალობით ბერძენთა ქალაქი ეგეოსის ზღვის საპორტო ცენტრი ხდება, თემისტოკლეც საზღვაო ვაჭრობითაა დაკავებული. პირველად სწორედ აქ დაებადა იდეა საზღვაო ფლოტის შექმნისა.

    ქრისტეშობამდე 490 წელს, აპენინებზე აქემენიდების პირველად შემოჭრისას, ბერძნებს მხოლოდ 100 საზღვაო ხომალდი ჰყავდათ, რომელთაც უმეტესად სავაჭრო მიზნით იყენებდნენ. აქემენიდთა პირველი შემოსვლისას არ გამხდარა საჭირო, ეს ხომალდები აქტიურად ჩართულიყვნენ საბრძოლო მანევრებში. ეს ის ძალა იყო, რომელიც ვერაფერს გააწყობდა აქემენიდთა მრავალრიცხოვან ფლოტთან.

    მარათონის ბრძოლისას თემისტოკლემ თავად იხილა სპარსელთა ფლოტის სიმრავლე. მტრის სამხედრო მანევრებს სწორედ მარათონის ბრძოლისას აკვირდება თემისტოკლე, ის პედანტურად აღნუსხავს გონებაში სპარსელთა ნებისმიერ ქმედებას, სტრატეგიასა და ტაქტიკას. ეს შთაბეჭდილებები და დასკვნები უდიდეს გავლენას იქონიებს მომავალში მასზე, სწორედ მათი გათვალისწინებით მოხდება ბერძენი მხედართმთავრის მსოფლმხედველობისა და პრიორიტეტების ფორმირება.

    საქმე ისაა, რომ მარათონის ბრძოლის მოგების შემდეგ ერთადერთმა თემისტოკლემ დაინახა, რომ საფრთხე საბოლოოდ არ იყო თავიდან აცილებული, რომ სერიოზული ძალისხმევა იყო საჭირო იმისათვის, რომ სახმელეთო მანევრებს შესაბამისი მხარდაჭერა ჰქონოდა საზღვაო ფლოტისგან.

    რა ნეგატიურ ნიუანსებს იტევდა მარათონის ბრძოლის მოგება ათენელებისათვის

    არადა, ერთი შეხედვით, ზედაპირულად ყველაფერი სულ სხვაგვარად ჩანდა - ბერძნებმა შეძლეს მრავალრიცხოვანი აქემენიდების დამარცხება მოკრძალებული ძალებით. ბუნებრივია, ამ რეალობაში ადამიანურმა სისუსტეებმაც იჩინა თავი. ეს, ერთი მხრივ, კარგი იყო, რამდენადაც გამარჯვებამ საკუთარი თავის რწმენა შემატა ათენელებს, ხოლო, მეორე მხრივ, ცუდი, რამდენადაც ბერძენ მხედართმთავართა უმეტესობა იმ აზრს იზიარებდა, რომ შერცხვენილი აქემენიდები აღარასოდეს მოინდომებდნენ ბერძნებთან შერკინებას.

    აქაც გამორჩეული იყო თემისტოკლე, ის რეალურად აფასებდა მეტოქის განწყობას, არა მარტო დამარცხებულ და დათრგუნულ აქემენიდებს ხედავდა, არამედ მათ უსაზღვრო შურისძიებისა და რევანშის წყურვილსაც. სწორედ ამიტომაც დარწმუნებული იყო, რომ ადრე იქნებოდა თუ გვიან, აქემენიდები აპენინის ნახევარკუნძულს ისევ მოადგებოდნენ და საკმაოდ მძიმე ბრძოლას გაუმართავდნენ ბერძნებს. თანაც იმაზეც იზრუნებდნენ, რომ უფრო მეტი ძალისთვის მოეყარათ თავი.

    საკმაოდ რეალურად აფასებდა სიტუაციას თემისტოკლე. ის ხედავდა, რომ ვერ იბრძოლებდა აქემენიდთა სახმელეთო ჯარი სრულფასოვნად, თუკი მას არ ექნებოდა საზღვაო ფლოტისგან ზურგი გამაგრებული და შესაბამისი მხარდაჭერა. ამ რეალობის გათვალისწინებით, თემისტოკლეს მიაჩნდა, რომ ბერძენთა მხრიდან ძლიერი ფლოტი იქნებოდა იმის გარანტი, რომ აქემენიდთა წინსვლა შეეჩერებინათ.

    ასე ჩამოყალიბდა თემისტოკლეს მოქმედების კონცეფცია - არ იყო საჭირო ათენელთა ისედაც მრავალრიცხოვანი სახმელეთო ჯარის გაზრდა, აუცილებელი იყო უფრო ეფექტური ღონისძიების გატარება - საზღვაო ფლოტის შექმნა.

    როგორ გაუღიმა იღბალმა ბერძნებს

    ერთია თემისტოკლეს ფიქრები და მეორეა ის ფონი, რაც ათენში სუფევს. არავინ უჯერებს თემისტოკლეს, არავინ მიიჩნევს საჭიროდ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას. ეს მათთვის ფუჭად გაღებული ფინანსებია, რამდენადაც დარწმუნებულნი არიან, ისევ შეძლებენ ბერძნები აქემენიდთა დამარცხებას იოლად სახმელეთო ჯარებით, თუმცა ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ პირველსავე დაპირისპირებისას, მარათონის ველზე უკვე გატეხეს სულიერად აქემენიდები და ისინი მეტს აღარ გარისკავენ ბერძენთა წინააღმდეგ აშკარა კონფრონტაციას.

    უმძიმეს სიტუაციაშია თემისტოკლე, მიუხედავად მრავალჯერადი ცდისა, ვერავის არწმუნებს ფლოტის აუცილებლობაში და აქ მიმართავს ეშმაკობას. როგორც შემდგომ აღმოჩნდება, ეს ფანდი სასიცოცხლო მნიშვნელობას შეიძენს ბერძნული ცივილიზაციის გადარჩენის თვალსაზრისით.

    ერთია ფლოტის აგების იდეა და მეორე ამ იდეის ფინანსური უზრუნველყოფა. სწორედ ესაა ყველაზე სუსტი პოზიცია. ვინმეს სურვილიც რომ ჰქონდეს ბერძენთა ფლოტის შექმნისა, არავის აქვს ზედმეტი ფული, ეს საქმე რომ დააფინანსოს. და სწორედ აქ გაუმართლათ ბერძნებს, თერმოპილესა და არტემისიის ბრძოლამდე - აპენინებზე აქემენიდთა მეორედ მოსვლამდე სამი წლით ადრე, ქრისტეშობამდე 483 წელს, ათენთან ახლოს მიაგნეს ვერცხლის ახალ საბადოს. ერთ წელში საკმაოდ დიდი რაოდენობით ამოიღეს ბერძნებმა ძვირფასი მეტალი - ორტონანახევრი ვერცხლი არ არის სახუმარო საქმე. იმდროინდელი წესების თანახმად, ამ ძვირფას ლითონზე უფლება ჰქონდა ათენის ყველა მოქალაქეს თანაბრად. თითოს 10 დრაჰმის ოდენობით შეეძლო მიეღო ვერცხლი, იმ დროისათვის საკმაოდ დიდი ფული - თანამედროვე განზომილებით ეს თანხა დაახლოებით 1600 დოლარამდეა.

    თემისტოკლე ქადაგებს, რომ ეს ფული ათენის ფლოტის მშენებლობაზე დაიხარჯოს. ის ყოველდღიურად უხსნის ათენელებს ამ საქმის აუცილებლობას და არწმუნებს თანამოქალაქეებს, უარი თქვან საკუთარ წილზე და ამ თანხის სანაცვლოდ ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ათენელთა უმრავლესობას ამ აზრის გაგონებაც არ სურს, არა იმიტომ, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე უარს ამბობს, არამედ იმიტომ, რომ კატეგორიულად გამორიცხავს აქემენიდთა ხელახალ შემოსვლას საბერძნეთში.

    ტყუილი, რომელმაც ათენი იხსნა

    ეს ის შეუვალი ფონია, რასაც ვერაფერს მოუხერხებ და თემისტოკლეს სხვა არა დარჩენია, გარდა იმისა, რომ ეშმაკობას მიმართოს და ამგვარად აისრულოს წადილი. თემისტოკლე ხვდება, რომ მის ქადაგებას შედეგი არ მოაქვს, ყოველდღიური შეხვედრები არაფრის მომტანია, ამიტომაც ფიქრობს, შეცვალოს სტრატეგია და სხვა კუთხიდან დაანახოს ათენელებს ფლოტის შექმნის აუცილებლობა.

    და აქ ის ირჩევს იმ გზას, რომელიც საფუძველი გახდება ბერძნული ცივილიზაციის გადარჩენისა. შეგნებულად მიდის ტყუილზე, ის ავრცელებს ჭორს, რომ თითქოს კუნძულ ეგინას ხომალდები განადგურებით ემუქრებიან ათენის სავაჭრო ხომალდებს. ეს უფრო დამაჯერებელი ფაქტია ათენელებისთვის, მათ არაერთხელ გამოსცადეს აპენინებზე მოსახლე ხალხების უშეღავათო დაპირისპირება და ამიტომაც ეჭვიც არ შეუტანიათ, რომ ეს თემისტოკლეს მოგონილი ტყუილი იყო. სწორედ ასე გადაწყვიტა მოსახლეობამ ერთხმად ათენში - უარი ეთქვა თავის კუთვნილ 10 დრაჰმაზე და ეს ფული გამოეყენებინა ფლოტის დაფინანსებაზე.

    ისტორიის ჟამთასვლა სულ მალე გვიჩვენებს, რომ ეს ტყუილი გახდება ბერძნული ცივილიზაციის გადარჩენის წინაპირობა. მართლაც საკმაოდ კარგად გათვალა თემისტოკლემ - სიმართლე რომ ეთქვა თანამემამულეებისათვის, ისინი უარს ეტყოდნენ მას, არ დათმობდნენ ფლოტის შექმნის სანაცვლოდ კუთვნილ 10 დრაჰმას. სწორედ ასე იწყება ბერძნული ფლოტის მშენებლობა, რომელმაც სულზე მოუსწრო აქემენიდთა ახალი აგრესიის წინ ბერძნებს.

    რატომ აღმოჩნდა თერმოპილეს ეპოპეისას თემისტოკლე ჩრდილში

    ქრისტეშობამდე 480 წელს ქსერქსე მიადგა აპენინებს. თემისტოკლემ უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტა უნდა ითავოს, მან აქემენიდთა ფლოტი უნდა შეაჩეროს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რამდენადაც სწორედ ზღვიდან აპირებენ სპარსელები სპარტის ალყაში მოქცევას.

    სპარტელმა მოლაშქრეებმა თერმოპილეს უღელტეხილი უნდა ჩაკეტონ, ეს გზა უნდა გაიარონ აქემენიდებმა ცენტრალურ საბერძნეთში, ათენისაკენ რომ გადავიდნენ. ათენი ის ქალაქია, რომლის განსაკუთრებული ჯინი აქვთ სპარსელებს. გველის ნაკბენივით ახსოვთ ათი წლის წინანდელი მარათონი.

    და იწყება თერმოპილეს გმირული ეპოპეა. საცნაური კი ისაა, რომ როცა თერმოპილეს ბრძოლაზეა საუბარი, ყოველთვის იხსენებენ სპარტელთა მეფე ლეონიდასს, არადა, ამ სტრატეგიული ბრძოლის დაგეგმვაში უდიდესი როლი შეასრულა თემისტოკლემ. ეს მისი სამხედრო კონცეფციის მთავარი პოსტულატია - სახმელეთო ოპერაციები საზღვაო ძალების მიერ უნდა იქნეს გამაგრებული.

    თემისტოკლეს ჰქონდა განსაკუთრებული ალღო და წინასწარმეტყველების უნარი, ზუსტად შეეძლო, გაეთვალა მტრის მანევრი და ის მოქმედებები, რითაც შეიძლებოდა ამ წინააღმდეგობის განეიტრალება. სწორედ მისი სამხედრო გეგმა ითვალისწინებდა თერმოპილესთან მტრის შეჩერებას, რაც აბსოლუტურად სწორი გეოსტრატეგიული გათვლა იყო.

    ამბავი ბერძნული საბრძოლო ფლოტის პირველი ნათლობისა

    თემისტოკლეს იდეაფიქსია - საზღვაო და სახმელეთო ბრძოლები ერთმანეთთან შეთანხმებული იყოს, მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევა, ფაქტობრივად, სრულ კატასტროფას ნიშნავს. ამიტომაც სპარტელთა სახმელეთო ბატალიებს საზღვაო მანევრები უნდა მიაშველოს. სამხედრო მანევრის ადგილად კუნძულ ევბეასა და კონტინენტურ ნაწილს შორის არსებული საზღვაო სივრცე შეირჩა. ეს გზა უნდა გადაკეტოს თემისტოკლემ, რათა ხელი შეუშალოს აქემენიდებს, ალყაში მოაქციონ სპარტა.

    აქემენიდებს 1000 ხომალდი აქვთ, ევბეისაკენ 200 ხომალდი გადაიყვანეს, ფიქრობენ, რომ ძირითად ძალებს მოუფრთხილდებიან და მხოლოდ 200 ხომალდით შეძლებენ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტას. გარდა ამისა, აქემენიდები ბერძენთა ფლოტის ალყაში მოქცევასაც გეგმავენ. ისინი ელიან, როდის დაიძრება ბერძენთა ფლოტი ევბეას მიმართულებით. ბუნებრივია, ამ სტრატეგიული გათვლებისას მთავარი ლოგიკა ისაა, რომ ბერძენთა ფლოტი ვერ გაბედავს, პირველმა დაიწყოს შეტევა.

    ბლიცკრიგის თემისტოკლესეული ანტიკური ვერსია

    თუმცა ეს გათვლა არ გამართლდა. თემისტოკლე ავანტიურაზე მიდის, თანაც საკმაოდ გონივრულად. ის საღამოს იწყებს შეტევას სპარსელთა ფლოტზე, ევბეასთან დიდი საბრძოლო ბატალიები ხურდება.

    საგულისხმოა, რომ უჩვეულო და გამიზნული იყო შეტევის ასეთ დროს დაწყება, ბუნებრივია, გათვლა ბლიცკრიგზეა, მოულოდნელობის ფაქტორი ხომ ყველა დროის სამხედრო დაპირისპირებისას წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

    ასე იწყება ანტიკური სამყაროს ბლიცკრიგი, სადაც მინიმუმამდე უნდა იყოს ბერძენთა დანაკარგი, სწორედ აქ უნდა გადაწყდეს, რამდენად მოხერხდება აქემენიდთა გეგმების აღსრულება.

    პირველსავე ჯერზე სპარსელთა 200 ხომალდის ჩაძირვა თემისტოკლეს იდეის გამარჯვებას ნიშნავს, თუმცა თერმოპილესთან სპარტელთა მარცხი ევბეასთან საზღვაო დაპირისპირებას სტრატეგიულ ფუნქციას უკარგავს.

    თემისტოკლე უკან იხევს, წინ ათენისათვის უშეღავათო ბრძოლაა. ერთი წელიც და მსოფლიო ისტორიაში კიდევ ერთი ულამაზესი ფურცელი უნდა გადაიშალოს. სალამინის ყურესთან საბოლოოდ იზეიმებს გამარჯვებას თემისტოკლეს ახირებით შექმნილი ბერძნული ფლოტი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter