სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    შობა-ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის დამკვიდრების უცნობი დეტალები
    ია აბულაშვილი
    23.12.2017

     "ალბათ ყველას გიყვართ საშობაო ნაძვის ხე და გიხარიათ მისი მორთვა-მოკაზმვა, მაგრამ გიკითხავთ თუ არა, რატომ ვრთავთ მაინცდამაინც ნაძვს და არა სხვა რომელიმე ხეს და რად ვამკობთ მას ოქროსფერი ქაღალდის ბრჭყვიალა ვარსკვლავებით?

    "თურმე იმ მღვიმეს ბეთლემში, სადაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაიბადა, გარშემო ტყე ერტყა. შესასვლელს კი ამშვენებდა სამი ხე: ზეთის ხილისა, ნაძვისა და ბზისა.

    "როცა ზეცაზე დიდებული ვარსკვლავი ამოკაშკაშდა დიდი ამბის, ადამიანის მოდგმის მხსნელის, იესო ქრისტეს ხორციელი შობის მახარობლად, ყველაფერს სული ჩაედგა და ყველა ისწრაფვოდა, ძღვენი მიერთმია ახლად შობილი ყრმისთვის. ზეთის ხემ ზეთისხილი მოისხა, ბზაც მწვანედ შეიფოთლა, მხოლოდ საწყალმა ნაძვმა ვერაფერი იღონა და ვერ მიართვა ჩვილ იესოს. დაღონდა, ტოტები ჩამოყარა, თითქოს ატირდა. სურნელოვანი, მოყვითალო წებო ცრემლად გადმოსკდა.

    "უეცრად ვარსკვლავების წვიმა მოვიდა და დაღონებული ნაძვი თავიდან ფეხებამდე მორთო, წვერზე კი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მოექცა. ის დღეა და ის დღე, ყოველ წელს შობის ღამეს სანთლებითა და სათამაშოებით მდიდრულად მორთული ნაძვი ინთება და ბრჭყვიალი გააქვს პატარების სასიხარულოდ", - ასე აუხსნა საბავშვო ჟურნალმა "ჯეჯილმა" 1903 წლის შობას თავისი ფურცლებიდან პატარა ქართველებს ნაძვის ხის დაბადების ისტორია.

    როდის მიიღო ამ მარადმწვანე მცენარემ საშობაო ხის დატვირთვა, ცნობილი არ არის, თუმცა ნაძვის ხე და მისი მორთვის ტრადიცია ათასწლეულებს ითვლის. დღევანდელ სტატიაში, ჩვენც გვინდა, მკითხველს შევთავაზოთ რამდენიმე ვერსია საშობაო ნაძვის ხის მორთვის ისტორიიდან.

    ნაძვის ხის ქართულ ანალოგს "ჩიჩილაკი" ერქვა, რომელიც წმინდა ბასილის სახელთან იყო დაკავშირებული და მას "ბასილის ფაფუკ წვერებს" ეძახდნენ. "ჩიჩილაკი" ოჯახის ბარაქის სიმბოლო იყო, მას თხილის ნედლი ტოტიდან თლიდნენ და კონკანტელას მარცვლებით რთავდნენ. საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს - "ბასილის პურს" - "ჩიჩილაკზე" კიდებდნენ.

    ევროპაში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია, სავარაუდოდ, მე-16 საუკუნიდან იღებს სათავეს. პირველად გერმანელმა ბერმა მარტინ ლუთერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. მალე ეს ტრადიცია მთელ ევროპაში გავრცელდა, წიფელი ნაძვმა შეცვალა და ეს "თაიგული" ევროპის ყველა ოჯახში გაჩნდა.

    თავდაპირველად ნაძვის ხის ატრიბუტი იყო ბაფთები და ხილი. შემდეგ უფრო დაიხვეწა. ხის კენწეროზე ანგელოზებს კიდებდნენ, რაც შემდეგ ვარსკვლავით შეიცვალა იმ ვარსკვლავის აღსანიშნავად, რომელმაც ბეთლემში მოგვები ქრისტესთან მიიყვანა.

    პირველი ნახატი, სადაც ასახულია მსვლელობა სადღესასწაულო ხით, გერმანიაში შეიქმნა, რომელიც მე-16 საუკუნის ბოლო წლებით თარიღდება. ისტორიკოსი ბალთაზარ რუსო კი 1584 წლის ჩანაწერში გადმოსცემს სცენას, რომ ერთ-ერთ ქალაქში, სავარაუდოდ, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ბაზრის მოედანზე ნაძვის ხე იდგა, მოსახლეობას იქ მოეყარა თავი და ნაძვის ხის გარშემო ცეკვავდნენ და მღეროდნენ.

    ისტორიული წყაროების მიხედვით, ისიც ირკვევა, რომ ნაძვის ხეებს სახლებში თავდაპირველად ჭერზე კიდებდნენ ჯაჭვით.

    ინგლისში პირველი ნაძვის ხე 1830-იან წლებში გამოჩნდა, პოპულარობა კი მას შემდეგ მოიპოვა, რაც 1841 წელს დედოფალ ვიქტორიას გერმანელმა მეუღლემ, პრინცმა ალბერტმა ის უინძორების სასახლეში დაუდგა.

    ევროპული ნაძვის ხეები ძირითადად მორთული იყო ფაიფურის სათამაშოებით და სანთლებით. ეს ტრადიცია გავრცელდა შემდეგ ამერიკაში, რაც მე-20 საუკუნეში შუშის სათამაშოებმა და დეკორატიულმა ელექტროგანათებამ შეცვალა. ამ უნიკალური გამოგონების ავტორი კი ჩვენი თანამემამულე, აშშ-ში მცხოვრები ქართველი მეწარმე გრიგოლ კობახიძე იყო, რომელსაც ოკეანის გაღმა ჯორჯ კობის სახელით იცნობდნენ.

    ძნელია ისეთი დიდი ქვეყნის გაოცება, როგორიც ამერიკაა, მაგრამ ჯორჯ კობიმ ეს შეძლო და თავისი უნიკალური გამოგონებით გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიო ინდუსტრიაში. მის გამოგონებაზე წერდა გასული საუკუნის 60-იანი წლების ამერიკული პრესა. სარეკლამო ფურცლები აჭრელებული იყო ჯორჯ კობის პროდუქციით, იგი არაერთხელ დასახელდა ამერიკელ გამომგონებელთა ათეულში.

    ჯორჯ კობის გამოგონება იყო ქიმიური სითხით სავსე ელექტრონათურები. ქსელში ჩართვის შემდეგ ფერადი ბურთები მოძრაობას იწყებდნენ, რაც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ნაძვის ხის მინის სათამაშოების წარმოება კი 1964 წლიდან დაიწყო. ჯორჯ კობიმ მის მიერ შექმნილ სიახლეს - ნაძვის ხის ფერად სათამაშოებს "ორნამენტი" დაარქვა. ქართული დროშის ფერის, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ სხვადასხვა ფორმის ორიგინალურ სათამაშოებს, ასევე, ხის კენწეროს მოსართავს ინგლისურად ეწერა: "კობი. საშობაო ხის ორნამენტები - კობი, ეს შობაა". ასე შეიცვალა ამერიკელების საშობაო ნაძვის ხე ნამდვილი სანთლებიდან ელექტრონული ნათურებითა და შუშის სათამაშოებით, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ამერიკაში.

    კობის ნაძვის ხის სათამაშოები იმ დროს კანადაშიც იყიდებოდა და მასზე ფრანგული წარწერა იყო.

    "კობი კლასიკ კომპანის" პროდუქცია, ნაძვის ხის უნიკალური სანათები და სათამაშოები, დღემდე იყიდება ამერიკასა და ევროპაში და მსოფლიო ბაზარზე დღესაც "კობის" სახელით გამოდის.

    როგორც ამბობენ, 2017 წელს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ძვირადღირებულ ნაძვის ხეებს შორის დასახელდა ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენ მეზეუმში დადგმული სადღესასწაულო ნაძვის ხე, რომლის სიმაღლეც იყო 20 ფუნტი. მასზე ფასდაუდებელ ისტორიულ სათამაშოებს - მე-18 საუკუნის ანგელოზებს შორის თავს იწონებდა "კობის" ნაძვის ხის სათამაშოები.

    "კობი" ამშვენებდა ორიგინალობით გამორჩეულ, ლონდონში, "ვიქტორიასა და ალბერტის" მუზეუმში მდგარ 35 ფუტის სიმაღლის ნაძვის ხეს და პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ულამაზეს ნაძვის ხეს, რომელსაც "ელვარე" უწოდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved