სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    22.12.2017

     ბერტა ფონ ზუნტერი, კნუტ ჰამსუნი, ფრიტიოფ ნანსენი, იგორ ტამი, ანრეი ჟიდი, ჯონ სტეინბეკი, კარლ ალექს მიულერი, იოჰან გეორგ ბედნორტი, გუსტავ ჰერცი, ეს მოკლე ჩამონათვალია ნობელის პრემიის ლაურეატებისა, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ. დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა, გავიხსენოთ ცნობილი დანიელი მეცნიერის, თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ნობელის პრემიის ლაურეატ ნილს ბორის საქართველოში სტუმრობის ისტორია.

    "დიდი დანიელი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნილს ბორი 1961 წლის 9 მაისს მესამედ ეწვია მოსკოვს. შერემტიევოს აეროპორტში სტუმარს დელეგაცია დახვდა. მათ შორის იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ელეფთერ ანდრონიკაშვილი, რომელსაც საპატიო სტუმარი საქართველოში მოუწვევია.

    "თქვენთვის საინტერესო იქნება, ერთმანეთისთვის შეგედარებინათ მეცნიერების განვითარების შესაძლებლობანი ორ პატარა ქვეყანაში, საქართველოსა და დანიაში, სოციალისტურსა და კაპიტალისტურში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა თანაბარია, ჩამობრძანდით ჩვენთან კავკასიაში," - ამ სიტყვებით მიმართა ელეფთერ ანდრონიკაშვილმა დანიელ მეცნიერს" - წერს თავის პუბლიკაციაში ჟურნალისტი ბესიკ ფიფია და ქართველი მეცნიერის რამდენიმე მოგონებას იხსენებს.

    ნილს ბორმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას, თუმცა უარი უთხრა, რადგან მოსკოვის შემდეგ ლენინგრადში წასვლა და მეგობართან, აკადემიკოს ვლადიმერ ფოკთან შეხვედრა ჰქონდა განზრახული. საბჭოთა ხელისუფლება ამ შეხვედრის წინააღმდეგი იყო, რადგან ვლადიმერ ფოკს ქვეყნიდან გასვლა აკრძალული ჰქონდა და შიშობდნენ, რომ დანიელ მეცნიერს აუცილებლად უამბობდა კომუნისტების მხრიდან მისი დევნის შესახებ. ამიტომ ნილს ბორს უთხრეს, ფოკი ამჟამად შეუძლოდ არის და კავკასიაში მკურნალობსო. მაშინ გადაწყვიტა დანიელმა მეცნიერმა, თბილისში ჩამოსულიყო იმ იმედით, რომ მეგობარს შეხვდებოდა.

    1961 წლის 14 მაისს, საღამოს, იგი თბილისში ჩამოვიდა. აეროპორტში დახვდნენ ქართველი მეცნიერები: "რეაქტიული თვითმფრინავის ძრავის გრუხუნმა იმის შესახებ გვამცნო, რომ ღრუბლებიდან ჩვენს მიწაზე ეშვება თანამედროვე ფიზიკის ღმერთი საბაოთი - ყველაზე დიდი დიდს შორის - ნილს ბორი. შავებში გამოწყობილმა მაღალმა ფიგურამ, ხელში წვრილი შავი ქოლგით, თავი დახარა და გამოვიდა ტრაპის ზედა ბაქანზე. ამ დროს ატყდა ტაშისცემა და გაისმა აღფრთოვანებული შეძახილები - "ბორი, ბორი". აქ ბორმა მისასალმებელი ჟესტი გააკეთა. მან ხელი გამომიწოდა და მითხრა: "ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, ერთმანეთს შევადარო ორი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის განვითარების პირობები, ქვეყნებისა, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა თანაბარია და რომლებიც ასეთი განსხვავებული სოციალური კანონებით ცხოვრობენ," - იხსენებს ელეფთერ ანდრონიკაშვილი.

    ნილს ბორს თან ახლდნენ მეუღლე მარგარეტი და ვაჟიშვილი ოგე, მომავალში, ასევე, ნობელის პერმიის ლაურეატი ფიზიკის დარგში. სტუმრები აეროპორტის სამთავრობო დარბაზამდე მიაცილეს, რათა ვიზიტის პროგრამა განეხილათ, თუმცა დიდ მეცნიერს პროგრამიდან ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი უთქვამს, ელეფთერ ანდრონიკაშვილს კი უთხრა, რომ სიამოვნებით ეწვეოდა მას სახლში, რათა ოჯახურ გარემოში ესაუბრათ. შემდეგ სტუმრები სასტუმრო "ინტურისტში" დაბინავდნენ.

     მეორე დილით ნილს ბორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც ოვაციებით შეხვდნენ. მან დაათვალიერა უნივერსიტეტი და მოკლე სიტყვითაც წარდგა სტუდენტების წინაშე. შემდეგ სახლში ეწვია აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილს, რომელსაც ოჯახი არ ჰყავდა, მაგრამ ამის შესახებ სტუმრისთვის არაფერი უთქვამს. როგორც ამბობენ, იგი დროებით "დააქორწინეს" ფიზიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა, სიმპათიურ თანამშრომელზე, რომელსაც სტუმრების მისაღებად ყველაფერი მოემზადებინა.

    სადილის დროს სტუმარმა ისაუბრა საქართველოზე, ფიროსმანზე, ქართულ კულტურაზე, შეაქო საუნივერსიტეტო განათლება, მერე კი მასპინძლისთვის უკითხავს, შეუძლია თუ არა, შეხვდეს თავის მეგობარ ვლადიმერ ფოკს. ელეფთერ ანდრონიკაშვილს უთქვამს, რომ მეცნიერი საქართველოში არ არის და თავის სახლშია ლენინგრადში. ხელისუფლების ამ სიცრუით აღშფოთებულ ნილს ბორს მეორე დღეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ოფიციალურ მიღებაზე უარი უთქვამს.

    სტუმარი კახეთში წაიყვანეს. შუამთის მონასტერი დაათვალიერებინეს, მერე - იყალთოს აკადემია. იქვე, ხის ძირში, სუფრა ყოფილა გაშლილი, ქართველი გლეხები ქეიფობდნენთურმე. დანიელ მეცნიერს მათი გაცნობა უთხოვია.

    "დაახლოებით 10 კაცი, უმეტესად ხანდაზმულები, მოწყობილიყვნენ ხალიჩის ირგვლივ, რომელზედაც საჭმელი, დოქები და თასები ელაგა. მაგიდის თავში თამადა იჯდა, რომელიც ჩვენს დანახვაზე წამოდგა და სუფრასთან მიგვიწვია. თან მკითხა, ვინ არიან ეს უცხოელებიო. დიდი მეცნიერი ნილს ბორია - ვუთხარი. თამადამ სუფრის წევრებს მიმართა - ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მეცნიერი, პროფესორი ნილს ბორი. მან შექმნა ატომური ფიზიკა. მის მიერ შექმნილს მოწაფეები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სწავლობენ. იგი ჩვენთან დანიიდან ჩამოვიდა".

    როდესაც თამადის სიტყვები ინგლისურად უთარგმნეს, ნილს ბორმა არ დაიჯერა, რომ მივარდნილ ქართულ სოფელში ასე იცნობდნენ მას. მიიჩნია, რომ რაღაც სპექტაკლი თამაშდება. მე ავუხსენი, რომ სპეციალურად მოწყობილი არფერია და ეს კაცი ადგილობრივი სკოლის ფიზიკის მასწავლებელია. თუ სიმართლეა, აინშტაინის განტოლება დაწეროსო, - თქვა ნილს ბორმა. სკოლის მასწავლებელმა ქაღალდის ნაგლეჯზე ფორმულა დაწერა. თუ გნებავთ, შრეიდინგერის განტოლებასაც დავწერო, - თქვა. მოკლედ, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ღრამდ ჩაფიქრებულ მეცნიერს ვიღაცამ ღვინის სასმისი მიაწოდა და ჩუმად მოსვა" - იხსენებს ელეფთერ ანდრონიკაშვილი.

    ქალაქში დაბრუნებულს ფუნიკულიორზე ასვლა უთხოვია. დიდხანს ათვალიერებდა მთაწმინდის პლატოდან თბილისის პანორამას. მეორე დღეს ფიზიკის ინსტიტუტს ეწვია, შემდეგ ქართულ ატომურ რეაქტორსაც გაეცნო. ჯვრის მონასტერი მოინახულა და ქართული საგალობლებით მოიხიბლა. ლონდონში დაბრუნებულს კი თბილისში ასეთი წერილი გამოუგზავნია. "საქართველოს დღეები ჭეშმარიტად საუცხოო იყო, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები წამოვიღეთ ქვეყნის სილამაზის, უძველესი ძეგლებისა და ხალხის სულის შესახებ"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter