სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    21.12.2017

     ბორჯომისა და მისი უნიკალური მინერალური წყლების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს და ამის შეხსენებით თავს აღარ შევაწყენთ, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი ბორჯომის უნიკალური შენობების ისტორიიდან.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სახელწოდება "ბორჯომი" პირველად 1819 წლის საბუთებში გვხვდება. ხეობის კანონიერი მფლობელები იყვნენ ავალიშვილები, რომლებსაც წლების განმავლობაში სასამართლო დავა ჰქონიათ კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვთან და შემდეგ იძულებული გამხდარან, მცირე თანხისა და პენსიის დანიშვნის სანაცვლოდ დასთანხმებოდნენ მას ხეობის სახაზინო მამულად გადაცემაზე.

    მას შემდეგ, რაც ბორჯომი სახაზინო მამულად გამოცხადდა, ვორონცოვმა მშენებლობა წამოიწყო. მინერალურ წყაროსთან ააშენა ქვის გალერეა და რამდენიმე აბაზანაც ჩადგა. მინერალური წყლის საქმე კი ჩააბარა კავკასიის საქმეთა მმართველს სამედიცინო განხრით, ვინმე ანდრეევსკის, რომელიც ახლად შემოღებულ თანამდებობაზე - "მინერალური წყლების მმართველად" დაუნიშნავს.

    1862 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა მიხეილ რომანოვი, რომელიც ოჯახით დასახლდა თბილისში. დიდი მთავარი მოხიბლულა ბორჯომის ულამაზესი ხეობით და პირველი, რაც გაუკეთებია, 1868 წელს მდინარე მტკვარზე აუგია რკინის ხიდი, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოუტანიათ. ხიდი დაუპროექტებია აკადემიკოს შვეიერს. სახელი კი მიხეილ რომანოვმა თავისი მეუღლის - ოლღას საპატივცემულოდ დაარქვა და მას "ოლღას ხიდი" ეწოდა.

    1899 წელს აშენდა რუსეთის იმპერიაში რიგით მეორე, ხოლო სიმძლავრით პირველი, 300 ცხენის ძალის ჰიდროელექტროსადგური. მშენებლობას ხელმძღვანელობდა მიხეილ რომანოვის მამულის ქიმიკოსი მოლდენჰაუერი. მშენებლობის ხარჯები გაუღიათ დიდი მთავრის მამულის შემოსავლიდან 164 000 მანეთის ოდენობით.

    მიხეილ რომანოვი მოხიბლულა ლიკანით და გადაუწყვეტია, იქ საზაფხულო რეზიდენცია აეგო. ეს ტერიტორია ადრე გენერალ პიტესს ეკუთვნოდა და რომანოვს გენერლისგან შეუსყიდია. მისი ბრძანებით, 1892-1895 წლებში არქიტექტორ ლეონიდ ბენუას პროექტით დაიწყო სასახლის მშენებლობა, რომელიც აუშენებია გერმანელ არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდს.

    მშენებლებად მოუწვევიათ ბერძენი და იტალიელი ოსტატები, რომლებსაც მოზაიკური ჭერი აღმოსავლურ სტილში გადაუწყვეტიათ. სასახლე ნათდებოდა 60 კვტ. სიმძლავრის ელექტროსადგურიდან.

    შენობის ფასადს ამშვენებდა მარმარილოს ქანდაკებები ანტიკური ღმერთების გამოსახულებით, მარმარილოს კიბე, ქვის დეკორატიულ ბოძებზე შემოდგმული იტალიური დოქებით და ჩინურ- იაპონური ფაიფურის ვაზებით, ცენტრალური შესასვლელის თაღზე შემომჯარი ფაიფურის თუთიყუშით, რომელიც კარების გაღებისთანავე იწყებდა მოძრაობას, თითქოს შემოსულ სტუმარს ესალმებაო.

    სასახლე გაწყობილი იყო ანტიკვარული ავეჯითა და ნივთებით. დარბაზებს ამშვენებდა ნაპოლეონის მიერ რომანოვებისთვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის ნაჩუქარი სავარძელი, რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისგან გამოთლილი მაგიდა. დიდი ბილიარდი, ბუხარი, რომელზეც იტალიური მწვანე კერამიკით გამოსახული იყო ბორჯომის ხეობაში ბინადარი ცხოველები. მეორე სართულზე იყო პეპლებით მოხატული საძინებელი.

    როგორც ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი წერს, დიდი მთავრის ვაჟი ნიკოლოზ რომანოვი გატაცებული იყო ლეპიდოპტოლოგიით (მეცნიერება პეპლებზე). საკუთარი ხელით აკეთებდა პეპლების ჩანახატებს, რომლებსაც შემდეგ აკვარელით აფერადებდა.

    მისი ბრძანებით, ლიკანის ტერიტორიაზე უამრავი პეპელა დაიჭირეს და დიდი კოლექციაც შეაგროვეს, დაახლოებით 110 000 ნაირსახეობის პეპლის კოლექცია. კოლექციის დიდი ნაწილი რომანოვმა პეტერბურგის ზოოლოგიის მუზეუმს გადასცა, ნაწილი კი თბილისის სახელმწიფო მუზეუმს უსახსოვრა. მან პეპლების კვლევას 9 ტომი მიუძღვნა, რომლებიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

    სასახლის ბაღი, რომელიც 47,16 ჰექტარზე იყო გაშენებული, დაუპროექტებიათ ცნობილ მებაღეებს - რეგელსა და რამს. აქვე ყოფილა ხელოვნური ტბაც, სადაც წეროები და გედები დაცურავდნენ. ირმები და შვლებიც გაუშვიათ. არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ პარკში გადებული პატარა ხიდი რომანოვის დაკვეთით შეუქმნია ცნობილ ფრანგ არქიტექტორს, ეიფელის კოშკის ავტორ გუსტავ ეიფელს.

    კომუნისტების დროს ლიკანის რომანოვების სასახლეს ხშირად სტუმრობდნენ ბოლშევიკური პარტიის მამები. ლიკანის სასახლეში ისვენებდა იოსებ სტალინიც, რომელსაც თავისი კვალი დაუტოვებია რომანოვების ცნობილ კაბინეტში, საკუთარი ხელით მიუჭედებია ორი ლურსმანი, ერთი კაბინეტში მდგარ მაგიდაზე ქუდის დასაკიდად, მეორე კედელზე კიტელისთვის.

    ბორჯომის მშვენება იყო, ასევე, 1892-1893 წლებში ბორჯომ პარკში 1175 კვადრატულ მეტრზე აშენებული ორსართულიანი სასახლე, რომელიც საქართველოში ირანის ელჩ მირზა რიზა-ხანს საყვარელი ქალისთვის აუშენებია და "ფირუზი" დაურქმევია.

    სასახლე აღმოსავლურ სტილში ააგეს, უნიკალური ორნამენტებით. შენობის წინა გუმბათი მოპირკეთებული იყო ფირუზისფერი სარკეებით. სასახლეს ამშვენებდა უნიკალური დიდი საათი, რომლის კურანტები ყოველ საათში რეკავდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved