სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    20.12.2017

     (კრაკოვი-თბილისი)

    მამაჩემისა და უფრო ასაკოვანი ხალხისგან არაერთხელ მსმენია კრაკოვის შესახებ. თუ როდესმე საუბარი იყო მოგზაურობასა და განსაკუთრებით დასამახსოვრებელ და აღსანიშნავ ადგილებზე, კრაკოვს მუდმივად ასახელებდნენ მათ შორის.

    საბჭოური იმპერიის პერიოდში ხალხი ტურისტული ჟინის დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა საგზურის საშუალებით და მუდმივი კონტროლის ქვეშ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში მიემგზავრებოდა (დასავლეთთან გამყოფი "კედლის" იქით გახედვა განსაკუთრებულად რთული იყო) და ამ შთამბეჭდავად დიდ ტერიტორიაზე სულ რამდენიმე ვარსკვლავური მიმართულება იყო, სადაც ადამიანებს გამორჩეულად სურდათ გამგზავრება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და სასურველი ადგილი კრაკოვი იყო.

    შემდეგ მოხდა დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები, ომები, გადატრიალებები... და დღეს პოლონეთი უკვე ევროკავშირის აღმოსავლური ფლანგის ლიდერია, ხოლო მისი მშვენება კრაკოვი კიდევ უფრო ღია და ხელმისაწვდომი მარგალიტია ამჯერად უკვე მთელი მსოფლიოსთვის.

    სწორედ ამ ისტორიული კატაკლიზმების პერიოდში ჩვენი მუდმივი კავშირი კრაკოვთან მინელდა და დროში ჩაიკარგა კიდეც, მაგრამ ახლა არის ყველანაირი საშუალება, რომ ქართველებმა თავიდან აღმოაჩინონ ეს უმშვენიერესი, ისტორიული შუასაუკუნოვანი ქალაქი. ტრანსპორტირება საკმაოდ მოხერხებულია - ქუთაისიდან პირდაპირი ფრენა კატოვიცეში, საიდანაც კრაკოვამდე სულ რაღაც 80 კილომეტრი და 1 საათის გზა გაშორებთ.

    როდესაც გაიგო ჩემმა სიმამრმა, რომ კრაკოვში მივემგზავრებოდი, ვერ დამალა თავისი ემოციები და აღფრთოვანებით იხსენებდა უთვალავი წლის წინ და სულ სხვა ისტორიულ ეპოქაში ამ ქალაქში გატარებულ დაუვიწყარ დღეებს.

    ეს იყო კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ჩემთვის, თუ რაოდენ პოპულარული იყო კრაკოვი იმ პერიოდში ქართველებისათვის. მომცა რამდენიმე საინტერესო რჩევა და მათ შორის აუცილებლად უნდა მენახა ველიჩკას სახელგანთქმული მარილის საბადო, რაც კრაკოვის ერთ-ერთი მთავარი ატრაქციაა.

    თბილისი-ვარშავა-კრაკოვის რეისი 4 საათზე ცოტა მეტი გრძელდება და კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 11-კილომეტრიანი მონაკვეთი რჩება გასავლელი კომფორტული მატარებლით ქალაქის ისტორიულ ცენტრამდე.

     თანამედროვე კრაკოვის სული

    დღევანდელი კრაკოვი სიდიდით (მოსახლეობის რაოდენობა 800 ათასამდეა) მეორე ქალაქია დედაქალაქ ვარშავის შემდეგ და მალოპოლსკას რეგიონის ცენტრია. 2017 წლის განმავლობაში კრაკოვი 12 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა! რა იზიდავს მათ იქ, რა არის მთავარი და ყველაზე გემრიელი კრაკოვში?

    მთავარი სანახაობები ესენია: მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქის ისტორიული ნაწილი, სადაც მთავარ მოედანზე (მე-13 საუკუნე) განლაგებულია წმინდა მარიას ბაზილიკა და უძველესი ბაზრობის ადგილი - რინოკ გუვნი, რომლის ქვემოთაც, მიწისქვეშ მდებარეობს ქალაქის ისტორიის მუზეუმი.

    ვაველის შემაღლებაზე აღმართული ვაველის სასახლე (მე-11 საუკუნე), რომელიც მდინარე ვისლას გადაჰყურებს, სრულიად პოლონეთისთვის უმნიშვნელოვანესი და წმინდა ადგილია - აქ განისვენებს ქვეყნის მრავალი მმართველი, მეფეები, გმირები, პრეზიდენტები... ასევე, აქ ხდებოდა პოლონეთის მონარქთა კურთხევა.

    კრაკოვის ისტორიული და უძველესი უბანი კაზიმეჟი ქვაფენილიანი ვიწრო ქუჩებით, პატარა კაფე-ბარებითა და ებრაული სინაგოგებით მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტური ოკუპაციისას, მრავალი სისასტიკის მოწმე იყო. სწორედ აქ შექმნეს ფაშისტებმა ებრაული გეტო და აქვე მდებარეობს უკვე ლეგენდად ქცეული ოსკარ შინდლერის ქარხანა-მუზეუმი.

    კრაკოვთან ახლოს მდებარეობს (ციცქნა ქალაქი ველიჩკა) ველიჩკას ცნობილი მარილის საბადო, მიწისქვეშა მარილის ქალაქი (მე-13 საუკუნე, კოპალნია სოლი ველიჩკა), რომელიც ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. იგი მიწისქვეშა მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსია, რომელიც ადრეულ ეპოქაში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი იყო ფინანსური შემოსავლის მიმართულებით.

    კრაკოვიდან ასევე შესაძლებელია აუშვიც-ბირკენაუს მემორიალისა და მუზეუმის სანახავად გამგზავრება, სადაც გერმანული ოკუპაციის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკი მდებარეობდა.

    ძალიან მოკლედ, ეს არის ის მთავარი მარგალიტები, რაც აურაცხელ ტურისტს იზიდავს პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან. თუმცა, ვფიქრობ, რომ კრაკოვის ნამდვილ სულს მის ქუჩებში დაუგეგმავი მიმართულებით სეირნობისას შეიგრძნობთ - თეატრები, მუზეუმები, კულტურული ცენტრები, წინასაშობაო ბაზრობები, მწვანე ბაღები, სპორტის სიყვარული, ლურჯი ტრამვაი და აქტიური ახალგაზრდობა ქალაქის რეალურ ატმოსფეროს ქმნიან.

    გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორიული ფაქტები

    სამეფო დედაქალაქი კრაკოვი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქია პოლონეთში, მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნეული. იგი მდებარეობს ზემო ვისლას სანაპიროზე, მცირე პოლონეთში, დედაქალაქიდან სამხრეთით 250 კმ-ში.

    კრაკოვი ისტორიულად იყო ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების ცენტრი. 1038 წლიდან 1596 წლამდე იყო პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი და დღესაც მრავალთა მიერ მიიჩნევა ქვეყნის გულად, საკუთარი ათასწლოვანი ისტორიის წყალობით. 1846 წლიდან 1918 წლამდე ეს დასახლება იყო კრაკოვის დიდი საჰერცოგოს ადმინისტრაციული ცენტრი.

    ქალაქი ასევე მალოპოლსკას ვოევოდინის დედაქალაქია 1999 წლიდან, მანამდე კრაკოვის ვოევოდინის დედაქალაქი იყო მე-14 საუკუნიდან. იგი ასევე რეგიონისა და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრია.

    კრაკოვი მდებარეობს პოლონეთის სამხრეთ ნაწილში და ის გაშენებულია აქ გამავალი მდინარე ვისლის ორივე სანაპირო ზოლში. მდინარე ვისლის სამხრეთით არის კარპატის მთათა სისტემა, თუმცა ამ მიდამოებში მთები მნიშვნელოვანი სიმაღლით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთით არის ტატრის ქედი.

    ქალაქიდან სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობს პოლონეთ-ჩეხეთისა და პოლონეთ-სლოვაკეთის სახელმწიფო საზღვარი, ხოლო დასავლეთით 230 კილომეტრში პოლონეთ-უკრაინის საზღვარი. ქალაქის სიახლოვეს არის ხუთი ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 48.6 ჰექტარს. ამის გამო აქ ეკოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია.

    ქალაქი ხასიათდება ზომიერი კლიმატით, რაზეც უდიდეს გავლენას ახდენს ტარტის ქედი, ამის გამო კრაკოვში ხშირად ქრის ქარი.

    კრაკოვი იყოფა 18 ადმინისტრაციულ ოლქად. თითოეული მათგანი თავისი სტატუსით ჰგავს პატარა ქალაქს. თვრამეტივე ოლქში არის სპეციალური თვითმმართველობა. 1991 წლის მარტამდე ქალაქი დაყოფილი იყო ოთხ თითქმის თანაბარ ნაწილად.

    ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილი უძველესი ნასახლარები ქვის ხანით თარიღდება. კრაკოვი, როგორც დასახლება, მოიხსენიება 965 წლიდან, ქალაქის სტატუსი კი მიენიჭა 1257 წელს.

    პოლონეთის მეორე რესპუბლიკის არსებობის დროს აქ გაიხსნა რამდენიმე ახალი უნივერსიტეტი, კრაკოვი კიდევ უფრო მნიშვნელოვან კულტურულ როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში. ქალაქში მცხოვრებთათვის განსაკუთრებით რთული იყო გერმანელების მმართველობის პროცესი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ამ ტერიტორიიდან მრავალი ებრაელი გადაიყვანეს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, მათი უმრავლესობა მოხვდა ოსვენციმში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved