სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ყოველწლიურად მძიმდება ვითარება და იმაზე ვფიქრობ, რამდენად მოვახერხებთ თავის გატანას"
    ნათია ლომიძე
    19.12.2017

     ზამთარს საქართველოს რეგიონის მოსახლეობა მომზადებული შეხვდა. განსაკუთრებით პრობლემაა იმ სოფლებში, სადაც მკაცრ ზამთარში თოვლის გამო მანქანების გადაადგილება ჭირს. ხალხი ცდილობს, სურსათი შემოდგომიდანვე მოიმარაგოს, რაც სულ უფრო შეუძლებელი ხდება, რადგან ტოტალური სიძვირის გამო სოფლის მოსახლეობას საჭირო პროდუქციის შეძენა ყოველწლიურად უძნელდება.

    განსაკუთრებით გაძვირებულია იმპორტირებული პროდუქტი. თანაც, მათი ღირებულება, დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, რეგიონებში კიდევ უფრო მაღალია. გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელიც. სხვათა შორის, იქ, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირს, ინფლაციის მაჩვენებელს არ იკვლევენ. მისი დადგენა ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 5 დიდ ქალაქში ხდება. ამ დროს კი რეგიონებში ინფლაციის დონე გაცილებით მაღალი და საგანგაშოა.

    ზამთრის დადგომასთან ერთად, მაღალმთიან რაიონებში მოსახლეობის მიერ სურსათის მომარაგება დიდ ხარჯთან ასოცირდება. დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, ნებისმიერი სახის საქონელი რეგიონში შედარებით ძვირია, მით უმეტეს იმპორტირებული საქონელი. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი პაატა აროშიძე ადასტურებს, რომ ერთიანად ყველა საჭირო პროდუქტის მომარაგებას ვეღარავინ ახერხებს. მაღალმთიან სოფლებში ზამთრის გადატანა გაუჭირდებათ.

    "ზამთრის პერიოდში რეგიონების, განსაკუთრებით მიუვალი სოფლების, საკვებით მომარაგება მათი გეოგრაფიული მდებარეობიდან მომდინარეობს. მაგალითად, ვერ ვიტყვით, რომ მაღალმთიანი აჭარა იკეტება ზამთარში. გზა ყოველთვის გახსნილია, მით უმეტეს გოდერძის უღელტეხილზე სამთო კურორტი გაიხსნა და მანქანების მიმოსვლა არ ჭირს. ამის მიუხედავად, იქ მცხოვრები გლეხები თადარიგს მაინც იჭერენ. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სადაც წლის ამ დროს მიმოსვლა საკმაოდ გართულებულია, მოსახლეობა საკვებ პროდუქტს იმარაგებს. მოსახლეობის ხვედრითი წილი ამ რეგიონებში ძალიან დაბალია, ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ მათ მიერ ერთბაშად შესყიდული სურსათი რამე გავლენას ახდენდეს ბაზარზე.

    შემოდგომის შუა პერიოდში ან ბოლოს სასურსათო პროდუქცია უფრო მეტი რაოდენობითაა და უფრო იაფიცაა, ვიდრე ზამთარში. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხალხი ზამთრისთვის შედარებით ხელსაყრელ ფასად პროდუქტს იმარაგებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ, დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, ნებისმიერი სახის საქონელი რეგიონში შედარებით ძვირია, მით უმეტეს იმპორტირებულ პროდუქტი. წელს ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა. სიძვირეა ქალაქებშიც და რა იქნება მაღალმთიან სოფლებში, ძნელი წარმოსადგენი არ არის. როდესაც ამას ლარის გაუფასურებაც ერთვის, კიდევ უფრო მძიმდება სიტუაცია.

    წელს მოსავალიც მცირე იყო, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ამიტომ გლეხებს უჭირთ ზამთრისთვის მომზადება. პროდუქტის მომარაგებას თითქმის ვეღარ ახერხებენ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" აროშიძემ.

    ქვემო სვანეთში ზამთრის მოახლოებისთანავე ყველა თადარიგს იჭერს. მათი სამზადისი შემოდგომიდანვე იწყება საჭირო სურსათის შეძენით. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ქვემო სვანეთის მკვიდრი ელდარ ჯანხოთელი აღნიშნავს, რომ უფულობის გამო წელს პროდუქტების შეძენა გაუჭირდა.

    "ლენტეხის რაიონში ვცხოვრობთ და ზამთრისთვის პროდუქტს აუცილებლად ვიმარაგებთ. აქ დიდი თოვლი იცის და გზა რომ ჩაიკეტოს, თავს ვიზღვევთ. შაქარს, ფქვილს, ზეთს და ასეთ რაღაცებს ქუთაისიდან ვეზიდებით შემოდგომიდანვე.

    მანქანით პროდუქტები ამოაქვთ თითქმის ყოველ კვირას, რასაც ე.წ. ბაზარს ვეძახით ადგილობრივები, მაგრამ გაცილებით ძვირია. თანაც არ ვიცით, დიდი თოვლის დროს შეძლებს თუ არა მანქანა ამოსვლას და რამდენი ხნით მოვწყდებით გარე სამყაროს. მაღაზიებიც თითქმის ყველა სიფელშია, მაგრამ იქ იმდენად ძვირია ყველაფერი, რომ, წვრილმანი ნივთების გარდა, ხალხი არაფერს ყიდულობს. ერთიანად პროდუქტის შეძენა გვიჭირს, მაგრამ აქ სხვანაირად ზამთარს ვერ გადავიტანთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჯანხოთელმა.

    ზამთარს სურსათით ასე თუ ისე მომარაგებული ხვდება რაჭის სოფლების მოსახლეობაც. ადგილობრივი მკვიდრი დალი კობახიძე ამბობს, რომ წელს ამ მხრივ ვითარება უფრო დამძიმდა. რაც უნდა დაბალი ფასი ედოს სურსათს, როდესაც ბევრს ყიდულობ, ოჯახის ბიუჯეტზე მაინც აისახება. წელს კი ინფლაციის გამო კიდევ უფრო გართულდა მდგომარეობა.

    "არ გვაქვს საშუალება, მაგრამ მთელი წელი ამ პერიოდისთვის ვემზადებით, გასული წლების მსგავსად უხვად ვეღარ ვყიდულობთ საჭირო პროდუქტს, მაგრამ ვცდილობთ, მშიერი არ დავრჩეთ. ისეთი მკაცრი ზამთრისთვის, როგორიც რაჭაშია, აუცილებელია, მოსახლეობამ წინასწარ იზრუნოს. აქ დარჩენილი ადამიანები შემოდგომის შუა რიცხვებში ან შემოდგომის ბოლოს ზამთრისთვის სამყოფ პროდუქტებს ახლო მდებარე ქალაქებიდან ეზიდებიან. იქ გაცილებით იაფია, ვიდრე რეგიონში და რადგან დიდი რაოდენობით გვჭირდება, ვცდილობთ, რაც შეიძლება იაფად ვიყიდოთ.

    რაც უნდა დაბალი ფასი ედოს სურსათს, როდესაც ბევრს ყიდულობ, ოჯახის ბიუჯეტზე მაინც აისახება. წელს კი ყველაფერი ძვირია. არ გვაქვს საშუალება, მაგრამ მთელი წელი ამ პერიოდისთვის ვემზადებით. ვეღარ ვყიდულობთ ძველებურად, მაგრამ ვცდილობთ, მშიერი არ დავრჩეთ. ფასი ყველაფერზე საკმაოდ გაზრდილია, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩამოტანილი პროდუქტი საგრძნობლად გაძვირებულია. ყოველწლიურად ისე მძიმდება ვითარება, რომ მომავლის შიში ნამდვილად გამიძლიერდა, იმაზე ვფიქრობ, რამდენად მოვახერხებთ თავის გატანას", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას კობახიძემ.

    პროდუქტების დამარაგება არ უწევს ბარის მოსახლეობას, თუმცა სურსათის ღირებულებას ისინიც საკმაოდ მტკივნეულად განიცდიან. იმერეთის ერთ-ერთი რაიონის მკვიდრი ლელა დევიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად იმდენი რამ სჭირდება, რასაც ვერაფრით სწვდება.

    "არ ვარ მთაში, მაგრამ ზამთრის მოახლოება ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობისთვის საკმაოდ მძიმეა. პროდუქტს არ ვიმარაგებთ, მაგრამ ყოველდღიურად იმდენი რამ გვჭირდება, რომ ჩვენი შემოსავალი ამას ვერ სწვდება. სწორედ ამიტომ ბევრ რამეზე უარის თქმა გვიწევს და მხოლოდ აუცილებელი პროდუქციით ვკმაყოფილდებით. ადგილობრივი მოსავალი არც ისე ბევრია, რომ მთელი ზამთარი ვიმყოფინოთ, მუდმივად უნდა ვიყიდოთ სურსათი. იმპორტირებული საქონელი კი საკმაოდ გაძვირებულია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" დევიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter