სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    18.12.2017

     "ჩემო პატარა გუგულო,

    პატარა მატარებელო,

    მთელი ბორჯომის ხეობის

    გულის გამხარებელო."

    ეს საბავშვო ლექსი ალბათ არავის დაავიწყდება, ვისაც ერთხელ მაინც უმგზავრია ბორჯომ-ბაკურიანის ულამაზეს ხეობაში "კუკუშკით", იმ "კუკუშკით", რომელიც საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული.

    დღევანდელ სტატიაში, ჩვენც გვინდა, გავიხსენოთ ეს კოხტა და მართლაც ყველას გულის გამხარებული მატარებული, მისი ისტორია და ის ადამიანები, ვინც "კუკუშკა" ბორჯომ-ბაკურიანის ხეობის სიმბოლოდ აქცია.

    "კუკუშკის" ისტორია მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან იღებს სათავეს, როდესაც პირველად დაიწყო ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი ხაზის მშენებლობა. რთული რელიეფის გამო 1897 წელს დაწყებული მშენებლობა ოთხი წელი გაგრძელდა და 1902 წლის იანვარში ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით პირველმა "კუკუშკა" მატარებელმა გაიარა. ბორჯომ-ბაკურიანის წვრილლიანდაგიანი რკინიგზის ხაზი 37 კმ-ს სიგრძის იყო, იწყებოდა ბორჯომის რკინიგზის სადგურზე და სრულდებოდა დაბა ბაკურიანში. რელიეფის სირთულის გამო გზის გავლას ორსაათნახევარი სჭირდებოდა.

    "კუკუშკა", მიხეილ რომანოვის ბრძანებით, 1902 წელს ინგლისიდან სპეციალურად ჩამოიტანეს. ეს იყო "პორტერის" ტიპის ორთქლმავალი, რომელსაც ებმებოდა ღია, მხოლოდ მოაჯირით შემორაგული ვაგონები.

    დანიშნულების ადგილამდე "კუკუშკას" უნდა გაევლო ცემი. რომანოვების ინიციატივით, მდინარე ცემისწყალზე აშენდა ხიდი. ცემის ხიდის კონსტრუქციები მიხეილ რომანოვმა სპეციალურად შეუკვეთა ცნობილ ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორ გუსტავ ეიფელს, ეიფელის კოშკის ავტორს. ხიდი მილიონამდე დეტალით საფრანგეთიდან დაშლილ მდგომარეობაში ჩამოიტანეს და ააწყეს. ამ ხიდს დღესაც "ეიფელის ხიდს" ეძახიან.

    ხიდის ადგილზე დაამონტაჟა ქართველმა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. ეს საქმე მას ფოთში შეუსწავლია. როცა 14 წლის ბიჭი მწყემსებს ჩამოჰყვა ჩხოროწყუდან ფოთში, პირველად მაშინ უნახავს მატარებელი და ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ ფოთის რკინიგზის მშენებლობაზე დარჩენილა. ინჟინერ სლივიცკის დახმარებით შეუსწავლია რკინიგზის ხიდების დამონტაჟება და ტექნიკოსის წოდებაც მიუღია. შემდეგ ავიაციით დაინტერესებულა და სწავლა გაუგრძელებია პარიზში, ფრანგი ავიატორის - ლუი ბლერიოს საავიაციო სკოლაში (ლუი ბლერიო პირველი იყო, ვინც 1909 წელს საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანით გადაფრინდა საფრანგეთიდან ინგლისში). ამბობენ, ბესარიონ ქებურიამ გამოცდის ჩაბარების დროს პირველმა შემოუფრინა ორჯერ ეიფელის კოშკსო.

    ასეთია "კუკუშკის" ისტორია, რომელიც 1967 წელს ელმავალმა შეცვალა. ისტორიული "კუკუშკა" კი დღეს სამუზეუმო ექსპონატია.

    ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ლეგენდარულ "კუკუშკას" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიმდინარე წელს მიენიჭა. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო კომპლექსი ერთ-ერთი პირველი და ამავე დროს ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზია საქართველოში, რომელიც დღემდე ფუნქციობს, "კუკუშკა" კი მისი შემადგენელი ნაწილია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ტაბატაძე თ.   (18.12.2017)
    ქ.პერმი.

    ტაბატაძე თ.   (18.12.2017)
    მომენატრა ცემი და ცემის ხიდი 6 წელიწადი ხიდის გავლით წაღვრის სკოლაში დავდიოდი.მასწავლებები...ჟღენტი,რუხაძე,ჩანტლაძე, ოკუჯავა...თანაკლასელები იყვნენ..ლინა შევჩენკო,ნინელი პაქსაშვილი ,მერი ტყემალაძე,ანჟელი ჟღენტი.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter