სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ აღმოჩნდა თერმოპილეს ბრძოლა ბერძენთა თავისუფლებისათვის გარდამტეხი მომენტი
    მამუკა ნაცვალაძე
    18.12.2017

     ქრისტეშობამდე მეხუთე საუკუნის დასაწყისში ბერძენ-სპარსელთა ომები აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირების პირველი პრეცედენტია. ორი სრულიად განსხვავებული სამყარო სწორედ აქედან იწყებს უშეღავათო და მარადიულ შერკინებას, მსოფლიო ისტორიას წითელ ზოლად რომ მოჰყვება დღემდე.

    ამ დაპირისპირებას გამორჩეულ ეპიზოდად შემორჩა თერმოპილეს ბრძოლა ქრისტეშობამდე 480 წელს. სამასმა სპარტელმა მანამდე გაუგონარი სიმამაცე გამოავლინა. ეს იყო ბრძოლა, რომელიც იმ შედეგით დასრულდა, არანაირ ლოგიკას რომ არ ექვემდებარება.

    თერმოპილეს ვიწრობში ქსერქსეს ურიცხვ არმიას არანაირი უპირატესობა არ გააჩნია. ამ ვიწრობების წყალობით რამდენიმე სპარტელს იოლად შეუძლია, გაუმკლავდეს აქემენიდთა უძლეველ არმიას, თავდაპირველად ასეც ხდება, თუმცა აღმოსავლური გამჭრიახობა თავისას აკეთებს.

    რატომ არ ნიშნავდა ათენელთა დამარცხება სპარტელების გამარჯვებას

    თერმოპილეს დაპირისპირების პარალელურად, ბერძნებს ზღვიდან უტევენ აქემენიდები. ეს მარათონის ეპოპეიდან ათი წლის შემდეგ ხდება. ათი წლის წინანდელი წარუმატებლობა გველის ნაკბენივით ახსოვთ აქემენიდებს, ისინი ხომ, საბერძნეთის პოლისების გარდა, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოს ფლობენ, შორეულ აღმოსავლეთს - ჩინეთსა და ინდოეთს თუ არ ჩავთვლით. ამ დროს არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, ხალხი თუ ტომი, მათთან რომ არ ჰქონდეს განსაზღვრული ურთიერთობის ფორმები. ერთადერთი დაუმორჩილებელნი აპენინელი ბერძნები არიან.

    ამასობაში აპენინის მცხოვრებნი ერთმანეთს დარევიან, სპარტა და ათენი არკვევენ, ტრადიციულად, ერთმანეთში პირველობის საკითხს, სპარტელებისათვის ათენელთა წინააღმდეგ ბრძოლა რჩება დიდი ხნის განმავლობაში პრიორიტეტად, ისინი შორიდან ადევნებენ ამ დაპირისპირებას თვალს, შეიძლება უხარიათ კიდეც, ცუდ დღეში რომ აღმოჩნდნენ მათი მტრები.

    ბოლოს მიხვდნენ სპარტელები, რომ ათენელთა დამარცხება აქემენიდებთან მათი გამარჯვება არ იქნებოდა. გაიცნობიერეს ის რეალობა, რომ აქემენიდები ათენელთა ძლევის შემთხვევაში არც მათ დააყრიდნენ ხეირს, ამიტომაც მხარში დაუდგნენ ათენს.

    სპარტელთა პოლიტიკური ფერისცვალება მეფე ლეონიდასს უკავშირდება. 40 წლის ასაკში ადის ტახტზე მეფე, რომელიც თერმოპილეს ბრძოლამდე დიდი არაფრით გამოირჩევა. აღსაყდრებიდან თერთმეტი წლის შემდეგ თერმოპილეს ბრძოლა მისთვის გმირობის შარავანდედი ხდება.

    რატომ დაუჯერეს სპარტელებმა დელფოსის ორაკულს

    სპარტელთა და ათენელთა ერთობა უკვე თვისობრივად სხვა ძალაა. თითქოს ესმის ორივეს, რა უპირატესობას ანიჭებს მათ ამგვარი კოორდინებული მოქმედება, შეთანხმდნენ კიდეც, რომ ერთიანად გამოვლენ აქემენიდების წინააღმდეგ, დაიდო ხელშეკრულებაც, თუმცა ქრისტეშობამდე 490 წელს სპარტა მაინც განზე განუდგა ათენს საკმაოდ მითოლოგიური მიზეზით - დელფოსის ორაკულმა არ მისცა თანხმობა, ეომათ ათენელების მხარდამხარ.

    საცნაურია, რომ დელფოსის ორაკული ხშირად სპარტელთა ამა თუ იმ მეფისა თუ წარჩინებულის აზრებს ახმოვანებს. არაა გამორიცხული, რომ ამჯერადაც ასე მოხდა და რომელიმე სპარტელი დიდებულის ეგოისტური განწყობა გამოხატა პიფიამ.

    რატომ დაამახსოვრდათ მწარედ აქემენიდებს მარათონი

    სპარტელების განდგომის მიუხედავად, ათენმა გაიმარჯვა. მარათონის ბრძოლა უმნიშვნელოვანეს მოვლენად ჩაიწერება მსოფლიო ისტორიაში. ამ გამარჯვებამ მსოფლიოში საკმაოდ შეცვალა ფსიქოლოგიური განწყობა. აშკარა იყო, რომ აქემენიდები არ იყვნენ დაუმარცხებელნი.

    ეს იყო საკმაოდ დიდი სტრესი აქემენიდებისთვის. დარიოსმა პერსეპოლისში, აპადანის სასახლეში, ერთი დიდებული გამოყო, რომელსაც ევალებოდა, ერთი და იგივე ფრაზა გაემეორებინა მისთვის - "მეფევ, გახსოვდეს ათენელები..."

    ეს განწყობა კარგად ასახავს იმ უშეღავათო ხასიათს, რაც ათი წლის შემდგომი დაპირისპირებისას გახდა ორივე მხარისთვის განსაკუთრებული მოტივაცია. მარტო ის რად ღირს, რომ საბერძნეთის დასაპყრობად გამზადებული აქემენიანთა არმიის რაოდენობა, ბერძენი ისტორიკოსების მინიშნებით, ორ მილიონამდე იყო. ბუნებრივია, ეს რიცხვი გადაჭარბებულია, თუმცა მეცნიერთა ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ქსერქსეს 200-300 ათასამდე ჯარი უნდა ჰყოლოდა.

    ამბავი კორინთოს კონგრესისა და სპარტელთა ფერისცვალებისა

    ქრისტეშობამდე 480 წელს ქსერქსე თესალიაზე იწყებს შეტევას, ამის შემდეგ აქემენიდების სამიზნე შუა საბერძნეთია, ისინი ფიქრობენ ატიკაში გადასვლას და ათენის დაკავებას. ბუნებრივია, ბერძნებსაც აქვთ თავიანთი გეგმა. ეს გეგმა შეიმუშავა კორინთოს კონგრესმა. სწორედ აქ გახდა სპარტელთათვის საცნაური, რომ საერთო საქმისგან განდგომა, თვითიზოლაცია აშკარად სპარტას განადგურებას ნიშნავდა. მათი ტერიტორია, თერმოპილეს ხეობა, კეტავდა გზას შუა საბერძნეთისკენ.

    ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ადგილი, სადაც სპარტელებს იოლად შეეძლოთ, მცირე ძალებით გამკლავებოდნენ აქემენიდთა უზარმაზარ არმიას, რამდენადაც აქემენიდთა მთავარი კოზირი - რიცხობრივი უპირატესობა აქ, ფაქტობრივად, არაფერს წყვეტდა.

    ბერძენთა ერთობლივი სახმელეთო და საზღვაო მანევრები, შეთანხმებული სამხედრო მოქმედებები დიდ წინააღმდეგობას უქმნის აქემენიდებს. ზღვაზე ათენელები იბრძვიან თემისტოკლეს ხელმძღვანელობით, ხმელეთზე კი ლეონიდასია გამაგრებული. საზღვაო მანევრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც აქ ბერძენთა მარცხი ნიშნავს იმას, რომ აქემენიდები სპარტელებს ალყაში მოაქცევენ.

    პირველივე შერკინება ზღვაზე წარმატებული აღმოჩნდა ბერძნებისათვის, თემისტოკლემ არტემესიის ვიწრო ყურეში შეიტყუა სპარსელები. სპარსელებს საზღვაო მანევრისას თავიანთი კოზირი ჰქონდათ, ისინი ცდილობდნენ მეტოქის ხომალდებზე გადასვლას და ხელჩართულ დაპირისპირებაში უპირატესობის მოპოვებას.

    რაც შეეხება ბერძნებს, მათ განსხვავებული ტაქტიკა აქვთ - მთავარი აქცენტი კეთდება საზღვაო ხომალდის მწყობრიდან გამოყვანაზე. ტრირებს, ბერძნულ ხომალდებს, წინ წვეტიანი რკინა აქვთ დამაგრებული, დაჯახების შემთხვევაში სწორედ მათი საშუალებით აზიანებდნენ ბერძნები აქემენიდების ხომალდებს. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სისწრაფის განვითარება შეეძლო ხომალდს. ამ მხრივ ბერძნულმა ფლოტმა აჯობა მოწინააღმდეგეს და 30-მდე ხომალდი გამოიყვანა მწყობრიდან.

    რატომ აღმოჩნდა ბერძენთა გამარჯვება დაპირისპირებული მხარეებისთვის მოულოდნელი

    ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, უპირველესად, მორალური თვალსაზრისით. საცნაურია, რომ ასეთი შედეგი ორივე მხარისთვის მოულოდნელი იყო, რამდენადაც აქემენიდები არ ელოდნენ, რომ ბერძენთა მცირერიცხოვანი ფლოტი მოუგებდა მათ. არც ბერძნები იყვნენ უპირობოდ გამარჯვებაში დარწმუნებულები, რამდენადაც, თემისტოკლეს გადაწყვეტილებით, ბრძოლა საღამო ხანს დაიწყო - მოულოდნელობის ფაქტორზე აკეთებდა ათენელთა თავკაცი აქცენტს. ამან გაამართლა.

    გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ პირველსავე დღეს წარმატება მოიპოვა ლეონიდასმა, თერმოპილეს ვიწობებში კიდევ ერთხელ დადასტურდა აქემენიდთა უსუსურობა. პირველი დაპირისპირების შემდეგ საკმაოდ დიდი იყო აქემენიდთა დანაკლისი - ათი ათასი მეომრის დაკარგვა მნიშვნელოვანი მინიშნება იყო მათთვის.

    როგორ ჩაყლაპა ეგეოსის ზღვამ აქემენიდთა ფლოტი

    ქსერქსე აგონიაშია, დამარცხებული აქემენიდები დროებით გაეცალნენ ბრძოლის ველს. ახლა მათი მეფე იწყებს იმაზე ფიქრს, რა მოიმოქმედოს, ამას დაერთო კიდევ ერთი უბედურება - სპარსელთა ხომალდები, რომელთაც კუნძულ ევბეას ოკუპაცია ჰქონდათ დავალებული, შტორმს შეეწირნენ. ეგეოსის ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა აბსოლუტურად ყველა - 200 ხომალდი.

    ეს ამბავი აქემენიდებსაც ცუდად ენიშნათ - არც ისინი არიან ცრურწმენასთან მწყრალად. ყველაფერი კი ფსიქოლოგიურად აქემენიდების დათრგუნვას უწყობდა ხელს.

    ორივე მხარე გათენებას ელის. დადგება დღე, რომელიც უფრო სისხლიანი იქნება. აშკარაა, აქემენიდები გააგრძელებენ ბრძოლას, ამიტომაც ამაგრებენ ბერძნები თავდაცვით პოზიციებს - თემისტოკლე ზღვაზეა ფხიზლად, ლეონიდასი - ხმელეთზე.

    ამბავი აქემენიდ უკვდავთა უსუსურობისა

    ქსერქსე იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას - ხმელეთზე გამოჰყავს უკვდავი არმია, ის რჩეული მეომრები, აქემენიდთა ძლიერებას რომ უზრუნველყოფენ და რომელთაც უკვდავებს ეძახიან. ათიათასიანი არმია მუდმივად ივსება დანაკლისის შემთხვევაში, მათ წვრთნასა და შეიარაღებას კი უმნიშვნელოვანესი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომაც იმედოვნებს ქსერქსე, რომ ამ უკვდავი არმიის წინაშე ვერაფერს გააწყობენ სპარტელები.

    საკმაოდ დამთრგუნველი სანახაობაა - სულ ხუთასიოდე მეტრი აშორებთ ერთმანეთს თერმოპილეს ვიწრობში გამაგრებულ სპარტელებს და აქემენიანთა უკვდავებს. არანაირი ხმაური, არანაირი ხმამაღლა გამოხატული ემოციები... ეს სიჩუმე კიდევ უფრო ამძაფრებს ფსიქოლოგიურად უკიდურესად დაძაბულ ფონს.

    შეტევას აქემენიდები იწყებენ, ისინი უახლოვდებიან სპარტელებს, ხელჩართულ ბრძოლაში აშკარაა სპარტელების უპირატესობა. აქემენიდების შეიარაღების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია ტირიფისაგან გაკეთებული ფარი. მას კარგად იყენებენ, როცა მეტოქის ისრებია მოსაგერიებელი, თუმცა ბერძნული ბრინჯაოს მახვილს სპარსელთა ხის ფარი წინააღმდეგობას ვერ უწევს.

    აშკარად გამოჩნდა, რომ პირისპირ ხელჩართული დაპირისპირებისას სპარსელები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ სპარტელებს. აქემენიდებს აქამდე არ შეხვედროდათ ასე კარგად გაწვრთნილი არმია, რომელიც არა მარტო უკეთესად იყო აღჭურვილი, არამედ უკეთესი საბრძოლო სულისკვეთებაც ჰქონდა - ისინი ხომ, აქემენიდებისაგან განსხვავებით, საკუთარ მამულს იცავდნენ.

    ბრძოლა კიდევ ორ დღეს გაგრძელდა. აქ კიდევ ათასი მეომარი დაკარგა ქსერქსემ. შემზარავი სანახაობა იყო საბრძოლო ბატალიების შემდგომ. თერმოპილეს ვიწრობებში უსულოდ ყრია აქემენიდების რიგებში მებრძოლი უამრავი მეომარი, ამას ემატება უამრავი დაჭრილიც, სულს რომ ღაფავს.

    ფსიქოლოგიურად უმძიმეს დამთრგუნველ ფონს რომ დავანებოთ თავი, ეს ყველაფერი დიდ წინააღმდეგობას უქმნის ქსერქსეს შემდგომი ბრძოლებისას ტაქტიკური თვალსაზრისით, რამდენადაც ამ მიცვალებულების მომვლელი ჯერ არავინ ჩანს. ორივე ძალა ერთმანეთს უფრთხის, ჰოდა, მომდევნო შეტევისას აქემენიდებს მიცვალებულების გადათელვა მოუწევთ, რაც, პირველ რიგში, მათთვის ხდება დიდი თავსატეხი და ურთულესი ბარიერი.

    საკმაოდ მომგებიან სიტუაციაშია ლეონიდასი, ის კარგად ხვდება, რომ აქემენიდები განწირულნი არიან, მარტო მათი დანაკარგია დამთრგუნველი მაშინ, როცა თავად სპარტელებს ბრძოლაში სულ რამდენიმე მეომარი დაეღუპათ.

    როგორ შემოატრიალა ქსერქსემ ბრძოლა სპარტელთა ღალატით

    თითქოს გამოუვალი მდგომარეობაა - ფსიქოლოგიურად დათრგუნულ ქსერქსეს, ყველანაირი ლოგიკით, სხვა გზა არ დარჩენია, თუ არა ის, რომ გაეცალოს თერმოპილეს და დამარცხებას შეეგუოს. გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად შეიგრძნობენ საკუთარ უძლურებას, ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის ელემენტარულად მცირედი საკვების მიღებაა აუცილებელი. ამ მხრივ კი აქემენიდები ჩიხში არიან, გამოსავალს ვერსაიდან ხედავენ. თუმცა აქემენიდთა მთავარსარდალი და მეფე იღებს საკმაოდ მარტივ და ყველასთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებას. ეს ის გამოსავალია, რაც წაგებულ ბრძოლას სულ მალე კარდინალურად საპირისპირო მიმართულებით შემოატრიალებს.

    გათვლა მარტივია, საჭიროა, აქემენიდებმა აუქციონ მხარი სპარტელებს, ჩამოიცილონ ისინი გზიდან, ამისთვის კი ერთადერთი შანსია - ზურგიდან მოუარონ მტერს. ზურგიდან მოვლა კი უზარმაზარი კლდეების ბარიერის დაძლევითაა შესაძლებელი.

    არავინ უწყის. ვინ აცნობა აქემენიდებს იმ ბილიკის შესახებ, რომელიც მათი სამხედრო ბანაკიდან ზემოთ, მთისაკენ მიემართება, შემდეგ კი დაბლა ეშვება და საბრძოლოდ განლაგებულ სპარტელებს უქცევს გვერდს.

    როგორც ჩანს, სულით მოღალატე ნებისმიერი საზოგადოების ბედისწერაა. სულ მალე ეს ბედისწერა თავდადების ულამაზეს ფურცელს ჩაწერს მსოფლიო ისტორიაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter