სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი გაჩეჩილაძე
    16.12.2017

     ამჟამინდელ ახალგაზრდებს წარსულის თანამემამულე მწერლებსა და ხელოვანებზე ნაკლები ინფორმაცია აქვთ. სამწუხაროდ, მრავალი მათგანი დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის, არადა, მათი გამოცდილება და ცოდნა დღევანდელ თაობებს როგორ წაადგებოდა.

    დღევანდელი მოგონებების პირველი სტუმარი ცნობილი მომღერალი გია ჭირაქაძე იქნება, რომელიც თავის დროზე ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებულ ერთ ამბავს ხშირად იგონებდა:

    "მწერალთა კავშირში მუშაობდა ერთი კაცი. თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაბადების დღეზე მშობლებმა რაიონიდან გამოუგზავნეს გამზადებული პურმარილი. იფიქრა ამ კაცმა, ნაქირავებ, პატარა სახლში ვერ დავტევ სტუმრებსო და გადაწყვიტა, ქალაქგარეთ, ბუნებაში დაეპატიჟებინა კოლეგები.

    "მოკლედ, წავიდნენ, მდელოზე გაშალეს სუფრა და ჩამოსხდნენ. იქვე გადიოდა მატარებლის ლიანდაგიც. თავად იუბილარმა თამადად ნოდარ დუმბაძე დანიშნა. ნოდარმა აიღო ღვინით სავსე ჭიქა და დაიწყო: ამ ჭიქით, მე მინდა... და უცბად, მატარებელმა გაიგრიხინა. ნოდარის ხმა გადაფარა. დაიცადა ნოდარმა, სანამ მატარებელმა გაიარა, ისევ ასწია ჭიქა და რომ დაიწყო: ამ ჭიქით, მე მინდა, ვადღეგრძელოო... ისევ ჩამოიგრიხინა მატარებელმა, ოღონდ საპირისპიროდ მიმავალმა. მესამედ რომ აიღო ჭიქა და შორიდან გაიგო მატარებლის ხმა, მიუბრუნდა იუბილარს და უთხრა: რა დაგიშავე, შე კაი ადამიანო, კაცია მუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და "რეიცაზე" დამადებინე თავიო".

    ერთხელ ბატონი ჯემალ ღაღანიძე რუსთაველის თეატრთან ერთად შორეულ მექსიკაში აღმოჩნდა. ქალაქ მეხიკოში მსახიობებს "კავკასიური ცარცის წრე" უნდა ეთამაშათ. ქვემოთ მოყვანილი დაუჯერებელი ამბავი ქართველებს ამ ქვეყანაში შეემთხვათ. ბატონი ჯემალი ამ "ისტორიას" ჩვეული იუმორით მოგვიყვება:

    "კავკასიურ ცარცის წრეს" ვთამაშობდით მეხიკოში. მიშიკოს როლზე პატარა ბიჭი გვყავდა, მაგრამ კომუნისტების დროს უცხოეთში არ შეიძლებოდა არასრულწლოვანი მსახიობის გაყვანა. სადაც მივდიოდით, იქ ვიყვანდით ამ როლზე ბავშვს. რეპეტიციას ამ ბავშვისთვის გავდიოდით ხოლმე უცხოეთში, რომ სცოდნოდა, რა ეთამაშა, როდის რა ექნა და სცენაზე როგორ მოქცეულიყო.

    "მეხიკოშიც თეატრის მენეჯერმა უთხრა რობიკო სტურუას - წავალ და ისეთ ბიჭს მოვიყვან, ამ როლზე რომ გამოგადგებათო. გავიხედეთ, მოჰყავს მაღალი ზანგი მიშიკო. გადავირიეთ, შევიცხადეთ: რა არის, კაცო, ეს, ჩვენი მიშიკო თეთრია, ეს შავი, აყლაყუდა ზანგი რად გვინდაო. მენეჯერი მიუბრუნდა რობიკოს და უთხრა: ბატონო რობერტ, ამის მამა გვაფინანსებს და ძალიან გთხოვთ, ერთ სპექტაკლში ათამაშეთ, რა მოხდება, ქვეყანა ხომ არ დაიქცევაო. ჯანდაბასო, იფიქრა რობიკომ და გავიარეთ რეპეტიციები.

    "სპექტაკლში იზა გიგოშვილი თამაშობდა მიშიკოს დედის როლს. ერთი სიტყვით, დაიწყო სპექტაკლი, ვართ როლებში შეჭრილი, იზა გართხმულია სცენაზე, რამაზ ჩხიკვაძე ეუბნება მიშიკოს - მიდი დედაშენთანო. ისიც უნდა გაქცეულიყო განცდით და ზემოდან მოხვეოდა ძირს გართხმულ დედას. გავიხედეთ, მივარდა ის ზანგი და ზემოდან მოაჯდა იზას.

    "გავშრით, ვერ მივხვდით, რა გვექნა და უცებ რამაზ ჩხიკვაძემ ატეხა ყვირილი: ეს რა გვიქნეს, კაცო, ამ უცხო მხარეში მსახიობი არ გაგვიბახესო?! ვეცით რამაზს: გაჩუმდი, კაცო, დარბაზში ვინმე ჯიგიტი თბილისელი არ იჯდეს, ამ შუაგულ მეხიკოში ნუ ჩაადენინებ ზანგის ცოდვასო."

    მსახიობებს - ბიჭიკო ჩხეიძესა და ბუხუტი ზაქარიაძეს ერთხელ ქეიფი მოუნდათ და ქართულ სუფრაზე ახალი "ტრადიციაც" დანერგეს. სიტყვას კვლავ ჯემალ ღაღანიძეს გადავცემ:

    "თბილისში, იპოდრომზე, იყო განთქმული სასადილო. უგემრიელეს საჭმელებს ამზადებდნენ. ერთხელ ბიჭიკო ჩხეიძემ და ბუხუტი ზაქარიაძემ რეპეტიციის შემდეგ, საღამოს, მთხოვეს: მოქოქე, ჯემალ, მანქანა, წავიდეთ სასადილოში იპოდრომზე და ერთი მაგრად ჩავუქეიფოთო.

    "მივედით თუ არა, ბიჭიკომ და ბუხუტიმ შეყვეს თავები სამზარეულოს "ფორთოჩკაში" და მზარეულს უთხრეს: მოგვეცი ერთი ტაფა და ორი ქვაბიო. გადაირია მზარეული: თქვენ აქ საქეიფოდ მოხვედით თუ ჯამ-ჭურჭლის სანახავად, რად გინდათო? ჩაეცინათ: მოიტა და ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთ, თან სუფრა გაშალეთ, ოღონდ ჭიქები არ დადგათ მაგიდაზეო.

    "გაშალეს სუფრა და თან ქვაბი და ტაფა მოაყოლეს. ადგა ბუხუტი, ჩაასხა ტაფაში ღვინო, თქვა სადღეგრძელო, დალია და დაჯდა. ადგა ბიჭიკო, ჩაასხა ქვაბში ღვინო, მანაც თქვა სადღეგრძელო, მოიყუდა ქვაბი, გამოცალა და დაჯდა. მზარეული გადაირია: ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი რამ არსად მინახავს, ეს ქართველები რას არ მოიგონებთ, კაცო, აქამდე ვიცოდი, რომ ქვაბში საჭმელი უნდა გამეკეთებინა და ეს მსახიობები რა უცნაური ვინმეები ხართ, დროზე დაასხით და დალიეთ, სანამ მშიერი დამრჩა სტუმრებიო".

    საკუთარ მოგონებებში ბატონი ჯემალი იპოლიტე ხვიჩიასაც იხსენებს:

    "იპოლიტე ხვიჩია წუწუნებდა ხოლმე: ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ თავს ვარიდებ იქ მისვლას, რომ პროცესი არ ჩავშალოო; ერთხელაც, "ფეოლას" გადაღებების დროს, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მოვიდა და იპოლიტეს სთხოვა, ბაბუა მომიკვდა და ძალიან გთხოვთ, დამდეთ პატივი, მობრძანდით პანაშვიდზე და დამაფასეთო.

    "მოკლედ, დაპატიჟა ბაბუის პანაშვიდზე. გამოგვიგზავნა მთელ გადამღებ ჯგუფს პატარა "პაზიკი" ავტობუსი, ჩავსხედით და მივედით. იპოლიტემ უთხრა მძღოლს: თუ ძმა ხარ, მთლად კარებამდე ნუ მიგვიყვან, ცოტა შორს გააჩერე ავტობუსი, რომ "ვენოკით" ხელში ფეხით გავიაროთ და როგორც საჭიროა, ისე მივაგოთ ცხონებულს პატივიო.

    "მოკლედ, დაგვალაგა იპოლიტემ სიმაღლისდა მიხედვით. მერე ისე შემოგვაბრუნა, რომ დაბლები წინ წასულიყვნენ და, რასაკვირველია, წინ თავად მოექცა. შევედით ეზოში და ატყდა ფხუკუნი. ხალხი ხელს იშვერს იპოლიტესკენ და იგუდებიან სიცილით. არ შევიმჩნიეთ, დავიყენეთ სამგლოვიარო სახეები და ავუყევით კიბეს. შედგა თუ არა ოთახში იპოლიტემ ფეხი და იყვირა ჭირისუფალმა: დედა, ეს ვინ მოვიდა, იპოლიტე შენ შემოგევლე... სევასტი, ადექი, ასე უნდა სტუმრის დახვედრა, შე უნამუსო? ის მაინც არ გახსოვს, "ბურთი და მოედანი", ტრუსიკში რომ დარბის? ატყდა ხორხოცი. ერთი კი გავიფიქრე, ნეტა, ხომ არ გვაშაყირებენ და სცენა ხომ არ დადგეს-მეთქი, მაგრამ მიცვალებული ისე იწვა, არ განძრეულა.

    "მერე ვშაყირობდით: ეს რა ჩაიდინე, იპოლიტე, ის მიცვალებული პატიოსნად იწვა და შენ რომ შეხვედი და გავხედეთ, არ იცინოდა? როგორ ჩაშალე პანაშვიდიო. ამის შემდეგ იპოლიტეს ფეხი პანაშვიდზე არ ყოფილა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved