სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    16.12.2017

     როგორც ისტორიკოსი დავით ხოშტარია ამბობს, თბილისური სასტუმროების ისტორია ერთი იმ ხიდთაგანია, რომელიც საქართველოს ისტორიას ევროპის ისტორიასთან აკავშირებს და თავის წიგნში "ძველი თბილისის სასტუმროები" იმ ევროპელების შესახებ მოგვითხრობს, ვინც პირველებმა გახსნეს სასტუმროები ჩვენს ულამაზეს ქალაქში.

    პირველი სასტუმროს ტიპის სახლი, რომელიც თბილისში გაიხსნა 1830 წელს, ეკუთვნოდა ვიურტემბერგიდან ჩამოსულ გერმანელ მეწარმეს თეოდორ ზალცმანს. თავდაპირველად მას ლუდის ქარხანა გაუხსნია, შემდეგ - საკუთარ სახლში სასტუმრო-ტრაქტირი. ზალცმანის სასტუმროში ჩარდებოდნენ თბილისში ჩამოსულ ევროპელთა უმრავლსობა, მათ შორის იყვნენ ფრედერიკ დიბუა დე მონპერე, კარლ კოხი, ბარონი ავგუსტ ფონ ჰაქსტჰაუზენი, იდა პფაიფერი, ფრიდრიხ ბოდენშტელტი, რიჩარდ უილბერჰამსი, მორიც ვაგნერი და სხვები.

    სამწუხაროდ, ზელცმანის სასტუმროს შენობა არ შემორჩენილა. მხოლოდ მოგზაურთა ჩანაწერებიდან ხდება ცნობილი, რომ ეს იყო მომცრო სახლი, პირველ სართულზე ერთ მხარეს საბილიარდე, მეორე მხარეს გერმანელი სტუმრებისათვის საგანგებოდ მოწყობილი სალონი, რომელის კედლებიც ლურჯად იყო შეღებილი, მეორე სართულზე კი ოთახები სტუმრებისთვის.

    მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი თბილისში სასტუმროების ბუმი იწყება. 1840 წელს თბილისში რამდენიმე სასტუმრო ყოფილა. 1881 წელს მირზოევების სახლში ჰექტორ დელალანდმა გახსნა სასტუმრო "გრანდ ოტელი", სადაც განლაგებული იყო აფთიაქი, მაღაზიები, საზოგადოება "ღუზას" კანტორა.

    "გრანდ ოტელი" ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმრო იყო, სადაც სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ თბილისში ჩამოსული ცნობილი უცხოელი მწერლები, ხელოვანები თუ მოგზაურები. ამ სასტუმროში გაჩერებულა მსოფლიოში ცნობილი კოლექციონერი და ფილანტროპი გიულბეკიანი. მისი თბილისში ყოფნა დაემთხვა იმპერატორ ალექსანდრე |||-ის სტუმრობას თბილისში. როგორც თავის ჩანაწერებში წერდა, სასტუმროს ოთახის აივნიდან ვადევნებდი თვალს საზეიმო პროცესიასო.

    სასტუმრო "ვეტცელის" მფლოებელები კი იყვნენ საქართველოში მცხოვრები გერმანელი კასპარ ვეტცელის შთამომავლები ფრიდრიხი და იოჰანი. ვეტცელების ოჯახის დაკვეთით თბილისში აგებული რამდენიმე შენობა დღესაც არსებობს.

    ოჯახმა დიდ ფინანსურ წარმატებას მიაღწია. ფრიდრიხს ჰქონდა საკუთარი ლუდის ქარხანა, სასტუმრო, სახლებს თბილისში, კოჯარსა და წავკისში. ატარებდა მეორე გილდიის ვაჭრის ტიტულს, ქალაქის სათათბიროს წევრიც ყოფილა.

    1870-იან წლების დასაყისში ფრიდრიხ და იოჰან ვეტცელების ლუდის ქარხანა, რომელიც დიდი მთავრის ქუჩაზე მდებარეობდა, რამდენიმე სახის ლუდს უშვებდა - "ვენურს", "პილზენს", "ექსპორტს" და "მიუნხენურს". 1901 წელს თბილისში გამართულ კავკასიის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის საიუბილეო გამოფენაზე ვეტცელების ლუდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ქარხანასთან ერთად ჰქონდათ ლუდის რესტორანი, რომელიც მდებარეობდა რაისის ქარხანასთან ახლოს.

    1897-1900 წლებში ფრიდრიხ ვეტცელმა მიხაილოვის პროსპექტსა და ქსენიას ქუჩის კუთხეში სასტუმრო გახსნა. პროექტი შეუკვეთა თბილისში მოღვაწე ავსტრიელ არქიტექტორს ლეოპოლდ ბილფილდს. ვეტცელების ოჯახი ბილფილდის ხშირი დამკვეთები ყოფილან, მისი დაპროექტებულია ვეტცელის რამდენიმე სახლი თბილისში.

    სასტუმრო "ვეტცელი" იმ დროისათვის პირველი კლასის სასტუმროდ ითვლებოდა - სამსარულიანი შენობა მანსარდით, მდიდრულად გაფორმებული ბაროკოს სტილში. შენობის შუა ნაწილი გამოდიოდა პროსპექტზე, მარჯვენა ფრთა კი ქსენიას ქუჩაზე. ოთახებში გაყვანილი იყო გათბობა, ელექტროგაყვანილობა.

    სასტუმროს ჰქონდა ლიფტი, საბილიარდე, კეგელბანი და ორი რესტორანი, რომლებიც გაფორმებული იყო "გერმანული სტილის" მხატვრობით. რესტორანს ერქვა "გერმანული".

    მთავარი, რაც "ვეტცელს" თბილისის სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევდა, იყო მის მარცხენა ფლიგელში მოწყობილი თეატრი, სადაც ხშირად იმართებოდა ადგილობრივი თუ თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული დასების წარმოდგენები.

    სასტუმროს ასევე ჰქონდა ულამაზესი ბაღი, სადაც ზაფხულობით კონცერეტბს მართავდა ოპერის თეატრის ორკესტრი.

    სასტუმრო "მადერის" მფლობელები კი იყვნენ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და წარმატებული გერმანელი გვარის წარმომადგენელები მადერები, რომლებიც პირველ კოლონიალისტებთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში.

    1850-1860-იან წლებში ფრიდრიხ, იოჰან და ფრიც მადერები იყვნენ მთავარი მომწოდებელები კარეტებისა და ეკიპაჟების თბილისში. ჯერ კიდევ 1824 წელს მიუმართავთ ქალაქის პოლიციისთვის თხოვით ნება დაერთოთ გასაქირავებელი ეკიპაჟების შენახვაზე. ასევე ამუშავებდნენ ლუდის ქარხანას. მათი წარმოებული ლუდი კი წარმატებით იყიდებოდა მთელს კავკასიაში.

    ქარხნის მფლობელი იყო ლუიზა მადერი. სწორედ მან გახსნა 1890 წელს მიხაილის ქუჩაზე სასტუმრო "მადერი". ეს იყო ორსართულიანი შენობა ლითონის აივნებით. ერთი წლის შემდეგ მთლიანად გადაკეთდა და შენობა სამსართულიანი გახდა, ფასადმაც სახე იცვალა და ნეორენესანსული იერი მიიღო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter