სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    შარშანდელი პეტიცია და დიდი მითქმა-მოთქმა დღემდე არავის გახსენებია
    თამუნა მუკბანიანი
    14.12.2017

     პიროტექნიკის გაყიდვის დაურეგულირებლობა მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა. ხალხი ითხოვს, თავის ნებაზე მიშვებული ბაზარი ბოლოს და ბოლოს კონტროლს დაექვემდებაროს. არსებობდა პეტიციაც, რომლის ხელმომწერებიც პარლამენტს ამ საშიში სათამაშოს გაყიდვაზე სპეციალური ნორმის შემოღებას სთხოვდნენ, თუმცა შარშანდელი საახალწლო ეიფორიის ჩავლის შემდეგ ეს პრობლემა ყველას გადაავიწყდა. ამჯერად, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, კვლავ აქტუალური გახდა თემა, რატომ იყიდება ფეთქებადსაშიში პროდუქცია ბავშვებზე და რატომ არ არის მათზე დატანილი ქართული ინსტრუქცია.

    2016 წლის მონაცემებით, პიროტექნიკით დაშავებული ყველაზე პატარა პაციენტი - 3 წლის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 92 წლის მამაკაცი იყო. საქართველოში მაშხალები ძირითადად ჩინეთიდან შემოაქვთ, ინსტრუქციაც უცხორ ენაზეა და მყიდველი ვერ ეცნობა მისი მოხმარების წესებს (ზოგი კი გარეთ გასროლის მაგიერ პირდაპირ სახლში ისვრის). არსებობს გამონაკლისიც, ანუ ისეთი მაშხალები, რომელთაც მოხმარების წესები ქართულ ენაზე აქვთ მითითებული. მომხმარებელი შეიძლება დაზარალდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პიროტექნიკას ვადა აქვს გასული ან ნესტიან ადგილას ინახებოდა, რაც არცთუ იშვიათად ხდება.

    2015 წლის ბოლოს ბაზარზე გამოჩნდა პიროტექნიკა, რომელიც სიმინდის ბურბუშელის შეფუთვაში იყო მოთავსებული და მცირეწლოვანმა ბავშვმა გადაყლაპა. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა პეტიცია, რომელიც პიროტექნიკის გაყიდვაზე რეგულაციის შემოღებას სთხოვდა პარლამენტს. თემა შუქდებოდა პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, თუმცა საახალწლო დღეების ჩავლის შემდეგ არც პეტიციის ავტორებს და არც მასმედიას ეს თემა აღარ გახსენებია. წელსაც ერთი შეხედვით უწყინარი ასაფეთქებელი საშუალებების ყიდვა შეუძლია ყველას, მათ შორის პატარა ბავშვებსაც.

    თბილისელი მარიამ ქინქლაძე ამბობს, რომ მცირეწლოვანთა ხელში მოხვედრილი ასაფეთქებელი საშუალება საფრთხეს არა მხოლოდ მომხმარებელს, გარშემო მყოფებსაც ხშირად უქმნის.

    "ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ასაფეთქებელი მასალის ბავშვებისთვის მიყიდვაა. აღარაფერს ვამბობ, რომ ინსტრუქცია ქართულ ენაზე არ არის და ესეც დიდი პრობლემაა. ზრდასრულ ადამიანს მაინც აქვს უნარი და ცოდნა, ისე მოიხმაროს ე.წ. ფეიერვერკი, რომ თავს ზიანი არ მიაყენოს, რასაც ვერ ვიტყვი ბავშვებზე. ისინი ვერ ხვდებიან, რამხელა საფრთხის შემცველია 20 თეთრად ღირებული თითქოს უვნებელი "ბომბაჩკებიც" კი, თუ არასწორად გამოიყენებ.

    ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როცა საახალწლო დღეებში ქუჩაში ფეხებში შემოგიგდებენ ასაფეთქებელს. არ ვიცი, რა ხუმრობაა ეს, თუმცა საფრთხეს რომ გიქმნის, რად უნდა ლაპარაკი", - განუცხადა "რეზონანსს" მარიამ ქინქლაძემ.

    გაცილებით მძიმე შემთხვევას იხსენებს ნათია ლობჟანიძე, რომლის ოჯახის წევრმაც მაშხალის გასროლისას მხედველობა დაკარგა. ის ამბობს, რომ ინსტრუქციის ქართულ ენზე არარსებობის გარდა, პრობლემაა თავისუფალი გაყიდვის შესაძლებლობა.

    "4 წლის წინ ჩემს ოჯახში ახალი წლის ღამე ტრაგიკულად დასრულდა. ჩემი მაზლი ბავშვებთან ერთად ფეიერვერკს ისროდა. ერთ-ერთ ახალ მაშხალაზე ცეცხლის მოკიდების შემდეგ როცა ფეიერვერკმა არ გაისროლა, იფიქრა, რომ ასაფეთქებელი გაფუჭებული იყო და დახედა. ზუსტად ამ დროს აფეთქდა და მან მხედველობა დაკარგა. აღმოჩნდა, რომ პიროტექნიკა არასათანადო ადგილას ინახებოდა, დანესტიანდა და აფეთქებაც ამიტომ დააგვიანა.

    ამის შემდეგ ვცადეთ, გაგვერკვია, ვინ არის პასუხისმგებელი მსგავს შემთხვევებზე ან ხორციელდება თუ არა კონტროლი ამ საშიში სათამაშოების გაყიდვაზე. რა თქმა უნდა, არავითარი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. იმის გარდა, რომ ყიდვა ყველას შეუძლია, შეიძლება პროდუქცია იყოს ვადაგასული ან არასათანადო პირობებში შენახული", - აცხადებს ნათია ლობჟანიძე.

    მრავალი ასეთი ფაქტის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან პიროტექნიკის გაყიდვის რეგულირება არ მომხდარა. უშედეგოდ ჩაიარა და ყველამ მიივიწყა პეტიციაც, რომელსაც 20000-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს.

    "მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთი შეხედვით უწყინარი ე.წ. "სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებებით" ვაჭრობა და მათი გამოყენება. აკრძალვა დარეგულირდეს შესაბამისი კანონის მუხლით ან საგანგებო განკარგულებით, არ იყოს ერთჯერადი და სამართალდამრღვევი დაისაჯოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. "ბომბოჩკები" გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის მიზეზი. აღნიშნული გასართობი საშუალებებით დასახიჩრდა არაერთი სხვადასხვა ასაკის პიროვნება. უკონტროლო, გართობის მიზნით აფეთქება აღიზიანებს უამრავი ბავშვის და შეუძლოდ მყოფი ზრდასრული ადამიანების ფსიქიკას. სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება სადიზმის გამოვლინების შემთხვევებიც, რა დროსაც ბავშვების მავნე მიდრეკილებების მსხვერპლი ხდებიან ცხოველები. ხშირია მათი წამების ფაქტები.

    აღნიშნული სრულიად საკმარისი მიზეზების გამო მოვითხოვთ, ასაფეთქებელი საშუალებები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ახალი წლის ღამით. სხვა შემთხვევაში ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიმშვიდის და მათი უფლებების დარღვევად".

    ეს პეტიციის ტექსტია, რომელიც 2016 წლის დასაწყისში შეიქმნა და იმდენად აქტუალური გახდა, რომ ტელეგადაცემები ეძღვნებოდა, თუმცა მალევე ყველამ მიივიწყა. ახალი წლის დღეების მოახლოებასთან ერთად კი ქუჩაში სულ უფრო ხშირად ვხედავთ "ბომბაჩკებით შეიარაღებულ" სკოლის მოსწავლეებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved