სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაღალშემოსავლიანი ადამიანების ფულადი შემოსავალი 28-ჯერ აღემატება დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისას
    მარი ჩიტაია
    15.12.2017

     საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს ღარიბ-ღატაკი მოსახლეობა შეადგენს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გასაჭირი, სიღარიბისა და უთანასწორობის მაჩვენებელი მსოფლიოში კატასტროფულ მასშტაბს აღწევს. ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა აშკარად კრიტიკულია. თუკი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოსთვის ყველაზე მაღალ და დაბალშემოსავლიან ოჯახებს შორის სხვაობა იყო დაახლოებით ხუთჯერადი, დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17-18-ჯერ მეტია. მარტო ფულად შემოსავალს თუ მივიღებთ მხედველობაში, მაღალშემოსავლიანი სეგმენტი 27-28-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა.

    რაც არანაკლებ საგანგაშოა, უთანასწორობა გვაქვს დარგობრივი და რეგიონული ნიშნითაც. მდგომარეობა მძიმეა ერთ სექტორში მომუშავე ადამიანთა ჯგუფისთვისაც. ძალიან ხშირად ადამიანები ერთ ორგანიზაციაშიც კი უთანასწორო შემოსავალს იღებენ. განათლება, სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, მომსახურება, დამამუშავებელი მრეწველობა - ეს საქართველოში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროების მთავარი ხუთეულია. ბოლო ათ წელიწადში ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანთა ანაზღაურება რამდენჯერმეა გაზრდილი, თუმცა, სხვა სფეროებში დასაქმებულებთან შედარებით, აქ დასაქმებულთა ანაზღაურება საგრძნობლად დაბალია.

    როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა დოვლათის გადანაწილების თვალსაზრისით.

    "ბოლო წლების უთანაბრობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის სწრაფად იზრდება. მართალია, ღარიბების შემოსავალიც მატულობს, მაგრამ შეფარდებითი სიღარიბე, მდიდარ მოსახლეობასთან შედარებით, მომატებულია. ასეთივე ტენდენცია შეინიშნება მსოფლიოში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში და საქართველოშიც.

    ბოლო 25-წლიან პერიოდს თუ ავიღებთ, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მაღალ და დაბალშემოსავლიან ოჯახებს შორის სხვაობა იყო დაახლოებით ხუთჯერადი, მაგრამ ეს მაჩვენებელი დღეს დაახლოებით 17-18-ჯერ არის გაზრდილი. მარტო ფულად შემოსავალს თუ მივიღებთ მხედველობაში, მაღალშემოსავლიანი სეგმენტი 27-28-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა. უფრო თუ დავკონკრეტდებით, ყველაზე მაღალშემოსავლიან 5%-ს ავიღებთ და შევადარებთ დაბალშემოსავლიანთა ამავე რაოდენობას, სხვაობა დაახლოებით 60-ჯერ მეტია.

    მოსახლეობას ჩვენ ვყოფთ სოციალური, გენდერული და რეგიონული ნიშნით, მაგრამ, ფაქტობრივად, თანამედროვეობის ყველაზე მწვავე გამოწვევაა დაყოფა შემოსავლისა და კეთილდღეობის მოხმარების მასშტაბების მიხედვით. სოციალურად განსხვავებულ ჯგუფებს განსხვავებული სამომხმარებლო სერვისი და მოხმარების კულტურა აქვთ. ერთ ჰაერს სუნთქავენ, მაგრამ მათი ინტერესები, მიზნები და პრობლემები რადიკალურადაა ერთმანეთისგან განსხვავებული. სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და სოციალურ-ეკონომიკურ ჩამოყალიბებას სწორედ ეს უქმნის სერიოზულ პრობლემას", - განმარტავს არჩვაძე.

    რაც შეეხება საერთაშორისო ტენდენციას, როგორც სტატისტიკოსი ამბობს, მსოფლიოში სიღარიბის ზრდა აშკარაა და სიმდიდრის კონცენტრაცია ხდება შედარებით მდიდარი და განვითარებული ქვეყნების სასარგებლოდ.

    "ბოლო წლებში მსოფლიო სიმდიდრის 36% მოდის ჩრდილოეთ ამერიკაზე, ევროპაზე - 28,5%, ჩინეთზე - 10,4%, აფრიკაზე მხოლოდ 0,9%-ია. ზოგადად, სიღარიბის კრიტერიუმი ყველა ქვეყანას განსხვავებული აქვს. მაგალითად, ამერიკაში, მინიმუმ, 4-სულიან ოჯახზე თვეში მოდის 2450 დოლარის შემოსავალი. ეს ჩვენი სტანდარტით ძალიან მაღალია. სიღარიბის მაჩვენებელი იქ ოფიციალურად დაახლოებით 13%-ია. სასურსათო ტალონები გაიცემა იმ შემთხვევაში, როცა ოჯახი სიღარიბის ზღვარს არაუმეტეს 25%-ით აღემატება და რისკის ზონაშია. სასურსათო ტალონების მიმღებთა რაოდენობა კი მერყეობს 45-დან 48 მილიონამდე, რაც ესპანეთის მოსახლეობაზე მეტია.

    სიღარიბის ამერიკისეული მაჩვენებელი ბევრი სხვა ქვეყნისთვის საოცნებო ნიშნულია. ბრძოლა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გაცილებით მძიმე და ხანგრძლივია. ამას სჭირდება უფრო გააზრებული სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგია სახელმწიფოსგან. ვიმედოვნებ, ხელისუფლება ამიერიდან უფრო ქმედით ღონისძიებებს გაატარებს, ვიდრე ამას ბოლო დრომდე აკეთებდა", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

    სოციოლოგების შეფასებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ღარიბ-ღატაკია, ძალიან მდიდართა რაოდენობა 10%-ს არ აღემატება, დანარჩენი კი საშუალო ან შედარებით დაბალი შემოსავლის მქონეთა კატეგორიაა.

    ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში უთანასწორობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება.

    "წლიდან წლამდე ძვირდება პირველადი მოთხოვნის პროდუქცია, ხოლო ამ პროცესს ვერ ეწევა მოქალაქეების შემოსავლების ზრდა, რაც არასახარბიელო ტენდენციაა. ზოგადად, რთული სიტუაციაა და გამონაკლისი არც საქართველოა. ასეთი დისბალანსი განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი - რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სხვა.

    ზოგიერთების შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ უმრავლესობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა წლების განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაუარესდა კიდეც. საშუალო ფენა არ არსებობს საქართველოში, არის ძალიან მდიდარი და ღარიბი საზოგადოება. ეს დისბალანსი აშკარად ჩანს, თუმცა, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, შეიძლება ადამიანს უჭირდეს, მცირეშემოსავლიანი იყოს, მაგრამ თავის გაჭირვებას არ ამხელდეს. ასეთი ბევრი ოჯახია, ჯერ კიდევ გვარიშვილობით რომ იწონებენ თავს.

    ძალიან დამაფიქრებელი სტატისტიკა გვაქვს, რა თქმა უნდა, არაოფიციალური, მაგრამ რეალური. კერძოდ, სიღატაკე სადღაც 15-17%-ს შეადგენს საქართველოში. გაცილებით მეტია სიღარიბის დონე, დაახლოებით 50%-მდეც. დღესდღეობით შეგვიძლია თქმა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს ღარიბი და ღატაკი ოჯახები შეადგენენ. საშუალო ფენა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ძალიან მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა 10%-ს არ აღემატება", - განმარტავს პაატა აროშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved