სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    13.12.2017

     როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ყინულის შენახვის ტრადიციები საქართველოში საუკუნეებს ითვლის და მას, როგორც გამაგრილებელ საშუალებას, ძირიადად სურსათ-სანოვაგის შესანახად და სამკურნალოდ იყენებდნენ. დღემდე შემორჩენილია ყინულის შენახვის რამდენიმე ხალხური წესი, რომლებსაც დღევანდელ სტატიაში შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს.

    გიორგი ბრწყინვალის დროს შედგენილ "სახელმწიფოს კარის გარიგებაში" ყინულის შენახვის შესახებ წერია: "საღამოს მეღვინე ფანჯას მიიღებს, მყინვარიანთა ჭურჭლითა ანუ ტაბაკითა, ზედა მყინვარსა დაჰყრის... და თუ მეფესა ღამით მოეწყუროს, ბრძანოს, რომელიცა უნდა".

    ვახტანგ მეექვსის მიერ შედგენილ "დასტურლამალში", რომელშიც სამეფოს ყველა მოხელის მოვალეობები იყო განსაზღვრული, წერია: "თრიალეთის რიგსა და გამოსაღებისა საბატონოსა და სამოხელეოსთვის სძეს... თოვლის ზიდა".

    იქვე აღნიშნულია "კოჟორზე ტკბილის მიტანის, მარნის რეცხვისა და ყინულის ჩაყრის ვალდებულება".

    სამეფო "მაცივრებს" თავისი მოსამსახურე ხალხიც ჰყავდა. ისინი "ყინულის საქმეებს" განაგებდნენ და მასზე პასუხისმგებელნი იყვნენ. მათ "აბდარბაშს" ეძახდნენ. "აბდარბაშს" რამდენიმე "აბდარი", ანუ თანაშემწე ჰყავდა. "აბდარბაში" წინასწარ დადგენილი წესებით ხელმძღვანელობდა, თან ჰქონდა ნუსხა, ვისაც სამეფო საყინულეში თოვლ-ყინულის მოტანა ევალებოდა. ყველა "აბდარი" ვალდებული იყო, ზუსტად ეწარმოებინა აღწერა, რადგან ვინც თოვლ-ყინულს არ ჩააბარებდა, მას მეფის სასარგებლოდ ჯარიმა უნდა გადაეხადა. "ჯარიმა ნაცუალმა უნდა აიღოს და ბატონის ქარხანაში მიაბაროს და ყინულის თეთრი, როგორც სამეფოსა სძეს";

    როგორც ისტორიკოსი ალექსანდრე ბაშიშვილი თავის პუბლიკაციაში აღნიშნავს, საყინულეები სხვადასხვა ზომის იყო, რომლებიც სასახლეშივე მზადდებოდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია როსტომ მეფის სასახლის ეზოში, ორსართულიანი, თახჩებიანი საყინულე, ასევე გიორგი მე-12-ის სასახლეში - ჭა-მაცივარი. მიწაში ჩაფლული საყინულე მიკვლეულია სოფელ ლამისყანაში ორბელიანების სასახლის ეზოში, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება. საყინულეები ჰქონდათ მუხრანსა და დიღომში ბაგრატიონებს, ფხვენისში - ამილახვრებს, ქვემო ხვითში - მაჩაბლებს, ნიქოზში - ფალავანდიშვილებს, ერედვში - ფავლენიშვილებს, ახალქალაქში - თარხნიშვილებს, შინდისში - ბარათაშვილებს.

    ყინულის შენახვის წესი კი ასეთი ყოფილა. შიდა ქართლში ყინულს ვაკე ადგილზე ორმოში ინახავდნენ. ანუ "ყინულის შესანახი ორმო-თხრილი" შენობის ჩრდილოეთ მხარეს იჭრებოდა, რათა მზე ნაკლებად მოხვედროდა და უფრო დიდხანს შეენახათ. ასეთ ორმო-თხრილში 200-300 ურმი თოვლი ეტეოდა. ასევე იყო მიწის პირამდე მოყვანილი ქვითკირის თაღიანი კედლები, ამ საცავს სათვალური უკეთდებოდა თაღის თავზე, სადაც ურემი პირდაპირ იცლებოდა.

    ორმოს ძირში შლიდნენ ნახევარი არშინის სისქის ნახერხს, შემდეგ ფენა-ფენა აწყობდნენ ყინულს 2,5 არშინის სიმაღლეზე და ისევ ნახერხს მიაყრიდნენ. მეორე პირზე უფრო მეტ ყინულს აწყობდნენ, ცარიელ ადგილებს კი დაფშვნილი ყინულით ავსებდნენ. ასეთ ორმოებში სამი-ოთხი პირი ყინული ეწყობოდა. ავსებულ ორმოს ზემოდან ისევ ნახერხს აყრინენ და ფიცრის სახურავს მოარგებდნენ.

    არქეოლოგიური გათხრებით ასევე დასტურდება, რომ საყინულეები ყოფილა თბილისის სხვადასხვა უბანში. ასეთი საყინულე აღმოჩენილია სამღებროსა და გორგასლის ქუჩების მონაკვეთზე. მისი სიგრძე ერთ მეტრს აღწევდა, სიღრმე კი - 12 მეტრს.

    საყინულეები ყოფილა ლესელიძისა და ჩახრუხაძის ქუჩებზე, დიდუბის ეკლესიის მახლობლად. თბილისის მიდამოებში იყო "კლდე ნაკვეთები", რომლებიც ძირითადად მდინარეებისა და ტბების მახლობლად კეთდებოდა, მთის ჩრდილოეთ მხარეს, საიდანაც "ფლატე" ჰქონდა აღმართული. ფლატეს გამოანგრევნენ და წინ კედელს უშენებდნენ. ერთ მხარეს "სათვალურს" უტოვებდნენ, საიდანაც ყინული მოჰქონდათ. თბილისის შემოგარენში ყინულს ჭრიდნენ ტბებზე. ასეთი ადგილი იყო ლისის ტბა, დიდვარცლის ტბა, დიდგორწინას ტბა, შიოს ტბები, მუხათგვერდის ტბა, ჩახერგულას ტბა და სხვა.

    აყინულზე დიდი მოთხოვნილება იყო თბილისის დუქნებსა და ბაზრებში, სადაც აციებდნენ ღვინოს, ხორცს, თევზსა და სხვა სურსათ-სანოვაგეს. გასაყიდი ყინული თბილისის დუქნებსა და ბაზრებში გლეხებს ურმით ჩამოჰქონდათ. ყინულს საღამოს გამოიტანდნენ და ურმებზე ალაგებდნენ, ურემს ქვემოდან სველ ტილოს უკეთებნენ. ყინულს თავზე ბალახსა და სველ ტილოს აფარებდნენ და იმავე ღამით მოჰქონდათ თბილისის ბაზრებში გასაყიდად, სადაც მყიდველი წინასწარ ჰყავდათ შეპირებული და გასამრჯელოს ნახევარიც აღებული ჰქონდათ. კოჯრელები, წყნეთელები და შინდისელები ყინულს სახედრებით ეზიდებოდნენ და ნაჭრებად ყიდიდნენ.

    რაც შეეხება ყინულის სამკურანლოდ გამოყენებას, ამის შესახებ ცნობები დაცულია მე-11 საუკუნის ქანანელის "უსწორო კარაბადინში". მე-13 საუკუნის ხოჯა ყოველის "წიგნი საექიმოში". მე-15 საუკუნის ზაზა ფანასკერტელის "კარაბადინში", დაუდ ხანის "იადაგარ დაუდში". ამ ცნობების მიხედვით, სიცხის დასაწევად ცივ წყალსა და თოვლ-ყინულს იყენებდნენ, მათ ისეთივე ეფექტი ჰქონდათ, როგორც დღეს სიცხის დამწევ აბებს.

    პლატონ იოსელიანის ცნობით, ყინული გამოიყენებოდა გვამების შესანახად. მეფე ერეკლე მეორმოცე დღეს მიაბარეს მიწას და ამ ხნის განმავლობაში მის ცხედარს ყინულში ინახავდნენ. მეფე გიორგი მე-12-ის ცხედარი 54-ე დღეს დამარხეს. ის გარდაიცვალა 1800 წლის 28 დეკემბერს და დაკრძალეს 1801 წლის 28 თებერვალს.

    "გვამი მეფისა ესვენა სიონსა ეკლესიასა და სხეულისა ხრწნულებასა იმაგრებდნენ და ეშველებოდნენ კუბოსა შინა ყინულთა შთადებითა", - გადმოგვცემს პლატონ იოსელიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved