სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ახალგაზრდა კაცი გამგეობას უხეშობაში ადანაშაულებს
    ნინი ქეთელაური
    13.12.2017

    მოქალაქე ალექსანდრე არუთინოვი სამგორის გამგებელს უყურადღებობაში, ხოლო გამგეობის წარმომადგენლებს უხეშობაში ადანაშაულებს. არუთინოვი ამჟამად სომხეთის მოქალაქეა, თუმცა ამბობს, რომ მას საქართველოს მუდმივი ბინადრობა გააჩნია, არის სოციალურად დაუცველი და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.

    როგორც "რეზონანსის" რედაქციაში მოსულმა არუთინოვმა გვითხრა, სამგორის ახალი გამგებელი მოქალაქეებს ემალება და მასთან შეხვედრას ვერ ახერხებს. ამასთან, აცხადებს, რომ სახლში ჰყავს ავადმყოფი დედა, ძმა კი საპატიმროშია და არსებული სოციალური დახმარება (120 ლარი) საარსებო მინიმუმისთვისაც კი არ ჰყოფნის.

    "ვარ თბილისში დაბადებული, გაზრდილი, ამჟამად გამაჩნია საქართველოს მუდმივი ბინადრობა, სახლი აქ მაქვს. მყავს დედა, რომელიც ავადმყოფია, ნაოპერაციები. ვარ სოციალურად დაუცველი, გამგეობა მეხმარებოდა ხოლმე, რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ ამჟამად ვარ უშუქოდ. ახლა დაიწყეს 100-ლარიანი ვაუჩერების დარიგება. მეუბნებიან, რომ რადგან შუქი გათიშული მაქვს, ვაუჩერს არ მომცემენ. საშუალება რომ მქონოდა, სოციალური მექნებოდა? ან შუქს გამითიშავდნენ? მეუბნებიან, ძველ დავალიანებას არ გამოგიქვითავთ, რასაც დახარჯავ, ამით ის იფარებაო. რა უნდა დავხარჯო, როცა შუქი არ მაქვს? არავინ პასუხს ამ მცემს. ბატონი დავით კერესელიძეა გამგებელი და საერთოდ არ ვიცი, როგორია, მარტო სახელი და გვარი ვიცი. წარმოიდგინეთ, ახალი დანიშნული გამგებელი მოქალაქეს ემალება," - აღნიშნავს არუთინოვი და "რეზონანსთან" სამგორის გამგეობაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჰყვება.

    "მივედი გამგეობაში, მივმართე დახმარების თხოვნით, რომ საახალწლოდ 300 ლარი დაერიცხათ, უარი მითხრეს. მეორედ ისევ დავწერე განაცხადი. ამასობაში მეგობარს ბებია გარდაეცვალა და გამგეობაში იმას მივყევი, რომ დაკრძალვის ხარჯები დაეფარათ. მიღებაზე დამინახეს თუ არა, ამიყვირდნენ, შენ კიდევ აქ მოხვედი? ყველას შენ როგორ დაყვები. სხვათა შორის, შენ საქართევლოს მოქალაქე არ ხარ, სომხეთის მოქალაქე ხარ, წადი და იქ ითხოვე დახმარებაო. ვუპასუხე, რომ ეროვნებათან ასეთი აგრესიულობა არ არის საჭირო და მეორეც, მე სხვა საკითხზე მოვედი-მეთქი. ისე მიყვირეს და დამამცირეს, მე უკვე მეშინია იქ კიდევ მისვლა. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქე ვარ? მე მიყვარს საქართველოც და სომხეთიც, ვამაყობ, რომ ვცხოვრობ აქ და ვერავინ დამიშლის ვერც საქართველოს და ვერც სომხეთის სიყვარულს," - აცხადებს ალექსანდრე არუთინოვი, რომელიც აღნიშნავს, რომ გასულ წელს ხელისუფლების კრიტიკის გამო დააშინეს კიდეც.

    "იანვრის თვეში ტელევიზიით გამოვედი, ჩემი გასაჭირის შესახებ ვთქვი და ხელისუფლება გავლანძღე. ამის მერე დამიჭირეს და დამემუქრნენ, ტელევიზიებით კიდევ თუ ილაპარაკებ, გაგამწარებთ. არ ხარ ცუდი ბიჭი და გეყოფა, მთავრობას ნუ ლანძღავო," - აცხადებს არუთინოვი.

    აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსი" სამგორის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მოგვიანებით დაგვეკონტაქტებოდნენ, მაგრამ ჩვენ ზარებს აღარ უპასუხეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved