სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "როდესაც უცხოეთში იკრძალება გარკვეული პროდუქტის გაყიდვა და საქართველოში მაინც რჩება რეალიზაციაში"
    მარი ჩიტაია
    13.12.2017

     ბავშვთა კვების სეგმენტში დაწესებული კონტროლის მიუხედავად, საფრთხე მაინც რჩება. ფრანგული წარმოების პროდუქტში მავნე ნივთიერების აღმოჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბაზარზე საფრთხის შემცველი პროდუქტი მაინც ხვდება.

    გუშინ მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საკუთარი სააფთიაქო ქსელებიდან "ლაქტალისის" წარმოების ბავშვთა კვების, კერძოდ "სელიას" (სუდშფ) რძის ფხვნილის რეალიზაცია შეწყვიტეს.

    საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.

    "სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

    ამ დროისთვის "პეესპესა" და "ავერსში" "ლაქტალისის" პროდუქციის რეალზიაცია არ ხდება. კომპანიებში განმარტავენ, რომ სალმონელას ჩხირების შესაძლო აღმოჩენაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ქსელში ამ ბრენდის საკვების გაყიდვა შეაჩერეს.

    კომპანია "ავერსმა" გუშინვე გააფრთხილა ქსელში შემავალი ყველა აფთიაქი, რათა აღნიშნული პროდუქცია საწყობებში გადაეტანათ. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი ელოდებიან ლაბორატორიისა და მწარმოებლის წერილობით ინფორმაციას, შეიცავს თუ არა მათ მაღაზიებში არსებული "სელიას" რძის ფხვნილი სალმონელას. ისინი მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დააბრუნებენ პროდუქტებს რეალიზაციაში თუ მარაგიდან საერთოდ ამოიღებენ.

    ბავშვთა კვების სეგმენტში კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობს სურსათის სფეროს სპეციალისტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია. მისი ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე სხვა ქვეყნებში "დაწუნებული" პროდუქცია იყიდება, რაც მკაცრი კონტროლის პირობებში არ უნდა დაუშვან.

    "ჩვენ იმიტომ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, რომ ზუსტად ასეთი საფრთხისგან დაიცვას მოქალაქეები, რაშიც დიდია ჯანდაცვის სამინისტროს როლი. ნებისმიერი დარღვევა, რომელიც ბავშვთა კვების სფეროში დაფიქსირდება, დასჯადი უნდა გახდეს. ადამიანებს აზრადაც არ უნდა მოუვიდეთ, რომ ფინანსური კეთილდღეობის ხარჯზე ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან.

    ხშირად ხდება, როცა უცხოეთში აიკრძალება გარკვეული პროდუქტის გაყიდვა და ადგილობრივ ბაზარზე მაინც რჩება რეალიზაციაში. ხელახლა მოახდენენ დაწუნებული პროდუქტის ეტიკეტირებას და ყიდიან.

    რაც შეეხება უკანასკნელ ფაქტს, კარგია, თუ ამ შემთხვევაში ბავშვთა კვება რეალიზაციიდან დროულად იქნა ამოღებული. ჩვენი პატარები რეალურად ძალიან დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან სალმონელა საკმაოდ საშიში ბაქტერიაა, ნაწლავური ჩხირია, რომელიც სერიოზულ გართულებებს იწვევს. ის არ რჩება მხოლოდ ნაწლავებში, გადადის სისხლშიც და ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ამ მომენტში, როგორც ჩანს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაგვარჩინა, მაგრამ ამით პრობლემა არ ამოიწურება. ბავშვთა კვება, განსაკუთრებით, იმპორტი სათანადოდ არ მოწმდება", - აცხადებს კვარაცხელია.

    როგორც "ამერიკის ხმა" იტყობინება, პოტენციურად საშიში პროდუქციის ექსპორტი ხდებოდა საქართველოში, ჩინეთში, ტაივანში, პაკისტანში, ერაყში, მაროკოში, ლიბანში, სუდანში, რუმინეთში, სერბეთში, საბერძნეთში, ჰაიტიში, კოლუმბიასა და პერუში.

    საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა პროდუქტების სია, რომელთა გაყიდვა და ექსპორტი აიკრძალა, მათ შორის მოხვდა სუდშფ-ს, ქშდგქუდ-ისა და ზშსწე-ის ნაწარმი. ჯანმრთელობისთვის საშიში ბავშვთა საკვები საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქარხანაში იყო წარმოებული. უკან გაწვევას ექვემდებარება 2017 წლის თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ გამოშვებული პროდუქტი.

    გავრცელებული ცნობით, ფრანგული კომპანია ბავშვთა კვების პროდუქციის პარტიებს უკან გაიტანს. უმსხვილესმა მწარმოებელმა საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქცია ქსელიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც საფრანგეთში ჩვილებში სალმონელას ბაქტერიის გავრცელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter