სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "შარშანაც ასე ვწუწუნებდი, მაგრამ წლევანდელი მდგომარეობა გაცილებით უარესია"
    თეო გუდავაძე
    13.12.2017

     2017 წელი საქართველოსთვის მეტად რთული გამოდგა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით: ლარის კურსის გაუფასურება, ინფლაცია, უმუშევართა რიგების ზრდა და ა.შ. ახალი წლის მოახლოებამ საყოველთაო დაძაბულობა უფრო მეტად გამოააშკარავა. ადამიანთა უმრავლესობას არ აქვს ფინანსური საშუალება, შობა-ახალ წელს ისე შეხვდეს, როგორც თუნდაც ერთი წლის წინ. დეკემბერი წელიწადის ყველაზე ხარჯიანი თვეა. შეიძლება ითქვას, მოსახლეობა ამ ხარჯს ვეღარ უმკლავდება.

    ახალი წლის მოახლოება სადღესასწაულო სამზადისის დაწყებასა და შესაბამისად, საჭირო პროდუქტებისა თუ საახალწლო აქსესუარების შეძენას უკავშირდება. მოსახლეობა ყოველთვის ცდილობს, სადღესასწაულო სუფრა განსაკუთრებული იყოს და შეძლებისდაგვარად ხელგაშლილად შეხვდეს ახალ წელს, თუმცა ეს სულ უფრო ნაკლებად გამოსდის. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონი და ლარის დევალვაცია არ იძლევა ნორმალური ყოფის საშუალებას.

    ხალხი მუდმივად ცდილობს, მომჭირნეობა გასწიოს და თავი შეიზღუდოს. ამდენი გაჭირვების ფონზე ადამიანებს არც განწყობა აქვთ საზეიმო. რუსუდან რობაქიძე 40 წლის კონდიტერია, რომელიც ყოველ ახალ წელს ძალიან ბევრ შეკვეთას იღებდა. იგი თავისი ოჯახისთვისაც საზეიმოდ მორთულ ტორტებს აცხობდა, მაგრამ წელს ამის განწყობა ნაკლებად აქვს:

    "ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ახალი წელი, ქუთაისში ვცხოვრობდი და დაახლოებით 20 წლის ასაკიდან დავიწყე ცხობა. ვიღებდი შეკვეთებს და სხვადასხვა ტკბილეულს ვაცხობდი. დაახლოებით 10 დეკემბრიდან იწყებოდა ჩემთან ჩაწერა, რომ მოესწროთ ნამცხვრებისა და ტორტების შეკვეთა. ბოლო წლებში თანდათან იკლო ზარებმა და წელს ჯერ მხოლოდ ერთმა ადამიანმა დამირეკა. არც მიკვირს ეს ყველაფერი, რადგან მე თავადაც არ მაქვს საახალწლო განწყობა და მით უმეტეს შემოსავალი არ იძლევა უკვე იმის საშუალებას, რომ შეუკვეთო ის, რაც გინდა.

    ბევრი ადამიანისგან გავიგონე, რომ მხოლოდ ნაჭრებით აპირებენ ნამცხვრების ყიდვას, რადგან არ აქვთ საშუალება, შეუკვეთონ მთლიანი ტორტი. ამ დროს სულ ინტერნეტში ვიყავი შემძვრალი და ვათვალიერებდი დეკორაციებს, მინდოდა, საახალწლოდ ბევრი სხვადასხვა ტიპის ტორტი და შაქარლამა გამეკეთებინა განსხვავებული დიზაინით, მაგრამ ამის ხალისი უკვე ნამდვილად აღარ მაქვს.

    გადავწყვიტე, მხოლოდ მნიშვნელოვან რაღაცებზე გავამახვილო ყურადღება და ისინი გავაკეთო. ადრე თუ 2-3 ნამცხვარს ვაცხობდი, ახლა მხოლოდ ერთს გავაკეთებ და ვეცდები, ეკონომია გავწიო, რადგან ახალი წლის შემდეგ დღეებში არ გამიჭირდეს არსებობა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას რუსუდან რობაქიძემ.

    ადამიანები ამბობენ, რომ საახალწლო ხარჯების შემცირება ერთიორად მოუწიათ და ბევრ რამეზე თქვეს უარი. ზოგიერთი მათგანი კი საახალწლოდ ფქვილს, შაქარსა და სხვა პროდუქტებს უკვე ნოემბრის შუა რიცხვებიდან იმარაგებდა, რომ ერთბაშად დიდი ხარჯი არ შეხვედროდათ.

    ახალი წლის მოახლოებამ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა პრობლემა, მაგალითად, ინფლაციასთან მიმართებაში. უმრავლესობა მომატებულ ფასებზე ჩივის და ეკონომიაზე საუბრობს. მომხმარებელთან ერთად პროდუქციის გაძვირებას ადასტურებენ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები. ნელი გოგოლაური სურსათის მაღაზიაში მუშაობს და ამბობს, რომ, წინა წელთან შედარებით, ფასები ნამდვილად არის გაზრდილი:

    "გლდანში ვმუშაობ ერთ-ერთ უბნის მაღაზიაში. ფასები 10-20 თეთრით არის გაზრდილი თითქმის ყველაფერზე. შეიძლება, როცა სათითაოდ ყიდულობენ საკვებს, მაინცდამაინც ვერ ამჩნევენ, მაგრამ საახალწლოდ, როდესაც ყველაფერი ერთბაშად უნდა შეიძინონ, სხვაობა მართლაც აშკარაა.

    მთელი ქვეყანა წუხს ინფლაციისა და ლარის ვარდნის გამო. ეს შობა-ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება ხალხისთვის, რადგან ყველაფერი გაძვირდა, პროდუქტების ფასმა, რა თქმა უნდა, მოიმატა. ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება რთულია.

    წინასაახალწლოდ სულ მქონდა დანაზოგი, ახლა კი არაფერი მაქვს. ვცდილობ, დღის ბოლოს მაღაზიიდან როდესაც გამომუშავებულ ფულს ავიღებ, ერთი შეკვრა კვერცხი, ვანილი, მაიონეზი ან რამე მსგავსი წავიყოლო სახლში, რომ საახალწლოდ ყველაფრის ერთად ყიდვა არ მომიხდეს. სახლში შვილიშვილი მყავს, რომელიც 3 წლის გახდა და წელს მთელი შეგნებით ელოდება თოვლის ბაბუას. მომიწევს სუფრის ხარჯის შემცირება და მისთვის სასურველი სათამაშოს ყიდვა.

    რთულია ასე ცხოვრება, როდესაც ხვდები, რომ უკეთესობისკენ არაფერი იცვლება და ერთ ადგილას ხარ გაჩერებული ან უკან მიდიხარ. წინა ახალ წელსაც ასე ვწუწუნებდი, მაგრამ წლევანდელი მდგომარეობა გაცილებით უარესია, უკვე წუწუნისაც კი მეშინია", - განუცხადა "რეზონანსს" ნელი გოგოლაურმა.

    ხალხი ხარჯის შემცირებას სხვადასხვაგვარი გზით ცდილობს და პროდუქტებს უნაცვლებს ერთმანეთს. უფრო ხშირად კი ისინი, უბრალოდ, უარს ამბობენ ამა თუ იმ საკვებზე. არის ისეთი ოჯახებიც, რომლებიც აუცილებელ ნივთებზე ზოგავენ ფულს და ასე აგროვებენ საახალწლო სუფრისთვის საჭირო თანხას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter