სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "საკმარისია ერთი გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომ მთელი ოჯახი ვალში ეფლობა"
    მარი ჩიტაია
    12.12.2017

     აწვავის, სურსათისა და მედიკამენტების ზედმეტი ხარჯი წლის დასაწყისიდან დღემდე ოჯახისთვის დაახლოებით 200 ლარით გაიზარდა. ფიქსირებული ხელფასის მქონე და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის უმეტესობა მასთან გამკლავებას ვეღარ ახერხებს. საკმარისია ერთი გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომ ოჯახი ვალში ეფლობა.

    2017 წლის განმავლობაში მარტო საწვავი 70-80 თეთრით გაძვირდა. ერთ ოჯახს, რომელსაც 1 მანქანა მაინც ჰყავს, თვეში, მინიმუმ, 100-120 ლარით გაეზარდა ხარჯი. გაცილებით მეტია ეს მაჩვენებელი იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ერთზე მეტი მანქანა ჰყავთ. რაც შეეხება საკვების შესაძენად საჭირო ხარჯს, თვეში დაახლოებით 20-40 ლარით არის მომატებული, მედიკამენტების შემთხვევაში კი ხალხს, სულ მცირე, 30 ლარით მეტის გადახდა უწევს. ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ინფლაციის გამო ხალხს ჯიბიდან დაახლოებით 200 ლარი ამოაცალეს. მართალია, ოფიციალური სტატისტიკა სხვაგვარია, მაგრამ რეალობა საწინააღმდეგოს ადასტურებს.

    არავინ დავობს იმაზე, რომ ხარჯი საგრძნობლად გაზრდილია, განსაკუთრებით მცირეშემოსავლიანებისთვის, რომლებიც ინფლაციის გავლენას ყველზე მტკივნეულად განიცდიან. ასეთი ოჯახების მატერიალური მდგომარეობა, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, გაცილებით მძიმეა, ვიდრე ამას საშუალო სტატისტიკური მონაცემი მოწმობს.

    "სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს თუ დავუჯერებთ, დაახლოებით 70 ლარით მეტის გადახდა უწევთ ოჯახებს ინფლაციის გამო, თანაც ეს არის გასაშუალებული ციფრი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას შეიძლება ფიქსირებული შემოსავალი შეუმცირდა.

    როგორც წესი, ინფლაცია, პირველ რიგში, პრობლემას უქმნის დაბალშემოსავლიან ოჯახებს, როგორიც დღეს უმეტესობაა. მათი მატერიალური მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ამას საშუალო სტატისტიკური მონაცემი მოწმობს. რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ოჯახი, მისთვის ინფლაციური ტვირთი უფრო და უფრო მძიმე ხდება.

    შეიძლება სტატისტიკის სამსახური ბევრ რამეში სცოდავს, მაგრამ სრული იმპროვიზაციის უფლებას თავის თავს ვერ მისცემს. ვფიქრობ, პირობითად შეიძლება თქმა, რომ დაბალ და ფიქსირებულშემოსავლიანთა ოჯახებისთვის ინფლაციურმა წნეხმა მეტიც კი შეადგინა - 3-ჯერ მაღალი ფიქსირებულთან შედარებით.

    ინფლაცია დაახლოებით 6,9%-ია ჯერჯერობით და მალე ვნახავთ, როგორ იქნება დეკემბერში. გაჭირვებული ფენა დიდია, რომლისთვისაც ინფლაციის დონე მაღალია. დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ 15-20%-ზე მეტით გაიზარდა მედიკამენტის ხარჯი, რომლის მომხმარებელი შედარებით ასაკოვანი და ჯანმრთელობაშერყეული მოსახლეობაა. მათ ხარჯებში მედიკამენტებს გაცილებით მეტი წილი უკავია, ვიდრე საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში. რეალურ ინფლაციასთან დაკავშირებით შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ უყოყმანოდ შეიძლება თქმა, რომ დაბალშემოსავლიანთათვის იგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალურად დასახელებული ციფრი", - განმარტავს სტატისტიკოსი. მისი შეფასებით, მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში ქონებრივი სხვაობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც სამწუხარო რეალობაა.

    "დღესდღეობით ფასების ზრდა პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა სამომხმარებლო საქონელზე. ჩვენ ვხედავთ, რომ იაფდება თვითმფრინავის ბილეთები, მოგზაურობა, მაგრამ ამ სერვისით სარგებლობის სურვილი ადამიანს უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ახერხებს.

    როდესაც გადაულახავი წინააღმდეგობა არსებობს, ბევრს არ აქვს იმ პროდუქციაზე წვდომის საშუალება, რაზეც ფასები მცირდება, როგორიცაა, მაგალითად, ციფრული ტექნიკა, კომპიუტერები, თვითმფრინავის ბილეთები და სხვა. ეს კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების წევრთა სოციალურ დიფერენცირებას. გაჭირვებული ფენა კიდევ უფრო ღარიბდება და საზოგადოების შეძლებული ნაწილი კიდევ უფრო მდიდრდება. მათ შორის ქონებრივი სხვაობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც სამწუხარო რეალობაა", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

    ანალიტიკოსები იზიარებენ მოსაზრებას, რომ რეალური ინფლაცია ოფიციალურ სტატისტიკას მნიშვნელოვნად აღემატება. ამის ერთ-ერთ მიზეზად ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აქციზის გადასახადის ზრდას ასახელებს, რამაც ცხოვრება ბოლო 1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააძვირა.

    "გასათვალისწინებელია, ინფლაციის რეალური მაჩვენებელი რამდენად ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. ფაქტია, რომ მიზნობრივთან შედარებით, საკმაოდ მაღალი ინფლაციაა. როდესაც მთელი წლის განმავლობაში ინფლაციის თარგეთირებულ მაჩვენებელთან ახლოსაც კი ვერ მიდის ეროვნული ბანკი, ცხადია, რომ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

    ცალკე თემაა საწვავის ფასი, რა მხრივაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა ადგილობრივ ბაზარზე და ბოლო პერიოდში მას მსოფლიო ტენდენციის გავლენაც დაემატა. ინფლაციაზე უაღრესად ნეგატიური გავლენა 2017 წელს გარკვეულ პროდუქციაზე აქციზის გადასახადის მატებამაც იქონია. ეს იმთავითვე ნიშნავდა გაძვირებულ ცხოვრებას, რაც არ იქნა გათვალისწინებული. საწვავის ხარჯი, როგორც წესი, ყველა პროდუქტის ფასის შემადგენლობაშია. შეუძლებელია, იგი ფასების საერთო დონეზე არ ასახულიყო და ასეც მოხდა.

    მთავრობაში ირწმუნებოდნენ, რომ აქციზის გადასახადის ზრდას ერთჯერადი ეფექტი ექნებოდა, რასაც შემდეგში ეროვნული ბანკი გაანეიტრალებდა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაც ვერ მივიდნენ. ამ ეტაპზე თამამად შემიძლია თქმა, რომ მოსახლეობის ხარჯი გაზრდილია მნიშვნელოვნად ბოლო 1 წლის განმავლობაში და მასთან გამკლავება ბევრ ოჯახს აღარც შეუძლია", - აცხადებს ბაირახტარი.

    გაძვირებული ცხოვრების სირთულეზე საუბრობენ მოქალაქეები, რომელთა თქმითაც, ხარჯის ზრდამ მათი ოჯახების მდგომარეობა საგრძნობლად შეარყია და თვიდან თვემდე სესხებით გააქვთ თავი. ანა ციკოლია სოხუმიდან დევნილი პედაგოგია. იგი ამბობს, რომ ოთხსულიანი ოჯახის ყოველთვიური ხარჯი კატასტროფულად გაზრდილია.

    "არასდროს მისარგებლია ბანკის კრედიტით, მაგრამ დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებით ვცხოვრობთ. ხელფასის ნახევარი, ფაქტობრივად, ამ ვალს მიაქვს. ძალიან გაგვიჭირდა ცხოვრება. მყავს ავტომანქანა, მაგრამ ბოლო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვარჩევ სიარულს, რომ საწვავის ეკონომია მაინც გავწიო. ცალკე მედიკამენტების ხარჯი და ცალკეც - საკვები, რაშიც ფული მიდის. კულტურაზე, თეატრსა და კინოზე უკვე არაფერს ვამბობ. დაახლოებით 200 ლარით გამეზარდა ხარჯი და ამ დანაკლისს თვიდან თვემდე სწრაფი სესხების საშუალებით ვინაზღაურებ. საბოლოოდ სანამდე მიმიყვანს იგი, წარმოდგენაც არ მაქვს", - ამბობს პედაგოგი.

    ანალოგიურ მდგომარეობაშია თბილისელი მადონა მხეიძე, რომლის თქმითაც, მრავალსულიანი ოჯახის ზედმეტი ხარჯი 200 ლარს საგრძნობლად გასცდა.

    "არ ვიცი, რით ვცხოვრობ ან როგორ გამაქვს თავი, როცა მუდმივად ვალებში ვარ ჩაფლული. შარშან ჩემი ხელფასი მყოფნიდა ისე, რომ სესხის აღება არ მჭირდებოდა, არ მქონდა ეს აუცილებლობა, პირადი სიამოვნებისთვის კი ვალს ვერ ავიღებდი. ამ შეგნებით ვცხოვრობ დღესაც, მაგრამ აუცილებელი ხარჯისთვის ფული აღარ მყოფნის. საკმარისია ერთი გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომ ოჯახში ქაოსია. ძალიან ცუდ დღეში ვარ, 200 ლარზე მეტი მაქვს სასესხებელი ყოველთვიურად. ეს ის თანხაა, რაც ზედმეტი ხარჯის გამო ვალად დამაწვა", - ამბობს მადონა მხეიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved