სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    11.12.2017

     სკოლის სახელმძღვანელოებში საკმაოდ ბევრი ხარვეზიანი ტექსტი თუ დავალებაა, რომლებიც პრობლემებს გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი თვალსაზრისით ქმნიან. ამასთან, როგორც განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, სკოლები კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობას განიცდიან, რაც კიდევ უფრო სარისკოს ხდის სკოლებში ორაზროვანი ტექსტების სწავლებას, რაც ასე უხვად არის სასკოლო პროგრამაში.

    აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში შეტანილ ერთ-ერთ ლექსს, რომელიც პოეტ ცირა ქიტიაშვილს ეკუთვნის. ამ ლექსის ნაწყვეტი ერთ-ერთმა მშობელმა სატელევიზიო გადაცემაში წაიკითხა.

    "ჩემს მეორე კლასელ შვილს ჰქონდა დავალება, ლექსია, ცირა ქიტიაშვილის:

    "თუნდ იყოს ასჯერ ნაცემი, ბიჭი არ არის გამცემი,

    ბიჭობა სასურველია, ბიჭობა სანატრელია,

    მისგან დიდ საქმეს ელიან, ეს ნათქვამი კი ძველია,

    ბიჭობა ძალზე ძნელია."

    "შემდეგ არის კითხვები, რომელზეც ბავშვმა უნდა უპასუხოს წერილობით - ლექსის მიხედვით, რას ნიშნავს ბიჭობა? შესწავლილი ნაწარმოებებიდან დაასახელეთ "ნამდვილი ბიჭები" და დაასაბუთეთ მათი ბიჭობა, რატომ არის ძნელი ბიჭობა? რა მოეთხოვება ბიჭს და რატომ არის ბიჭობა სანატრელი? ანუ მე უნდა დავმჯდარიყავი და ჩემი გოგო შვილისთვის ამეხსნა მისი მეორეხარისხოვანი როლი ბიჭებთან შედარებით. ასევე მეთქვა, რომ ბიჭი, რომელიც ენას მიუტანდა მასწავლებელს, არ იქნებოდა ნამდვილი ბიჭი.

    "მე ეს ლექსი ჩემს შვილს არ ვასწავლე. მესმის, რომ ეს არის 2011 წლის გრიფირებული სახელმძღვანელო, მაგრამ განათლების სამინისტრომ უნდა გადახედოს ასეთ გაპარულ ხარვეზებს და გამოასწოროს", - აცხადებს მშობელი.

    აღნიშნული ლექსის ორაზროვნებაზე დაწყებითი კლასების პედაგოგებიც საუბრობენ. მათი ნაწილი ამ ლექსს საერთოდ არ ასწავლის და მის მაგივრად მოსწავლეებს მასალას დამხმარე ლიტერატურიდან აწვდიან.

    სამოქალაქო ინტეგრაციისა და ევროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ დღეს სკოლის უმთავრესი პრობლემა კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობა უფროა, ვიდრე სახელმძღვანელოებში არსებული ხარვეზები.

    "როცა მასწავლებელი მაღალკვალიფიციურია, სახელმძღვანელოში რაც უნდა პრობლემური ტექსტები იყოს, იგი შეძლებს ამ ნაწარმოებების სასარგებლოდ გამოყენებას. როცა ვაღიარებთ, რომ ჩვენ გვაქვს კვალიფიციური პედაგოგების პრობლემა, მაშინ ასეთი ტიპის ტექსტები, რომელთაც, შესაძლებელია, ორაზროვანი გაგება ჰქონდეთ, სარისკოა.

    "... ასჯერ ნაცემი, ბიჭი არ არის გამცემი" - ეს სამშობლოს ერთგულებასა და გმირობას უკავშირდება, თუ "ჩაშვების" ინსტიტუტსა და ენის არმიტანას, ამის ინტერპრეტაცია შესაძლებელია. საზოგადოებამ აქ "ჩაშვების" ინსტიტუტს გაუსვა ხაზი. რა თქმა უნდა, ავტორს ეს იდეა არ აქვს გადმოცემული, თუმცა ასეთი ინტერპრეტაციის საფრთხე არსებობს.

    "ამასთან, არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა - ტექსტი დაუბალანსებელია გენდერული თვალსაზრისით, მათ შორის კითხვები, რომლებიც მოსდევს ამ ლექსს. ასეთი ტიპის ლექსები მეორე კლასის მოსწავლეებისთვის, მით უმეტეს, იმ დავალებებით, რაც მას მოჰყვება, ვფიქრობ, სჯობს, არ იყოს.

    "აღსანიშნავია, რომ აქ საუბარი არ არის, რამდენად ღირებულია ეს ლექსი და რა იდეა ჩადო მასში ავტორმა. საუბარია, რომ ეს ლექსი იძლევა ძალიან ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას, ჩვენი მასწავლებლების პირობებში კი არავინ იცის, როგორი იქნება ეს ინტერპრეტაცია", - განაცხადა ტაბატაძემ.

    "მთელი კვირის" კითხვაზე, რამდენად ხშირია სახელმძღვანელოებში ასეთი ტიპის ორაზროვანი ტექსტების გაპარვა და, ზოგადად, შეცდომები, განათლების ექსპერტი გვპასუხობს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია, ამის მიზეზი კი, გრიფირების პროცესში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციაც არის.

    "სახელმძღვანელოებში საკმაოდ ბევრი ხარვეზიანი ტექსტი თუ დავალებაა, რომლებიც სხვადასხვა თვალსაზრისით ქმნიან პრობლემებს, მათ შორის გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. ეს კი გრიფირების იმ სისტემიდან გამომდინარეობს, რომელიც განათლების სამინისტროს აქვს. როცა ავტორებს სახელმძღვანელოების შესადგენად 3-4-თვიანი ვადა აქვთ, წარმოუდგენელია, შეიქმნას ხარისხიანი სახელმძღვანელო. ამასთან, გრიფირების პროცესში არიან ისეთი ადამიანები, რომელთა კვალიფიკაცია ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ერთობლიობაში კი ეს ყველაფერი იმას იწვევს, რასაც ვხედავთ", - განაცხადა შალვა ტაბატაძემ.

    "მთელი კვირა" დაინტერესდა, რამდენად ახდენს ასეთი ტიპის ტექსტები გავლენას მოსწავლეების ცნობიერებაზე და არის თუ არა სკოლის ბრალი თუნდაც ის ფაქტი, რომ მოზარდების უმეტესობა უარს ამბობს სამართალდამცავებთან კომუნიკაციაზე. ამის დასტურად კი ისიც საკმარისია, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების დაპირისპირების შედეგად მომხდარი ტრაგედია გავიხსენოთ, როდესაც შს მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 150 დაკითხულიდან, რომელთა უმრავლესობა მოსწავლე იყო, უწყებასთან თანამშრომლობის სურვილი ძალიან მცირე რაოდენობამ გამოთქვა.

    ამასთან დაკავშირებით განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავებისადმი ნდობის არქონაში სკოლის დადანაშაულება დაუშვებელია.

    "ნდობა რომ არ არსებობს, ამაში მხოლოდ სკოლას ვერ დავადანაშაულებ. მესმის, რომ სკოლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებაში, მაგრამ ის, რომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა "ჩაშვებაა", არის პრობლემის ძალიან მცირე ნაწილი. რეალურად, სკოლასთან ერთად პრობლემა არის თავად საგამოძიებო უწყებებში, პროკურატურაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნდობას არ იწვევს და სადამსჯელო ინსტრუმენტად არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სწორედ ამის გამო არ აქვთ ნდობა ახალგაზრდებს. მხოლოდ სკოლის დადანაშაულება ამ საკითხში არასწორია", - განაცხადა შალვა ტაბატაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter