სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.12.2017

     "წყალთა შინა არიან სხვადასხვაგვარნი თევზნი მრავლობით და გემრიელნი საჭმელად, რომელნიც არიან სახელდობრ ორაგული, ზუთხი, ანტაკია, გოჭა, ჭანარი, ლოქო, კაპოეტი, კარჩხანი, კალმახი, ფიჩხული და წვრილი თევზნი მრავალნი და სხვანიცა", - ასე აღწერდა ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს მდინარეებს.

    საქართველოს მდინარეები და ტბები მდიდარი რომ იყო სხვადასხვა ჯიშის თევზებით, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, თუმცა დღევანდელ სტატიაში, გვინდა, შევთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი თბილისელი მეთევზეების ისტორიიდან.

    როგორც ისტორიკოსი ალექსანდრე ბოშიშვილი თავის ნაშრომში წერს, თევზს საქართველოში ათასგვარი ხერხით იჭერდნენ. სათევზაოდ გამოიყენებოდა კონი, ფაცერი, ოჩხი, კუკუჩა, გოდორი, ჩანგალი, ანუ ანკესი, ნავტიკი, დალეშქვა, ჩაჩუღლვა, ხელაობა და სხვა.

    თევზს განსაკუთრებით კარგი გემო ეძლეოდა აგვისტოდან მარტამდე და თბილისელი მეთევზეებიც მაშინ იწყებდნენ თევზაობას ძირითადად სახვეტი ბადით, რომელიც ორმაგი მსხვილი ძაფით იყო მოქსოვილი. ბადე წყალში რომ არ ჩაძირულიყო, ტყვიასაც ასხამდნენ და ბოლოში ფირფიტები ჰქონდა მიბმული.

    გამოიყენებოდა ნავტიკიც. სულხან-საბას განმარტებით, "ნავტიკი მცირე ტივი გუდებაკრული" ან "გუდიანი ტივი მცირე". იგი შეკრული იყო ფიცრისგან ოთხკუთხად, რომელზეც ამოკრული იყო ოთხი გაბერილი ტიკი, ორი სამფუთიანი, ორი ოთხკუთხიანი, ოთხფუთიანი ტიკისგან აბამდნენ ბადეს ერთ მხარეს, მეორე მხარე კი ნაპირზე ორ კაცს ეჭირა. ასე გაწელილ ბადეს ნაპირზე მდგომი მეთევზეები წყლის მიმართულებით თავქვე მისდევდნენ. ბადე ნავტიკის მოძრაობის მიმართულებით ხვეტდა თევზს, რომელიც იმავდროულად ნავზე იყრებოდა.

    არსებობდა სხვა ბადეებიც - ე.წ. დიდბადე და ხორხილბადე, რომელიც გრძელ ხეზე იყო გაწყობილი, ნაქსოვი ძაფისებურად და წვრილი თვლებით დატანებული. მეთევზეები მასზე ამაგრებდნენ პურის და ხორცის პატარა ნაჭრებს.

    თევზის დასაჭერად იყენებდნენ ასევე ფაცერის ჩადგმას. სულხან-საბას განმარტებით, "ფაცერი თევზის მახეა", რომელიც მდინარეში ჩაშენებული კედელია.

    თბილისელი მეთევზეები ანკესითაც თევზაობდნენ. ანკესით თევზაობა გაზაფხულზე იწყებოდა და შემოდგომამდე გრძელდებოდა. თევზს ჭიაყელებითა და წვრილად დაჭრილი ხორცით იტყუებდნენ. ანკესით ძირითადად კალმახს, ჭანარს, მურწასა და სხვა წვრილ თევზებს იჭერდნენ.

    ასევე, გამოიყენებოდა ჩანგალი, რომლითაც ძირითადად ლოქოსა და ორაგულს იჭერდნენ. ჩანგლებს მარგილებზე ამაგრებდნენ და მდინარეში ყრიდნენ საღამოხანს, დილით კი სინჯავდნენ.

    მტკვარზე თევზის ჭერის უფლების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის მე-18 საუკუნის გერმანელი მოგზაური იოჰან გიულდენშტეტი, რომლის ჩანაწერების მიხედვით, "თბილისელი მეთევზეები მტკვარში თევზის უფლებისათვის მეფეს ყოველწლიურად უხდიან ათას სამას ან ათას ოთხას მანეთს, ხოლო ნატურით დაჭერილი თევზის - ერთ მესამედს".

    ახლად დაჭერილ თევზს თბილისელი მეთევზეები ქუჩებსა და ბაზრებში ხელზე ყიდდნენ, მაგრამ შემდეგ ეს სისტემა მოწესრიგდა და უკვე მე-19 საუკუნეში თევზით მოვაჭრეები ბაყალთა ამქარში გაერთიანდნენ. ბაყალებს, ქალაქში მოსაქმე ხელოსნებისა და ვაჭრების მსგავსად, საკუთარი ამქარი ჰქონდათ, რომელსაც სათავეში მეფის მიერ დანიშნული უსტაბაში ედგა. იოანე ბატონიშვილის მიერ შედგენილ სჯულდებაში წერია: "ბაყალი ამის ხელქვეშე იყოს და მისი ფასდადებით გაიყიდებოდეს ერბო, ყველი, ბრინჯი, თევზი ძველი და ახალი, ხიზილალა და სხვა".

    ბაყალები, რომლებიც ხილითა და ბოსტნეულითაც ვაჭრობდნენ, თევზს ცალკე დახლებზე, თაფხებსა და აკიდოებზე აწყობდნენ და ასევე სხვადასხვანაირად ახარისხებდნენ. მაგალითად, ზუთხს - ზურგიელად, დოშად, სათალად, ინად და ჭიპად.

    თევზი იყიდებოდა დუქნებშიც, მათ "თევზის დუქანი" ეწოდებოდა. თევზის გარეშე კი ქართული სუფრა არ არსებობდა. ჭირსა თუ ლხინში თევზს სუფრაზე გამორჩეული ადგილი ეკავა. ამიტომაც უთქვამს დიდ ივანე ჯავახიშვილს, რომ "ქართველებს უთევზოდ პურის ჭამა და დროსტარება არაფრად მიაჩნდათ".

    გარდა თევზის ჭერისა და გაყიდვისა, თბილისელი მეთევზეები გამოუვალ მდგომარეობაში სხვა ფუნქციასაც ითავსებდნენ. მათ ბევრჯერ გადაურჩენიათ წყალში დასახრჩობად განწირული ადამიანი. თბილისში ლეგენდები დადიოდა მეთევზე კოსტაზე, რომელსაც წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი გადაურჩენია. იმასაც ამბობენ, რომ მისი გარდაცვალების დღეს ერთი საათით ადრე ვორონცოვის ხიდთან ჩოჩქოლი ატყდა, კაცი იხრჩობოდა, მხსნელი კი აღარ იყო. ამაოდ იხედებოდნენ იმ ნაპირისკენ, სადაც ძია კოსტას ნავი ება.

    ქალაქში თევზი არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოჰქონდათ, არსებობდა გადასახადებიც თევზის მოპოვებასა და შემოტანაზე. მაგალითად, 1784-1790 წლებში ქალაქის მოურავის სარგოში წერია: "რამდენი საპალნეც შემოვა, საპალნეებიდან ნახევარი ორაგული მოურავისა არის".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter