სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ მიჰგვარეს იულიუს კეისარს კლეოპატრა ტომრით
    მამუკა ნაცვალაძე
    11.12.2017

     კლეოპატრა, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი, დღემდე რჩება ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად მსოფლიო ისტორიაში, განსაკუთრებულად დიდია ინტერესი მის მიმართ. ეს საკმაოდ ბუნებრივია, რამდენადაც ძველი მსოფლიო და მისთვის დამახასიათებელი ხისტი ტენდენციები არ აძლევს ქალს თვითდამკვიდრების საშუალებას.

    კლეოპატრამ ეს მოახერხა, მისი არაორდინარული დამოკიდებულება, განათლება, პოლიგლოტობა სძენდა იმ უნარ-ჩვევებს, რომლითაც იოლად ერკვეოდა ელინისტური ხანის ლაბირინთებში.

    რატომ უპირისპირდებოდა რომი ალექსანდრიას

    ის რომის მომხრეა, რომაული პოლიტიკის გამტარებელი, თუმცა ეს უკვე ის ეპოქაა, სადაც მარტო პოლიტიკა არაფერს წყვეტს. პართიის პარალელურად, მსოფლიო იმპერიის სტატუსის მოსურნე ძალას საფრთხეს უქმნის ისეთი კულტურული გარემო, რომელიც ალექსანდრიაში სუფევს.

    ელინისტური ხანის დასალიერის საზოგადოება კარგად გრძნობს, რომ მარტო ფიზიკური ძალა და პოლიტიკური უპირატესობა არაფერს ნიშნავს. განათლება, კულტურა არის ის საფუძველი, რაც ამ ძალადობას შეიძლება დაუპირისპირდეს. ამიტომაც ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მისი მეტოქე ალექსანდრია, ულამაზესი და რომის შემდეგ ყველაზე ძლევამოსილი ქალაქი, რომაელთა გავლენის სფეროში დამკვიდრდეს.

    სწორედ კლეოპატრამ უნდა აღასრულოს ეს პოლიტიკური დაკვეთა, მან იცის, რა მოაქვს რომის მოკავშირეობას. მამამისი, საზოგადოებისთვის საკმაოდ სასაცილო ფლეიტისტი, სწორედ რომის მხრდაჭერით ინარჩუნებს ტახტს.

    ეს ქრისტეშობამდე 55 წელია. ის უამრავი ინტრიგა და ქვედა დინება, რაც ალექსანდრიაში ხდება, მნიშვნელოვნად სცილდება ერთი კონკრეტული ქვეყნისა და ქალაქის ფარგლებს, რამდენადაც რომს ეგვიპტესთან მიმართებით, გარდა ინტელექტუალური ქიშპობისა, საკმაოდ პრაგმატული გათვლები აქვს - ეგვიპტე იმ პერიოდის მსოფლიოს ბეღელია, სწორედ აქედან მარაგდება მსოფლიო ხორბლით, ასე რომ, პირამიდების ქვეყნის მარწუხებში მოქცევით, რომაული მეგობრობის აღიარებით ის არა მარტო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პლაცდარმს იგდებს ხელს, არამედ მთელი იმჟამინდელი მსოფლიოს ეკონომიკურ ბერკეტებსაც ეუფლება.

    როგორ აუჯანყა სამეულმა ეგვიპტე რომს

    სწორედ ამ პრიზმიდან არის მნიშვნელოვანი კლეოპატრას პერსონა, სწორედ მან უნდა აღასრულოს ის უმნიშვნელოვანესი მისია, მარადიულ ქალაქს რომ დაუსახავს, თუმცა ბუნებრივია, ის, როგორც მოაზროვნე, ცდილობს საკუთარი პრინციპების დამკვიდრებასა და გატანას, ნაწილობრივ ახერხებს კიდეც.

    ქრისტეშობამდე 50-40-იანი წლების რომი საკმაოდ რთული და მრავალწახნაგოვანი საზოგადოებრივი განწყობით გამოირჩევა და ამ ლაბირინთებში გარკვევაც მეტად დიდ ერუდიციასა და პოლიტიკურ ალღოს მოითხოვს.

    ალექსანდრიაში თავისუფალი აზროვნება სუფევს - პოლიტიკურ განწყობას არა აქვთ არტახები, ამიტომაც არ არის უჩვეულო ფაქტი, რომ რომის აღმოსავლელი მეტოქე პართია ცდილობს, ჩამოაცილოს ეგვიპტე რომს და ამ მიზნით ევნუხ პოტინს უპირისპირებს კლეოპატრას. თუმცა პოტინი მარტო არაა - ის კიდევ ორ გავლენიან ფიგურასთან ერთად მოქმედებს. ნიჭიერი მხედართმთავარია აქილასი, მასთან ერთადაა პტოლემაიოს მეცამეტის აღმზრდელი თეოდოტი. სწორედ ამ ტრიომ უნდა აიღოს ხელში ძალაუფლება, შირმად კი ისედაც მარიონეტად ქცეული პტოლემაიოსი უნდა დაიყენონ.

    ევნუხი ნამეტანი აბობოქრებულა, მის განწყობას ნოყიერ ნიადაგს უქმნის მოუსავლიანობა, ეგვიპტე რომ კატასტროფის წინაშე დააყენა. აგრესია მზეს და ნილოსს ვერ მისწვდება, ევნუხიც იოლ გზას ირჩევს და ყველაფერში კლეოპატრას ადანაშაულებს.

    რა მიზანს ისახავდა სირიაში გაქცეული კლეოპატრა

    ქერისტეშობამდე 48 წელს ეგვიპტეში სამოქალაქო დაპირისპირება იწყება. კლეოპატრა იძულებულია, სირიას შეაფაროს თავი, რაც არ არის გაქცევა, პრობლემებისგან განრიდება, ეს ახალი, მოსამზადებელი ეტაპია იმისათვის, რომ ტახტი დაიბრუნოს. შეაგროვა კიდეც ჯარი, რომელიც ეგვიპტის საზღვრებს მისდგომია. კლეოპატრა ითხოვს ტახტის დაბუნებას, აჯანყებულები კი პასუხობენ, რომ ეგვიპტეს თავისი მმართველი ჰყავს - პტოლემაიოს მეცამეტე. ახლა აღარავის ახსენდება ეგვიპტური მმართველობის თანამმართველობის წესი. წესსა და ადათს ყველა აბუნტებული ხომ სათავისოდ ირგებს.

    მარიონეტი - 14 წლის პტოლემაიოსი კლეოპატრას ძმაა, რომელსაც დასთან ერთად ერგო ეგვიპტის მმართველობა პტოლემაიოს მეთორმეტის, მათი მამის, ანდერძით. კლეოპატრას მოწინააღმდეგენი აქცენტს აკეთებენ პტოლემაიოსზე, ის მათ ხელში მთავარი იარაღია, შირმაა, რომელიც არაფერში არ მონაწილეობს და მხოლოდ მარიონეტია. სწორედ ამ დროს ჩნდება ეგვიპტეში პომპეუსი, ცნობილი რომაელი სარდალი, ოციოდე წლის წინ კავკასიაში რომ მისდაუნებურად აღადგინა ქართლის სტატუს-კვო და სომხების მარადიული ოცნება დიდი არმენია საბოლოოდ რომ დაასამარა.

    რა მისიით ეწვია გნეუს პომპეუსი ეგვიპტეს

    ეს ის დროა, ფარსალოსის ბრძოლაში რომ დამარცხდა გნეუს პომპეუსი ძველ თანამოაზრე და, ამასთანავე, ნათესავ გაიუს იულიუს კეისართან. დამარცხებულ პომპეუსს გაახსენდა, რომ ეგვიპტეში რომის მეგობარი ზეობს, რომ სწორედ გაბინიუსის წყალობით დაიბრუნა ფლეიტის მოყვარულმა პტოლემაიოს მეთორმეტემ ძალაუფლება. ამიტომაც არჩია ცნობილმა სარდალმა, დამარცხების სევდა ეგვიპტეში განექარვებინა. აქ შეეკრიბა ახალი არმია, ეშოვა ფული და რევანშისათვის მომზადებულიყო. მას ეჭვიც არ ეპარება, რომ ტრიუმფით დახვდებიან, კეთილგანწყობილნი იქნებიან, მაგრამ...

    პატარა ნავით მიცურავს პომპეუსი თავის ოჯახთან და თანმხლებ პირებთან ერთად ეგვიპტის სანაპიროსკენ. და პტოლემაიოსს ამოფარებული ტრიო იღებს საშინელ გადაწყვეტილებას, როგორც კი რომაელი სარდალი გადმოდის ნაპირზე, მას მხეცურად კლავენ, თავს აჭრიან. ყველაზე საზარელი ის არის, რომ ამას მისი ოჯახის წევრების თვალწინ აკეთებენ.

    რატომ მოკლეს აჯანყებულმა ეგვიპტელებმა გნეუს პომპეუსი

    მაინც რა იყო ასეთი არაადამიანური ქცევის მოტივაცია? რა დაუშავა პომპეუსმა ეგვიპტელ ტრიოს იმის ფასი, რომ არად ჩააგდეს მისი სიცოცხლე?

    გათვლა საკმაოდ მარტივი იყო - ეგვიპტელებმა იცოდნენ, რომ პომპეუსს ეგვიპტისაკენ იულიუს კეისარი მოსდევდა. მათთვის მთავარი საფრთხე სწორედ კეისარი იყო, ამიტომაც სურდათ, მისი გული მოეგოთ.

    პომპეუსის მკვლელობიდან ორიოდე დღის შემდეგ ნილოსის სანაპიროსთან მართლაც გამოჩნდა კეისარი. ტრიო კეისარს საპატიო სტუმრის რანგში ხვდება, ერთგულების დასტურად კი პომპეუსის მოჭრილ თავს აჩვენებს. საკმაოდ შემზარავი სურათია, პომპეუსის მოჭრილი თავი, უმოწყალოდ აკუწული და ასე განადგურებული სხეული. იოლი წარმოსადგენია, რას განიცდის ამ დროს კეისარი, მიუხედავად დაპირისპირებისა, პომპეუსი ხომ მისი ახლობელია, მისი უსაყვარლესი ქალიშვილის - იულიას მეუღლე. თანაც პომპეუსი და კეისარი ერთად იწყებენ პოლიტიკურ კარიერას, ერთხანს მეგობრობენ კიდეც, თუმცა შემდგომში მათი პოლიტიკური პოზიციები შორდება ერთმანეთს.

    ეს დაპირისპირება ზნეობრივ ჩარჩოებს არ სცდება. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი ყველაფერზე წავლენ, ყველაფერს იკადრებენ, რათა გამარჯვება მოიპოვონ. ვერ იქნება სასიხარულო კეისრისთვის ასეთი "საჩუქარი", რასაც მონური ფსიქოლოგია ვერ აღიქვამს, ვერ ითვალისწინებს, სულ სხვა განზომილებები და ფასეულობები აქვთ ეგვიპტელ აჯანყებულებსა და კეისარს. ბუნებრივია, დათრგუნულია კეისარი ასეთი შემზარავი სანახაობის შემყურე, ამიტომაც სულ ორიოდ დღე რჩება ეგვიპტეში.

    რატომ დაკრძალა კეისარმა საკუთარი მოწინააღმდეგე - გნეუს პომპეუსი პატივით

    და ამ ორიოდ დღეში ხდება საკმაოდ ბევრი საინტერესო ფაქტი, დეტალურად რომ შემორჩა ისტორიას. კეისარი ბრძანებს, პატივით დაკრძალონ პომპეუსის თავი ალექსანდრიის კედელთან და იქვე ააგონ ნემეზიდას, შურისმაძიებელი ღვთაების ტაძარი.

    ეს აშკარა გზავნილია კლეოპატრას წინააღმდეგ აბუნტებული პოლიტიკური ტრიოსთვის. ორიოდ დღეში სწორედ ამ პოლიტიკური გზავნილის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ევნუხი პოტინის სიკვდილით დასჯა. თუმცა შურისძიებასაც აქვს საზღვარი. რომს ეგვიპტე სრულიადაც არ სჭირდება პოლიტიკური ანგარიშსწორების არენად, ის მისთვის სერიოზული დასაყრდენია, ამიტომაც ამ მიწაზე მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.

    სწორედ ამ განწყობით მოქმედებს კეისარი, ის ერთგვარად მომრიგებელი მოსამართლის ფუნქციას კისრულობს, პტოლემაიოს მეცამეტის ბანაკი და კლეოპატრა უნდა შეარიგოს, ამით კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ის არავის მხარეზე არაა, კეისარი პირვანდელი სტატუს-კვოს აღდგენას ითხოვს.

    რატომ სთხოვდა ფულს იულიუს კეისარი ეგვიპტის მმართველებს

    ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ სვლას კეისრისთვის ეკონომიკური გათვლებიც აქვს - მშვიდობა ერთადერთი ფორმაა, რაც საშუალებას მისცემს რომს, დაიბრუნოს ის ფული, რომელიც თავის დროზე კლეოპატრას მამამ რომაელი მევახშისაგან ისესხა და რომს გადაუხადა იმისათვის, რომ ტახტი შეენარჩუნებინა.

    მევახშისგან გამოისყიდა ეს ვექსილი კეისარმა, ახლა ის ამ ვექსილს პტოლემაიოს მეთორმეტის შთამომავლებს წარუდგენს. ეს ის ფულია, რაც ამ ეტაპზე ძალიან სჭირდება კეისარს იმისათვის, რომ რომში მიმდინარე სამოქალაქო ომში გამარჯვება უზრუნველყოს.

    მართალია, პომპეუსი აღარაა ცოცხალი, მაგრამ კეისარს სხვა ანგარიშგასაწევი მტრებიც ჰყავს მრავლად, ამიტომაც საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად სურს, ეგვიპტე რომის პროვინციად აქციოს და ეს მხარე რომაული პროვინციის სტატუსით საიმედო მმართველს ჩააბაროს.

    რატომ ქმნიდა რომისთვის საფრთხეს ეგვიპტის მდიდარი მმართველი

    კარგად ხედავს რეალობას კეისარი, ის, ვისაც ერგება ეგვიპტის მმართველობა, საკმაოდ დიდ სიმდიდრეს მიიღებს, რაც თავისებურად ახალი თავსატეხი იქნება რომისთვის, რამდენადაც ეკონომიკურად მოძლიერებული პროვინციის მმართველი პოტენციურად რომის, ამ შემთხვევაში კეისრის პირადი მტერი ხდება. ამიტომაც საკმაოდ ბევრს ფიქრობს, რა გზას ეწიოს, ვინ შეარჩიოს მმართველად. ყველაზე სასურველ კანდიდატად ისევ კლეოპატრა ესახება.

    ქრისტეშობამდე 48 წელია, კეისარს სურს, იხილოს ალექსანდრიის სასახლეში პტოლემაიოს მეთორმეტის შთამომავლობა, პტოლემაიოს მეცამეტე იქვეა მის მხარდამჭერ სამეულთან ერთად, კლეოპატრა კი არ ჩანს. სირიიდან ალექსანდრიამდე დიდი გზაა, თანაც ალექსანდრიის სასახლე იზოლირებულია ევნუხი პოტინისა და პტოლემაიოს მეცამეტის მხარდამჭერთა მიერ, თუმცა, როგორც ჩანს, არც კლეოპატრას მომხრეთა ნაკლებობაა. ვინ ვის ურტყამს, ძნელი დასადგენია, ირგვლივ ქაოსია, არადა, კეისრის არმია სულ შვიდი ათასს ითვლის და თავს დაუცველად გრძნობს.

    როგორ მოახერხა კლეოპატრამ ალექსანდრიაში დაბრუნება

    მიუხედავად ამისა, იულიუსმა მოახერხა სიტუაციის მცირედი განმუხტვა იმით, რომ ევნუხი პოტინი, არეულობის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, სიკვდილით დასაჯა. თითქოს სიტუაცია გამოუვალია, ეგვიპტეში აშკარად ანტირომაული განწყობა სუფევს.

    და აქ იწყება საკმაოდ რომანტიკული ისტორია. ალექსანდრიის სასახლეში მოულოდნელად ჩნდება კლეოპატრა. ის მისმა მომხრეებმა კეისარს ტომრით მიუყვანეს. არ იყო იოლი ამის გაკეთება, საკმაოდ დიდი რისკი იყო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება - ვინმეს რომ იმ ტომარაში ეგვიპტის დედოფალი ენახა, იქვე გამოუტანდა ვერდიქტს და სიკვდილით დასჯიდა.

    ეგვიპტის დედოფალი გადარჩა, როგორც ჩანს, განგებამ არ ისურვა, წერტილი დაესვა 21 წლის კლეოპატრას იმ საინტერესო თავგადასავლებისთვის, მსოფლიო ისტორიას რომ შემორჩა საარაკოდ.

    ქრისტეშობამდე 48 წელს მსოფლიო ისტორიას კლეოპატრასა და იულიუს კეისრის რომანტიკული ურთიერთობა გაალამაზებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved