სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი გაჩეჩილაძე
    09.12.2017

     თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი "პირადი" ცხოვრება აქვს, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისთვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზსაც უწყობენ.

    გამონაკლისი არც ქართველი მსახიობები არიან, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.

    რამდენიმე ათეული წლის წინ თბილისში ერთი სომხური ფრაზა - "ანძრევ გალისა" მოარული ანეკდოტივით დადიოდა. ცოტა ჩვენგანმა თუ იცის ამ გამოთქმის წარმოშობის ნამდვილი ისტორია. სპექტაკლში "მზის დაბნელება საქართველოში" მთავარ როლებს ვასო გოძიაშვილი და ელენე ყიფშიძე ასრულებდნენ. ერთ ეპიზოდში ორივე ამბობდა - "წვიმა მოდის". ქალბატონმა ელენემ ერთხელ ხუმრობა განიზრახა, ავლაბარში წავიდა და იქაურ სომხებს ჰკითხა, "წვიმა მოდის" თქვენს ენაზე როგორ ითქმისო. მათაც არ დაიზარეს და "ანძრევ გალისა" ასწავლეს.

    მორიგი სპექტაკლის მიმდინარეობისას, ვასო გოძიაშვილს რომ უთქვამს, "წვიმა მოდისო", ელენეს ყველასათვის მოულოდნელად სომხურად დაუდასტურებია: "ჰო, ჰო, ანძრევ გალისაო". მთელი თეატრი სიცილისაგან კიოდა. გოძიაშვილმა კი თავდაპირველად ხუმრობა ვერ აღიქვა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ყიფშიძეზე გაბუტული დადიოდა.

    აყველას გვაქვს ნანახი შესანიშნავი ქართული კომედია "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი". როდესაც გადაღება დასრულდა და სურათი თავდაპირველად საქართველოს იმდროინდელ პირველ პირს, ვასილ მჟავანაძეს უნდა ენახა, უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ვასილ პავლოვიჩმა სეანსის დასაწყისში ფილმის დასახელება იკითხა. პასუხად "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" მიიღო. მოულოდნელობისაგან გაწითლდა და გაკვირვებისაგან ენა ჩაუვარდა. ბოლოს "დააწყნარეს" და სურათის ჩვენებაც დაიწყო.

    პირველი მდივანი სერიოზული გამომეტყველებით იჯდა და კომედია აშკარად არ მოსწონდა. მდგომარეობა ფილმში იპოლიტე ხვიჩიას გამოჩენამ გამოასწორა. როდესაც იგი ეკრანზე იხილა, მჟავანაძემ პირველად გადაიხარხარა, მას მთელი დარბაზიც აჰყვა. "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" გადარჩა და რამდენიმე დღეში საქართველოს კინოთეატრებშიც გადაინაცვლა.

    ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი სერ შონ კონერი ქართული დელიკატესის - ხაშის დიდი მოყვარული ყოფილა. ეს სიყვარული მხატვრული ფილმის - "წითელი კარავი" გადაღების დღეებში გაუჩნდა. მიხეილ კალატოზიშვილის ამ სურათში მონაწილეობდა თენგიზ არჩვაძეც. მას კონერისთან ერთად პარტნიორობას კლაუდია კარდინალე, პიტერ ფინჩი და მასიმო ჯიროტიც უწევდნენ. ამათგან განსაკუთრებით მაინც ჯეიმს ბონდის როლის პირველ შემსრულებელს დაუახლოვდა.

    სერ შონს საბჭოთა კავშირში გამომგზავრებამდე ურჩიეს, რომ კავკასია მოენახულებინა. თენგიზ არჩვაძემაც მოინდომა, რომ ბრიტანელი საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოეყვანა, მაგრამ "შესაბამისმა სამსახურებმა" ამისი ნება არ მისცეს. სამაგიეროდ, არჩვაძემ კოლეგას ქართული სუფრა და მისი ტრადიციები მაინც გააცნო. მოსკოვში მდებარე რესტორან "არაგვში" ხშირად ეპატიჟებოდა. კერძებიდან კონერის განსაკუთრებულად მაინც ხაში მოეწონა და მეგობრებიც ყოველ კვირა დილით "არაგვის" მუდმივი სტუმრები იყვნენ (ამ რესტორანში ხაშს რატომღაც მხოლოდ კვირა დილაობით აკეთებდნენ). ქეიფის ხარჯს მუდმივად თენგიზ არჩვაძე იხდიდა. როდესაც შოტლანდიელმა ამაზე მიუთითა, შემდეგი პასუხი მიიღო: "თქვენ მილიონერი კი ბრძანდებით, მაგრამ მე ქართველი ვარ".

    თენგიზ არჩვაძე ალბათ ერთადერთია ქართველ მსახიობთა შორის, რომელსაც თეთრ დათვებთან ჰქონია შეხება. "წითელი კარავის" გადაღება, მოსკოვის გარდა, ფრანც იოსების მიწაზე, ჩრდილოეთ პოლუსთან მიმდინარეობდა.

    "თეთრი დათვები ძალიან ახლოს მოდიოდნენ ჩვენთან, პურს ვუყრიდით ხოლმე. ფრანც იოსების მიწაზე მურმანსკიდან ყინულმჭრელ "ობით" გავემგზავრეთ. ხუთი დღე ვიყავით ზღვაში", - იგონებდა ქართველი მსახიობი.

    როგორც ყველა საბჭოთა მოქალაქეს, ქართველ მსახიობებს ხშირად უწევდათ სხვადასხვა დემონსტრაციაში მონაწილეობა. ჩვენი ხელოვანები ამ სავალდებულო დატვირთვას ერთგვარი იუმორით უდგებოდნენ და "პარადებზე" დრო ხალისიანად გაჰყავდათ.

    მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ვაჟა კვიტაიშვილმა ერთი "მხიარული წესი" შემოიღო - 30-გრამიანი შავი ყანწი ჰქონდა. ყოველ დღესასწაულზე, პირველი მაისი იყო თუ შვიდი ნოემბერი, ჩაიდებდა ჯიბეში ამ ყანწს, ნახევარლიტრიან არაყს, მეუღლის გამომცხვარ ხაჭაპურს და ასე გამოდიოდა დემონსტრაციაზე. ეს წამოწყება კოლეგებს ისე მოეწონათ, რომ ისინიც ასე "შეიარაღებულები" მოდიოდნენ. მხოლოდ იპოლიტე ხვიჩია არ სვამდა, მაგრამ განსაკუთრებულად მხიარულად იქცეოდა.

    საბჭოთა სინამდვილე მაინც სასტიკი იყო და ზოგჯერ უსიამოვნო სიურპრიზებსაც აწყობდა. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრში ლავრენტი ბერია მისულა. მთელი დასი იყო შეკრებილი. ბერია იმუქრებოდა, თუ ისე არ მოიქცევით, როგორც გეტყვით, დაგხურავთო. მხოლოდ მსახიობმა აკაკი კვანტალიანმა გაბედა და შეეკამათა. ბერია თურმე ამდგარა და თითი დაუქნევია - მაგ ენას გადაგაყლაპებო. აკაკი კვანტალიანი ცუდად გამხდარა. განცდილი შიშის გამო მეტყველებაც კი შეცვლია.

    ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბატონი გოგი ქავთარაძე. რეჟისორის თანაშემწედ ახალი დანიშნული იყო და თეატრში მორიგი სპექტაკლი მიმდინარეობდა. უცებ ქავთარაძემ აღმოაჩინა, რომ ერთი ოთახიდან დარბაზში ხმამაღალი სიცილი შემოდიოდა. გამოაღო კარები და ოთახში მყოფებს მკაცრი ხმით გაჩუმება მოსთხოვა. უკან გამობრუნებული კი მიხვდა, რომ შენიშვნა თავად ვერიკო ანჯაფარიძეს, ვასო გოძიაშვილს, სესილია თაყაიშვილსა და ალექსანდრე ჟორჟოლიანს მისცა. ძალიან კი შერცხვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ცნობილი მსახიობების სასახელოდ, მათ ახალბედა რეჟისორს არაფერი აგრძნობინეს, პირზე ხელი აიფარეს და ჩუმად ჩაიცინეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter