სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    შტრიხები აქემენიდთა უკანასკნელი მეფის ფსიქოლოგიური პორტრეტისათვის
    მამუკა ნაცვალაძე
    09.12.2017

     ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნის 30-იანი წლები შემდგომი პერიოდის მსოფლიო პოლიტიკას გამორჩეულ კვალს დააჩნევს. ალექსანდრე მაკედონელი აღმოსავლური ლაშქრობისათვის ემზადება. დასავლეთისა და აღმოსავლეთის რიგით მეორე მასშტაბური დაპირისპირება თანდათან ღვივდება. ეს ის შერკინებაა, სულ მალე თვისებრივად რომ შეცვლის მსოფლიოს.

    ქრისტეშობამდე 336 წელი... ერთდროულად ადიან ტახტზე ამ დაპირისპირების უშუალო მონაწილენი - მაკედონიაში ალექსანდრე მაკედონელი და სპარსეთში აქემენიდების გვერდითი შტოს წარმომადგენელი სომხეთის სატრაპი არტაშატა, შემდგომში დარიოს მესამედ ხმობილი.

    როგორ გათავისუფლდა დარიოს მესამე ევნუხი ბაგოის ვალდებულებებისგან

    ამ დროს ალექსანდრე მაკედონელი 20 წლისაა, დარიოს მესამე - 45-ის. ასაკობრივი სხვაობა ერთგვარ ილუზიას ქმნის აქემენიდთა მბრძანებლისათვის, რომ აშკარა უპირატესობა აქვს მოწინააღმდეგესთან შედარებით, რომ ამიტომაც შეძლებს, სპარსეთს დაუბრუნოს მსოფლიოს უძლეველი იმპერიის სტატუსი.

    ეს სრულიად ბუნებრივია, რადგანაც ფსიქოლოგიურად დარიოს მესამე გამარჯვებისთვისაა მომართული. მისი ტახტზე აღზევების ამბავი და შემდგომში ნებისმიერი ვალდებულებებისგან გათავისუფლება აშკარად უძლეველობის ილუზიას უქმნის.

    ფსიქოლოგიურად დარიოსი იმ მარწუხებიდან ვერ გამოდის, აქემენიდთა ტახტზე სასახლის გადატრიალებამ რომ მოუტანა. ამ გადატრიალებას ევნუხი ბაგოი ხელმძღვანელობს, რომელსაც სათავისოდ სურს მიითვალოს მთელი აქემენიდური სამყარო.

    არტაშატი, სომხეთის სატრაპი, ევნუხისათვის სასურველი ფიგურაა, როგორც მარიონეტი. ამიტომაც კლავს აქემენიდთა მბრძანებელ არტაქსერქსე მეოთხეს და სომხეთის სატრაპს უთავისუფლებს ტახტს.

    თითქოს მადლიერი უნდა იყოს არტაშატა ევნუხი ბაგოის. თუ არა ევნუხის ძალისხმევა და გათვლა, ვერ გახდებოდა მეფე არტაშატა, თუმცა საკუთარი უსაფრთხოება უფრო მეტად აღელვებს სომხეთის ყოფილ სატრაპს, ვიდრე მადლიერების განცდა. ხვდება, რომ იძულებულია, ევნუხის თამაში ითამაშოს, რაც იმას ნიშნავს, საკუთარი შეხედულებები თავისთვის დაიტოვოს და ყველაფერი მისი კარნახით გააკეთოს.

    თავმოყვარეობამ იძალა დარიოსში, ამიტომაც გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ევნუხის პოლიტიკური გათვლებისათვის და საბოლოოდ გათავისუფლებულიყო მისი ვალდებულებებისგან. ვერ გათვალა ევნუხმა ბაგოიმ ბოლომდე თავისი შესაძლებლობები, ნამეტანი იოლად შეხედა არტაშატასაც, ჰოდა, ამ არტაშატამ, დარიოს მესამედ ხმობილმა, მკვლელად გამოაცხადა კაცი, რომელმაც მისი პირველობა უზრუნველყო მთელ აქემენიდურ სამყაროში.

    მკვლელი უნდა მოკვდეს, ასეთია უმკაცრესი ვერდიქტი. ჰოდა, აღასრულა კიდეც. ეს არ იყო მხოლოდ მკვლელის დასჯა, ეს დარიოსისთვის უპირველესად ვალდებულებებისგან გათავისუფლება იყო.

    რატომ მიიჩნიეს აქემენიდთა სატრაპებმა უძლეველი პარმენიონის არმია დამარცხებულად

    ამ გზით ჩამოიცილა უდიდესი ბარიერი დარიოს მესამემ, შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე დომინანტობა სრულიადაც არ იყო მისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავი, კარგად ხვდებოდა მთავარს - აქემენიდებმა სწორედაც რომ შიდა პოლიტიკური აშლილობისა და არეულობის გამო დაკარგეს უპირატესობა დასავლეთთან მიმართებით. ახლა ეს ბარიერი აღარ არსებობს, თითქოს გზა ხსნილია დასავლეთისკენაც, სადაც მთავარი მოწინააღმდეგეა მაკედონია, ფილიპე მეორე შეთქმულებს მოუკლავთ და ახლა მაკედონიის სამეფოს ტახტი 20 წლის ჭაბუკ ალექსანდრეს უპყრია ხელთ.

    ამ დროს დარიოსი 45 წლისაა, წელთა სიმრავლე და გამარჯვებულის ფსიქოლოგია მის ტრიუმფატორულ განწყობაზეც უნდა აისახოს. ეს ჯერ კიდევ ის დროა, როცა არავინ უწყის, როგორ დაატრიალებს მსოფლიოს ჩარხს 20 წლის ჭაბუკი. არ სჯერა დარიოსს, რომ მისი მომრევი ვინმე იქნება, ამიტომაც არ მიიჩნევს 20 წლის ალექსანდრეს თავის ტოლ-სწორად.

    ეს ფსიქოლოგიური განწყობა ერთიორად გაუმყარდა დარიოსს აღსაყდრებიდან ერთი წლის შემდეგ, როცა ქრისტეშობიდან 335 წელს ალექსანდრემ აზიიდან გამოიხმო თავისი საუკეთესო სარდალი პარმენიონი, რათა ერთობლივი გეგმა შეემუშავებინათ და უკეთესად მომზადებულიყვნენ აღმოსავლური ლაშქრობებისთვის.

    როგორ აღმოჩნდა დარიოს მესამე ილუზიების ტყვეობაში

    ეს სტრატეგიული მანევრი სათავისოდ გაიგეს აქემენიდთა სატრაპებმა, თავის გამოჩენის წადილი რომ კლავდათ, დარიოსს უპატაკეს, კუდით ქვა ვასროლინეთ პარმენიონს, სასტიკად დავამარცხეთ და ისიც უკანმოუხედავად გაიქცა ევროპაშიო.

    თუმცა ერთია დარიოსის ტრიუმფალური განწყობა და მეორეა რეალობა - განსაკუთრებული სუბორდინაცია ჩამოყალიბდა აქემენიდების მეფესა და სატრაპებს შორის. მართალია, დარიოსს გადატრიალებისას არისტოკრატიამ დაუჭირა მხარი, თუმცა ეს კიდევ არ ნიშნავდა იმას, რომ ეს არისტოკრატია და ჯარი მისი საიმედო საყრდენი შეიძლებოდა გამხდარიყვნენ.

    აყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველა თავისი პრიზმიდან ხედავს პრობლემებსაც და მისი გადაწყვეტის გზებსაც, ამიტომაც ერთგვარად გაორებულია დარიოსი, თუმცა ამ გაორებას ჯერ კიდევ ფარავს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, ამიტომაც არ სურს აქემენიდთა მეფეს, დაინახოს რეალური სურათი. უძლეველობის განცდა იმის იმედს უსახავს, რომ დანარჩენ პრობლემებსაც მალე მოაგვარებს.

    მაგრამ გავა ხანი და ის მარტო დარჩება თავის თავთან, თავის ილუზიებთან, ამიტომაც არავის ენდობა, იყოს არმიის სარდალი. ის თავად გაუძღვება საკუთარ ჯარს მაკედონელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

    როგორ შეცვალა პროვინციალი არტაშატი სამეფო ფუფუნებამ

    დარიოსის, როგორც აქემენიდების მმართველის, ფსიქოლოგიურ ტიპზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმ სიმდიდრესთან ზიარება, რასაც, ტრადიციულად, აქემენიდთა მბრძანებლები ფლობდნენ. სომხეთი აქემენიდების პროვინციაა, იქ აღზევებულ არტაშატას აქემენიდთა მთავარ ქალაქებში განსხვავებული ცხოვრების წესი და ფუფუნება ელის. პერსეპოლისი, ბაბილონი, სუზა, ექტაბანა... ის ქალაქებია, იმ პერიოდის მსოფლიოს მოდას რომ კარნახობენ, ჰოდა, პროვინციული სომხეთიდან მსოფლიოს მოწინავე ქალაქების ფუფუნებამ, სუზაში გადმოსახლებამ რადიკალურად შეცვალა დარიოსი.

    ეს იყო სულ სხვა გარემო, მანამდე არნახული და უჩვეულო. უფრო დეტალურად რომ წარმოვიდგინოთ ის ყოფა, ის ფუფუნება, რაშიც დარიოსი აღმოჩნდა, პლუტარქეს თხზულებიდან ერთ ამონარიდს მოვიყვანთ, რომელიც აღწერს კარავს, სადაც ბრძოლის დროს ცხოვრობდა დარიოსი:

    "როცა ალექსანდრე შევიდა დარიოსის კარავში, იქაურობა სავსე იყო ჭურჭლით, ქილებით, თასებით, ყველაფერი სუფთა ოქროსგან იყო გაკეთებული, მან იყნოსა არომატული ბალახების სურნელი, ნახა რა დარიოსის უძვირფასესი სავარძელი და მაგიდა, გადახედა თავის მეგობრებს და უთხრა - როგორც ჩანს, სწორედ ამას ჰქვია მეფობა."

    ბუნებრივია მაკედონელის რეაქცია - ის ხედავს, რომ სამხედრო ოპერაციებისას დარიოსი ასეთი სიმდიდრით დადის, არ იკლებს ფუფუნებას. სწორედ ამ რეალობის აღქმის შემდეგ შეიგრძნობს მაკედონელი, რა არის მეფობა. ათასობით ჯორი და აქლემი ემსახურება დარიოსს, ასე დააქვთ უძვირფასესი აღკაზმულობა ველიდან ველზე.

    რითი სჯობს 30 ათასი მაკედონელი მილიონ აქემენიდს

    ეს აღწერა მიგვანიშნებს, რა სიმდიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო აქემენიდების სამეფო ქალაქებში დავანებული, რაც გასაკვირი არაა, რომ ერთიორად აძლიერებდა მაკედონელებში უმდიდრესი ქალაქების დაპყრობის სურვილს. ეს უდიდესი სიმდიდრე მაკედონელთათვის ერთგვარი ცდუნების საგანია, რამდენადაც მათ ასეთი ფუფუნება არასოდეს უნახავთ.

    შედარებისთვის საგულისხმოა ერთი ფაქტი: როცა ალექსანდრე მაკედონელი ავიდა ტახტზე, მის ხაზინაში 70 ტალანტი ოქრო იყო (1 ტალანტი დაახლოებით 26 კილოგრამია), მაშინ როცა აქემენიდების დაპყრობის შემდეგ უამრავი აქლემი დასჭირდა, ნადავლის სახით რომ წამოეღო 270 ტალანტი ოქრო.

    ფაქტია, რომ მაკედონელები აღმოსავლურ ლაშქრობებში 30-ათასიანი არმიით მიდიან მაშინ, როცა აქემენიდებს მილიონამდე არმიის გამოყვანა შეუძლიათ. რიცხობრივი უპირატესობის გარდა, აქემენიდებს ის უპირატესობაც აქვთ, რომ საკუთარ მიწაზე ომობენ და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დანაკლისის შევსება, სამშობლოდან მოწყვეტილ მაკედონელთათვის კი ეს ფუფუნებაა და შეუძლებელი საქმე.

    მიუხედავად ამისა, ამ დაპირისპირებისას აშკარა უპირატესობა მაკედონელთა მხარესაა. საინტერესოა, რით უნდა აიხსნას აქემენიდთა მარცხი, როგორც არალოგიკური შედეგი?

    უკავშირდება თუ არა ფილიპე მაკედონელის სიკვდილს აქემენიდური ოქრო

    საკმაოდ საინტერესო ფსიქოლოგიური ფონი შეიქმნა აქემენიდების იმპერიაში ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისისას. მაკედონიის სამეფო ტახტზე ჯერ კიდევ ფილიპე მაკედონელი ზეობს. შიშის ზარს სცემს ფილიპე სპარსეთსა და მის პროვინციებს. გრძნობენ აქემენიდები, რომ ფილიპეს თვალი აღმოსავლეთით უჭირავს, აქ არეული სიტუაცია კი მისთვის ვერანაირ ბარიერს ვერ შექმნის, ჰოდა, იწყებენ კიდეც ფიქრს იმაზე, როგორ გააუვნებელყონ ეს აგრესია.

    არის ვერსია, რომ ფილიპე მაკედონელის მკვლელობაში აქემენიდურ ოქროს არცთუ მეორეხარისხოვანი როლი ეკისრებოდა. იმ დროისათვის დარიოსი სომხეთის სატრაპია და, ბუნებრივია, კარგად ერკვევა პოლიტიკურ პროცესებში, მასაც აქვს ფილიპე მაკედონელის შიში. ფილიპეს მკვლელობა თითქოს დიდი შვება უნდა ყოფილიყო აქემენიდებისთვის, ამ სასიხარულო მოვლენას სომხეთის სატრაპის რანგში გულით იზიარებს დარიოსიც.

    რატომ არ ელოდა დარიოსი მაკედონელთა მხრიდან აღმოსავლურ ლაშქრობებს

    ფილიპე მეორე მაკედონელი ჯერ კიდევ ბაგოის რეალური მმართველობისას იწყებს ექსპანსიას აღმოსავლეთით და მხარს უჭერს აქემენიდების წინააღმდეგ აჯანყებულ ბერძნულ კოლონიებს, ახლა კი პარმენიონს უკან იწვევენ საბერძნეთში.

    სწორედ აქ დაუშვა დარიოსმა მთავარი შეცდომა - მან ტოლ-სწორად არ მიიჩნია ფილიპეს მემკვიდრე ალექსანდრე, იფიქრა, რომ ფილიპე მაკედონელის მკვლელობით ევროპელთა ექსპანსიას წერტილი დაესვა. პარმენიონის არმიის გასვლამაც განამტკიცა ეს ილუზია, მას მტკიცედ ჩამოუყალიბდა განცდა იმისა, რომ მაკედონელთა აღმოსავლური ლაშქრობები აღარ შედგებოდა.

    მიუხედავად იმისა, რომ აქემენიდებს თავშეფარებული არაერთი ბერძენი სამხედრო თუ პოლიტიკური მოღვაწე აფრთხილებდა დარიოსს, სერიოზულად შეეხედა მაკედონელისათვის და გაემაგრებინა სამეფოს საზღვრები, დარიოსი ყურად არ იღებდა მათ რჩევას და ისევ ჯიუტად რჩებოდა თავისი ტრიუმფალური ილუზიების ტყვეობაში.

    როგორ გადააყოლეს სატრაპებმა აქემენიდთა ძლიერება საკუთარ ინტერესებს

    ამ განწყობას ამყარებს მლიქვნელი სატრაპების დამოკიდებულებაც. დარიოსს სწორედ მათ შეუქმნეს იმის ილუზია, რომ დამოუკიდებლად, ერთიანი სამხედრო ძალის გამოუყენებლად შეძლეს პარმენიონის დამარცხება. ამ გზავნილის ქვეტექსტი ადვილად იშიფრება - თუკი ერთმა სატრაპიამ შეძლო მაკედონელთა მოგერიება, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი აქემენიდური, მილიონიანი არმია იოლად გაუმკლავდება მათ.

    მაინც რით იყო განპირობებული სატრაპების ასეთი ქმედება? საქმე ისაა, რომ სატრაპებს ეშინოდათ, თუკი დარიოსი ადეკვატურად შეაფასებდა მოვლენებს და მაკედონელის ლაშქრობის საფრთხეს რეალურად შეხედავდა, ეს გამოიწვევდა წინა აზიაში სახელმწიფო საზღვრების გამაგრებას, ამ დროს კი სატრაპიებში სამეფო ხელისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა სატრაპების ძალაუფლების შემცირების ხარჯზე.

    სატრაპებმა მიაღწიეს მიზანს - დაიჯერა დარიოსმა თავისი უსაფრთხოება და ბრძანებაც გაუგზავნა - თუკი ალექსანდრე მაკედონელი, ეს თავხედი ჭაბუკი გაბედავდა აქემენიდების საზღვრების დარღვევას, დაუყოვნებლივ შეეპყროთ ცოცხლად და მასთან მიეყვანათ სუზაში.

    სულ მალე ალექსანდრე მაკედონელი თანამედროვე დარდანელის სრუტეს, ჰელესპონტს გადალახავს. ეს ქრისტეშობამდე 334 წელს მოხდება. ოთხიოდე წელი და აქემენიდთა ძლევამოსილი იმპერიისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩება

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter