სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    09.12.2017

     "ყოველი ახალი გატაცება თბილისელთა დამახასიათებელი იყო, მოდაში შემოსული ინტერესები უმალ უბნიდან უბანში ვრცელდებოდა და მთელ ქალაქს მოედებოდა. თეატრიც თბილისელთა გატაცების ერთი ამგვარი საგანი გახლდათ. ტფილისის თეატრის ამბავი ამ ქალაქის ცხოვრებასავით ჭრელი და საინტერესოა", - წერს თეატრმცოდნე მანანა თევზაძე თავის პუბლიკაციაში და ერთ-ერთი თბილისური ოჯახის ისტორიასაც გვიყვება, რომელსაც დღევანდელი რუსთაველის თეატრის შენობასთან მივყავართ.

    მე-19 საუკუნის ტფილისის ერთ-ერთ უბანში, სოლოლაკში, როგორც მაშინდელი გაზეთები მოიხსენიებდნენ, ძველსაინსტიტუტო (დღევანდელი ლერმონტოვის) ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სახლში პიტოევების ოჯახი ცხოვრობდა, ოჯახის თავკაცი ისაია პიტოევი და მისი მეუღლე ოლღა მარქსი. სწორედ ამ ოჯახს უკავშირდება მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ტფილისური თეატრალური ცხოვრების ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც დღევანდელ სტატიაში, გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს.

    "ჩვენ პირველად ვნახეთ გუშინ წინ, ხუთშაბათს ფითუაშვილის კერძო თეატრი და მართალი უნდა ვსთქვათ, გაგვიკვირდა ამ თეატრის სიმშვენიერე და მდიდრული მოწყობილობა. მაყურებელთათვის ზალა პატარაა, მაგრამ სამაგიეროდ სცენა ისეთი ფართო და სრულია, რომ 40 მოქმედი პირიც თავისუფლად მოთავსდება.

    "წარმოადგინეს რუსული კომედია "გემრიელი ლუკმა". თუ წარმოვიდგენთ, რომ პიესის აღსრულებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა დახელოვნებულმა და ნიჭიერმა მოთამაშეებმა, როგორც პიტოევის მეუღლემ (ადრინდელი მარქსის ქალი) პილმმა, აპჩინინმა და სხვათ, ადვილად მიხვდებით, რომ პიესა ჩინებულად უნდა ეთამაშნათ.

    "შემოსავალი ამ წარმოდგენიდან დანიშნული იყო ტფილისის საქალაქო და პირველი დაწყებითი სკოლების სასარგებლოდ", - წერდა 1881 წელს გაზეთი "დროება".

    პიტოევების ოჯახს ქონება ყირიმის ომის დროს მეფის რუსეთის ჯარის საკვებით მომარაგებით დაუგროვებიათ. შემდეგ თევზის სარეწიც გაუხსნიათ ასტრახანში. 1828 წლის გეგმის მიხედვით, ტფილისის ექვსი ქარვასლიდან ერთ-ერთი პიტოევების ოჯახის ყოფილა. მათვე ეკუთვნოდათ საწარმოო-საფინანსო და სავაჭრო საზოგადოება, სტამბა და გამომცემლობა, ბარიატინსკის ქუჩის #8-ში მექანიკური სამკერვალო და სადურგლო სახელოსნოები, მოგვიანებით კი ბაქოს ნავთობსარეწიც შეიძინეს და დიდი კაპიტალისტები გახდნენ. ქონებით თბილისელ მდიდარ ვაჭრებს - თამამშევებს, ალიხანოვებსა და სხვებსაც გაუტოლდნენ.

    პიტოევების ოჯახში იყრიდა თავს ტფილისის მთელი არტისტული საზოგადოება. საუბრობდნენ დედაქალაქის ახალ ამბებზე, თეატრის სიახლეებზე, შალიაპინზე, სტანისლავსკიზე. 1887 წელს მათი თაოსნობით დაარსდა საარტისტო საზოგადოება. საგასტროლოდ იწვევდნენ უცხოურ დასებს და მომღერლებს. ამ ოჯახს სტუმრობდნენ ჩაიკოვსკი, იპოლიტოვ-ივანოვი და სხვა გამოჩენილი კომპოზიტორები თუ ხელოვანები.

    ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ პიტოევის ძმა ივანემ ჩაიკოვსკის უსახსოვრა ოქროთი მოვარაყებული სპილოს ძვლის სადირიჟორო ჯოხი. კოჯორში კი მათ აგარაკზე ხშირად ისვენებდა ანტონ რუბინშტეინი. სწორედ მისთვის გადააკეთეს სახლი, დაუდგეს "ბეკერის" ფირმის თეთრი როიალი, რომელზეც რუბინშტეინი ყოველდღე თავის შესანიშნავ ნაწარმოებებს ასრულებდა, მსმენელები კი მინდორზე მოკალათებული კოჯრის დამსვენებლები იყვნენ.

    1897 წელს პიტოევების საოჯახო თეატრის სცენა ხანძრისგან დაიწვა. ოჯახმა საარტისტო საზოგადოებისთვის დიდი შენობის აგება გადაწყვიტა და მშენებლობის დასაფინანსებლად უზარმაზარი თანხა - მილიონნახევარი ოქროს მანეთი გამოყო.

    1898 წელს დაიწყო თეატრის მშენებლობა. თეატრისათვის საჭირო ნივთები, ტექნიკის საუკეთესო მოწყობილობა, ხავერდის ფარდები, ხალიჩები, ქანდაკებები, სარკეები საფრანგეთიდან და იტალიიდან გამოიწერეს. თეატრს ჰქონდა საკუთარი ელექტროგანათება.

    1901 წლის 6 თებერვალს თეატრი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდნენ ტფილისის გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი, ქალაქის თავი, ტფილისის რჩეული პუბლიკა.

    "დღეს, 6 თებერვალს, აკურთხებენ ტფილისის საარტისტო საზოგადოების ახალ შენობას, ხოლო ზეგ, 8 თებერვალს, სათეატრო დარბაზში პირველი წარმოდგენა გაიმართება. პარტერის ბილეთი - 5 კაპ., ლოჟისა - 10 კაპიკი" - იუწყებოდა გაზეთი "ივერია".

    8 თებერვალს პირველი სპექტაკლი დაიდგა - გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", სადაც მთავარ როლებს ასრულებდნენ ტფილისელთათვის კარგად ცნობილი სცენის მოყვარულნი ოპოჩინინი, ბენიამინი, პოხომოვი, ტულუბეევა და სხვები. სპექტაკლის შემდეგ გაიმართა მეჯლისი, რომელმაც გვიან ღამემდე გასტანა.

    ახალი თეატრის შენობის ისტორიაში საპატიო ადგილი ეკავა რესტორან "ანანოს", რომელიც თეატრის მოყვარულთა თავშეყრის ადგილი იყო და იმ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

    "აქ ყოველდღე 2 საათიდან საღამოს 6 საათამდე და საღამოს 11 საათიდან ღამის 2 საათამდე უკრავს ახლად მოწვეული იტალიური სიმებიანი ორკესტრი, სიმღერით, მომღერალ ქალბატონ საკოსთან, მარიასთან და ბარიტონ ჯელაროსთან ერთად. საუზმე 11 საათიდან დღის 1 საათამდე - 80 კაპ. სადილი 1 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ორი კერძით - 60 კაპ., სამი კერძით - 90 კაპ., ოთხი კერძით - 1 მან. 20 კაპ. სამზარეულო ევროპული და აზიური, ბილიარდით და ცალკე კაბინეტით. სიცხეს მხოლოდ "ანანოში" დააღწევთ თავს", - წერდა გაზეთი "კავკაზი".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved