სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ოჯახებს ფინანსურად ძალიან უჭირთ, სტუდენტებისთვის კი შესაბამისი სამუშაო ხშირად არ მოიძებნება
    თეო გუდავაძე
    06.12.2017

     საქართველოში დაახლოებით 30 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტია, რაც პატარა ქვეყნისთვის დაბალი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. ამის უმთავრესი მიზეზი სოციალური ფონის გაუარესებაა. ეკონომიკური კრიზისისა და ლარის დევალვაციის გამო, საქართველოში ოჯახებს უფრო მეტად გაუჭირდა, შესაბამისად, ბევრი სტუდენტი იძულებულია, სწავლა შეწყვიტოს ან დროებით გადადოს მაინც.

    საინტერესოა, ახერხებენ თუ არა სტუდენტები მეორე სემესტრისთვის თანხის შეგროვებასა და სწავლის გაგრძელებას? სწავლის გადასახადი, იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო და ღირიბ ფენას შემოსავალი საკმაოდ დაბალი აქვს, საკმაოდ დიდია. წლების განმავლობაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი თანდათან მატულობს. სწავლის საფასური და ოჯახის შემოსავალი ერთმანეთის პირდაპირპროპორციული არ არის.

    უმაღლეს სასწავლებლებში პირველი სემესტრი იხურება და იწყება მეორე სემესტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტების 90%-ს, ვისაც წინასწარ არ ჰქონდა გადასახადი დაფარული შეტანილი, ახლა იწყებს თანხის მობილიზებას და მეორე ნაწილის გადახდას, ეს კი წლიდან წლამდე სულ უფრო ძნელად შესასრულებელი მისია აღმოჩნდა. ამაში "დამნაშავე" ის ეკონომიკური ფონია, რაც ბოლო წლებში საქართველოშია.

    ნინია ქადაგიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მის მშობლებს წინა თვის დავალიანება აქვთ და შესაძლოა, მეორე სემესტრის დამამთავრებელ გამოცდებზეც ვერ გავიდეს:

    "ჩემს უნივერსიტეტში ასეა - თუ გინდა, ყოველთვე გადაიხდი, თუ გინდა, ჯერ ერთ სემესტრს, შემდეგ კი მეორეს ერთბაშად დაფარავ. მე ჯერ ოქტომბრის თანხაც არ ჩამირიცხავს და იმას ჯარიმებიც ემატება. თუ ამ დღეებში არ დავფარავ, შესაძლოა, ფინალურ გამოცდებზე გასვლაც ვერ მოვახერხო. შესაბამისად, ძალიან შორეული გეგმაა ჩემთვის მეორე სემესტრის გადასახადზე ზრუნვა.

    შარშანდელთან შედარებით, ჯგუფში მეტი ბავშვი დაგვაკლდა და უმეტესობას, ვისაც გრანტი არ აქვს, ძალიან უჭირს 2 250 ლარის გადახდა. ეს მარტივი ნამდვილად არ არის, თუკი დღევანდელ მდგომარეობას გადავხედავთ. თითქოს არაფერ კავშირშია ლარის გაუფასურება, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან დაეტყო ქვეყანას ყველა კუთხით, ეს იქნება განათლება, კვება თუ რამე სხვა.

    ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა გაიაფდეს საქართველოში სწავლა, რადგან სასაცილო ხელფასი აქვთ ადამიანებს და სხვა ყველაფერი გაცილებით ძვირი ღირს. ჩემს ოჯახს დამატებითი შემოსავლები რომ არ ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, ვერ მოახერხებდა, ასეთი განათლება მოეცა მე და ჩემი დისთვის. იმ ქვეყანაში, სადაც ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 500 ლარია, სწავლის ასეთი მაღალი გადასახადი არ უნდა არსებობდეს, თანაც საქართველოში არც განსაკუთრებული სწავლების მეთოდებია და არც ხარისხი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნინია ქადაგიძემ.

    სტუდენტთა საკმაოდ დიდი ნაწილი სწავლას ფინანსური პრობლემის გამო ვერ აგრძელებს. უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა კურსზე მყოფი სტუდენტები გადასახადის დაფარვას მუშაობით ცდილობენ, ამის ხარჯზე კი სწავლის ხარისხი უარესდება. სხვაგვარად ვერ ხერხდება სტუდენტის სტატუსის შენარჩუნება, რადგან დღესდღეობით საქართველოში ოჯახებს ფინანსურად ძალიან უჭირთ.

    მეორე სემესტრის გასაგრძელებლად სტუდენტთა უმრავლესობა საახალწლო პერიოდში მუშაობას გეგმავს. ერთ-ერთია 23 წლის ნიკო წიკლაური, რომელიც გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში სწავლობს. იგი უკვე ეძებს გზას, რომ საახალწლო დასვენება მუშაობისთვის გამოიყენოს და შემდეგი სემესტრისთვის თანხა შეაგროვოს, რომ ბაკალავრიატის ბოლო წელი უპრობლემოდ დახუროს:

    "ვერ ვიტყოდი, რომ ჩემს ოჯახს განსაკუთრებულად უჭირს, თუმცა არ ვარ პატარა საიმისოდ, რომ რაღაცებს ვერ ვიაზრებდე. აბიტურიენტი და მყავს, რომელსაც ძალიან ბევრი თანხა სჭირდება. ამიტომ ვცდილობ, ჩემი ბოლო სემესტრის გადასახდელი თანხა თავად შევაგროვო. ვერ ვიტყვი, რომ რთულია დღეს ახალგაზრდისთვის სამსახურის შოვნა, მაგრამ იმ სტუდენტისთვის ნამდვილად რთულია, ვისაც თან სწავლა უნდა და თან - მუშაობა.

    300-400-ლარიან ხელფასზეც კი ისეთი გრაფიკებია, რომ მათი გადამკიდე მერე ვეღარაფერს ისწავლი და საგნები ჩაგრჩება. ეს ნამდვილად არის ორმაგი ხარჯი. ამიტომ უნდა მოძებნო ისეთი სამსახური, რომელიც შენც წაგადგება და შენი სწავლის გრაფიკსაც. მოკლედ რომ ვთქვა, სტუდენტისთვის დასაქმება ნამდვილად არის თავსატეხი.

    ასევე პრობლემაა სტუდენტური სესხების აღება, რეკლამებიდან თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს და ფიქრობ, რომ წახვალ, აიღებ სესხს, მშვიდად ისწავლი და შემდეგ გადაიხდი, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ სწავლის შემდეგ სამსახურიც არ გაქვს გარანტირებული. თანაც, მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება.

    ჩემ გარშემო ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გადახდისუუნარო სტუდენტი მოგროვდა, რომლებსაც სტატუსი შეუჩერეს, ზოგმაც აკადემიური აიღო, რადგან მიხვდა, რომ ვეღარ იხდიდა სწავლის საფასურს. ზოგი არც აღიარებს ამას, მაგრამ ვითარების აღქმა საკმაოდ მარტივია, რადგან ახლა თითქმის ყველა ერთ ტყავში ვართ. მე კი ვმუშაობ და ისე ვაგროვებ შემდეგი სემესტრის ფულს, მაგრამ ვინც ვერ იშოვა შესაბამისი სამსახური და ვერ აგრძელებს სწავლას, იმან რა უნდა ქნას?

    ასეთი ახალგაზრდებისთვის რამე შეღავათი უნდა გაკეთდეს. მათ ნამდვილად უნდათ სწავლის გაგრძელება და უსახსრობის გამო უწევთ იძულებით უარის თქმა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნიკო წიკლაურმა.

    სტუდენტებზე მორგებული სამსახურის შოვნა საკმაოდ რთულია, რაც ნამდვილად დიდი პრობლემაა მონდომებული ახალგაზრდებისთვის. ამ ყველაფერთან ერთად, გადახდის სისტემის მოუქნელობა ხშირად პრობლემას ქმნის, რის გამოც უამრავ სტუდენტს სტატუსი უჩერდება და იძულებულია, განზე გადგეს, რადგან სისტემას ვერ უპირისპირდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter