სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პოლიკლინიკების გარდა, სამშობიაროებშიც ხელოვნური კვების კომპანიების აგრესიული მარკეტინგი მუშაობს
    მარი ჩიტაია
    05.12.2017

     ქართველი ექიმების უმეტესობა ბავშვთა კვების კომპანიებთან არის გარიგებული და პაციენტებისთვის სხვადასხვა დანამატების დანიშვნის სანაცვლოდ, განსაზღვრულ თანხასაც იღებს. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა პედიატრიის სფეროშია. ამის შესახებ სპეციალისტები ინფორმირებულნი არიან, მსგავსი გარიგებების შესახებ ცნობილია მშობლებისთვისაც, თუმცა არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ ვინმეს საჩივარი დაეწერა ან კომპეტენტური უწყებების მხრიდან მსგავსი შემთხვევების გამოვლენა მომხდარიყო.

    ექიმების წრისთვის კარგად ნაცნობი სქემაა, თუ როგორ მასობრივად ხდება პატარებისთვის ხელოვნური საკვების დანიშვნა მაშინაც კი, როცა ამის აუცილებლობა აღარ არის. როდესაც ბავშვი სინჯავს ხელოვნურ დანამატებს, უმეტეს შემთხვევაში, უარს ამბობს ბუნებრივ კვებაზე. ასე რომ, სხვა მრავალი ხერხი არსებობს პატარების ხელოვნურ კვებაზე გადასაყვანად. მიზეზი კი პროდუქციის იმპორტიორების და ექიმების გარიგებაა.

    როგორც "ბიზნეს-რეზონანსს" საკუთარმა წყარომ აცნობა, უცხოური წარმოშობის ბავშვთა კვების კომპანიებისგან კონკრეტული საკვების დანიშვნის სანაცვლოდ, პედიატრთა დიდი ნაწილი ფულს ან სხვა სახის საჩუქრებს იღებს. ეს შეიძლება იყოს, თანამედროვე ტექნიკა (პლანშეტი, ლეპტოპი) ან უცხო ქვეყანაში გასამგზავრებლად სამედიცინო კონგრესზე წასასვლელად თვითმფრინავის ბილეთებიც კი.

    კონკრეტული ფაქტები არ მოეპოვება, თუმცა ორგანიზაცია "გახსოვდეს ჰიპოკრატეს" ხელმძღვანელის მარინა ბერაძესთვის ექიმების კომერციული ინტერესები ერთ-ერთი კარგად ნაცნობი თემაა. ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვთა კვების სეგმენტი მკაცრი რეგულაციის ქვეშ მოექცეს.

    "საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამა თუ იმ საკვებთან დაკავშირებით ექიმების ნაწილს აქვს კომერციული ინტერესი - გასაღდეს ესა თუ ის პროდუქცია. ვხედავ, რომ მასობრივად ხდება ხელოვნური საკვების შეთავაზება, რაც არ არის კარგი. ამას ბევრი ბჭობა და ფიქრი არ სჭირდება. რასაკვირველია, ბუნებრივი საკვები ყოველთვის სჯობს, რასაც თანამედროვე მედიცინა ამტკიცებს.

    საქართველოში კომერციალიზებულია ბავშვთა კვების სფეროც და არ უნდა გვიკვირდეს, რომ მასობრივ პრობლემასთან გვაქვს საქმე. რეგულაციები აუცილებელია, რათა პედიატრებს პასუხისმგებლობა ჰქონდეთ თავიანთ დანიშნულ მედიკამენტებსა და საკვებზე. ჩვენთან არ არის ორგანიზაცია, რომელიც ამ სეგმენტს აკონტროლებს და იკვლევს გვერდით მოვლენებს, რაც შეიძლება არასწორი დანიშნულების გამო მივიღოთ. კატეგორიულად ვითხოვ რეგულაციებს, რადგან ბავშვთა კვება ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დონეზე რეგულირდება და გამონაკლისს არც საქართველო უნდა წარმოადგენდეს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ბერაძემ.

    მისი თქმით, პოლიკლინიკების გარდა, სამშობიაროებშიც ხელოვნური კვების კომპანიების აგრესიული მარკეტინგი მუშაობს. ეს კი დანაშაულის ტოლფასია ბავშვების წინაშე. მით უმეტეს, როდესაც ჩვილს აძალებენ ისეთი ხელოვნური საკვების მიღებას, რომელიც მას არ მოსწონს. ფაქტობრივად, ეს ბავშვზე ძალადობაა და ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს.

    მომხმარებელთა უფლების დამცველია ორგანიზაციების წარმომადგენლები მშობლებს მოუწოდებენ, ბავშვთა კვებასთან იყვნენ ფრთხილი და რეკომენდაციებს ბრმად არ ენდონ. "ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, რომ მსგავსი ტიპის საჩივარი ორგანიზაციაში არ შემოსულა, თუმცა შანსი მართლაც არსებობს, რომ გარიგება პრაქტიკაში ხორციელდებოდეს. თუკი პაციენტებს ჭარბი რაოდენობით მედიკამენტებს უნიშნავენ და ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებაში შედიან, არც ბავშვთა კვება იქნება გამონაკლისი.

    "ექიმი პროფესიულ განვითარებასა და შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ფინანსურ მოგებაზე. სამწუხაროდ, ექიმის კეთილსინდისიერების პერიოდულად გაკონტროლება შეუძლებელია. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დარღვევები საჩივრების გარეშეც შეგვინიშნავს. არ შეიძლება, ხელოვნურ საკვებს გაუწიონ რეკომენდაცია, თუ დედას შეუძლია ბავშვს საკმარისი რძე მისცეს.

    გარდა ამისა, ბავშვთა კვებას არ უნდა ეწეროს "დედის რძის მსგავსი", როდესაც ის არის ხელოვნური საკვები. ხშირია, როცა 4-6 თვე შეუსრულდება პატარას და მშობელს ეუბნებიან, რომ დაამატონ ხელოვნური საკვები, რაც შეიძლება არც კი იყოს საჭირო. ჩვენ ბევრჯერ ვეცადეთ ბავშვთა კვების სეგმენტი გამოგვეკვლია, მაგრამ ეს საკვები აფთიაქებშია და იქ ინფორმაციას ადვილად არ გასცემენ. ფარმაცევტულმა კომპანიებმა არ დაგვრთეს ნება და თავის დროზე ვერ მოვახდინეთ ბაზრის შესწავლა.

    როდესაც ექიმი დაჟინებით გეუბნება, რომ ესა თუ ის საკვები მისცე ბავშვს, მშობელი აუცილებლად უნდა დაეჭვდეს. მან უნდა მოსთხოვოს ექიმს დასაბუთება, თუ რითი სჯობს მის მიერ დანიშნული საკვები სხვას, ბრმად არ უნდა ენდოს", - ამბობს შენგელია.

    კიდევ ერთი პრობლემა, რაც ექიმებისა და კვების კომპანიების გარიგებებისას იკვეთება, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც სამედიცინო მომსახურების გამწევს ფარმაცევტულ კომპანიებთან ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან გარიგება და პაციენტის მესამე პირის სასარგებლოდ გამოყენება ეკრძალება.

    როგორც იურისტი ნინო ფეტელავა განმარტავს, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში პაციენტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებები ირღვევა.

    "ექიმის ერთ-ერთი ვალდებულება სწორედ პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვაა. კონკრეტული ფაქტების დადასტურება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, თუკი ინტერესი არის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. დიდი ხანია არსებობს ეჭვი, რომ ექიმები მსგავს გარიგებაში არიან ჩართულნი. ამაზე საუბარი ხშირად მომისმენია, მაგრამ რეაგირება არასოდეს მომხდარა.

    სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ სამედიცინო დაწესებულებები პერიოდულად შეამოწმოს და დარწმუნდეს, რომ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება კანონის ფარგლებში ხდება. თავის მხრივ, ექიმს ევალება, რომ პაციენტებთან ურთიერთობისას ანგარებით არ იმოქმედოს, რაზეც კანონმდებლობაში პირდაპირ არის მითითებული. თუ ეს მოთხოვნები დაირღვევა, სამედიცინო დაწესებულების ან ჯანდაცვის პერსონალის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს", - ამბობს იურისტი.

    ფაქტებზე საუბრობენ მშობლებიც. 8 თვის ანასტასიას დედა ირმა ბესელია ამბობს, რომ ექიმები ბავშვთა კვებას მშობლის სოციალური მდგომარეობის მიხედვით ნიშნავენ.

    "ჩემმა პედიატრმა ბავშვს ხელოვნური კვება დაუნიშნა. დარწმუნებული ვიყავი, რასაც ვაჭმევდი ჯანსაღი იყო. შემდეგ ახლობელმა ამიხსნა, რომ ეს ჩვეულებრივი მახეა და ექიმებისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ისინი ფულს იღებენ კომპანიებისგან, რათა ბავშვს ხელოვნური საკვები დაუნიშნონ და ეს შეიძლება იყოს უხარისხო პროდუქტი.

    არ ვამბობ, რომ ყველა პედიატრის გამოწერილი საკვები ცუდია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ექიმების 99% ფულს იღებს და პატარებს იმის მიხედვით უნიშნავენ ხელოვნურ საკვებს თუ რა შეძლებისაა მისი მშობელი - იაფს, ძვირს ან ძალიან ძვირს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ირმა ბესელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter