სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მომავალში კი 100 კმ-ის გასავლელად საჭირო ელექტროენერგიის ღირებულება 3 ლარს არ გადააჭარბებს
    ნათია ლომიძე
    05.12.2017

     მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროავტომობილების დამუხტვა 2018 წელსაც უფასო იქნება. ქვეყნის მასშტაბით განლაგებული დასამუხტი სადგურები მომხმარებლებს მომსახურების პირობებს არ შეუცვლიან. აღსანიშნავია, რომ არც სახლის პირობებში ჯდება ელექტრომანქანების შენახვა ძვირი. მათი უმეტესობა ერთი სრული დამუხტვით 110-130 კმ-ს გადის და მისი დამუხტვა სახლის პირობებში 2-2,5 ლარი ჯდება. სპეციალისტები კი არ გამორიცხავენ, რომ მომავალში სადგურებზე მანქანის დამუხტვა დაახლოებით 3 ლარი ღირდეს.

    ქვეყნის მასშტაბით სულ რამდენიმე დასამუხტი სადგური მუშაობს და მათი მომსახურება მხოლოდ 2017 წლის ბოლომდე იყო უფასო. ახალი წლიდან ელექტრომობილების გამართვა ფასიანი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდება. როგორც "ბიზნეს-რეზონანსს" კომპანია უ-თზფსუ-ის ხელმძღვანელმა სულხან გვალიამ განუცხადა, წლევანდლის მსგავსად, ქალაქში განთავსებული დასამუხტი სადგურები 2018 წელსაც მსურველებს უფასოდ მოემსახურება. ასე რომ, 1 წლის განმავლობაში ეკოლოგიური ტრანსპორტის მფლობელები თითქმის უფასოდ იმგზავრებენ.

    ელექტრომობილების დამუხტვა სახლის პირობებშიც კი მიზერულ თანხასთან ასოცირდება. საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე (რომელიც, მრავალი წელია, ელექტრომობილით გადაადგილდება) აღნიშნავს, რომ ქალაქში სამოძრაოდ მანქანის დასამუხტად თვეში 30 ლარი ეხარჯება, მისი დატენვა ყოველ მეორე დღეს სახლის პირობებში დაახლოებით 2 ლარი უჯდება.

    "პირადად ჩემი ავტომობილი მატარებს 100-110 კმ-ს. მისი დამუხტვა სახლის პირობებში დაახლოებით 2 ლარი მიჯდება, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 100 კილომეტრს ერთ ჯერზე არ გავდივარ და ბოლომდე დასატენიც არ არის ავტომობილი. ამ შემთხვევაში მხოლოდ 1.5 ლარი მჭირდება მის დასამუხტად. თვეში 25-30 ლარი საკმარისია, რომ ქალაქში უპრობლემოდ ვიმოძრაო. ეს ხომ ქალაქის მანქანაა, რეგიონში თუ წახვალთ, გაცილებით მეტია ხარჯი.

    2017 წლის ბოლოა და მძღოლებს ამ დრომდე შეეძლოთ, ესარგებლათ ქალაქში ელექტრომანქანების უფასო დამუხტვით. ეს ვადა რამდენიმე კვირაში იწურება. ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გეტყვით, სპეციალურ დასამუხტ ადგილებზე რა ეღირება მომსახურება, მაგრამ რადგან ელექტროენერგიის გადაყიდვა კანონით იკრძალება, არა მგონია, ფასი მაღალი იყოს. ალბათ დაახლოებით იგივე დანახარჯი ექნება სპეციალურ სადგურზე მძღოლს, რაც სახლის პირობებში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ოგბაიძემ.

    თბილისის მცხოვრები რეზი მაკარაძე, ერთი წელია, დედაქალაქის ქუჩებში ელექტრომობილით გადაადგილდება. იგი ავტომობილის დამუხტვას როგორც სპეციალურ სადგურზე, ასევე სახლის პირობებშიც უპრობლემოდ ახერხებდა.

    "ქალაქში ელექტომობილით დავდივარ და ხშირად მისარგებლია ქუჩაში დამონტაჟებული დასამუხტი აპარატებით. ასევე, სახლის პირობებშიც დამიტენია, მაინტერესებდა, რა თანხა ჯდებოდა თვეში ჩემი მანქანის "შენახვა". ყოველ მეორე დღეს მის დასამუხტად 2 ლარის ელექტროენერგია მჭირდებოდა. ქალაქში მოძრაობისთვის საკმაოდ ეკონომიურია.

    ინფორმირებული ვიყავით იმის თაობაზე, რომ 2018 წლიდან მანქანების დამუხტვა ფასიანი უნდა ყოფილიყო, ახლა გამოდის, რომ 1 წელი ისევ შეღავათი გვექნება. მომავალშიც, არა მგონია, გასამართ სადგურებზე მაღალი ფასი დაადონ. თუ გავითვალისწინებთ, რომ სახლის პირობებშიც იაფი ჯდება, თუკი ძალიან ძვირს დაადებენ სადგურებზე, არავინ მივა დასამუხტად და არ ისარგებლებენ მათი მომსახურებით. რატომღაც მგონია, რომ 2-დან 3 ლარამდე იმერყევებს ფასი და სავსებით ლოგიკურიცაა.

    ცოტა მეტი უნდა გადავიხადოთ მხოლოდ იმიტომ, რომ აპარატით ვსარგებლობთ. კომპანიის ხარჯიც უნდა გავითვალისწინოთ და ისიც, რომ ერთი სადგური უსასრულოდ ვერ მოგემსახურება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, შესაცვლელი გახდეს. ამ ღირებულებაში კი ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება", - აღნიშნა მაკარაძემ.

    "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ 2018 წლისთვის ქალაქში უფასო დასამუხტი სადგურების მომსახურება ძალიან კარგია, თუმცა მათი რაოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რადგან ელექტრომობილის შეძენის მსურველები მატულობს, მაგრამ ბევრი დასამუხტი სადგურების სიმცირის გამო თავს იკავებს ეკოლოგიური ტრანსპორტის შეძენისაგან.

    "მას შემდეგ, რაც სატარიფო პოლიტიკა გაუმჯობესდა, ანუ ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი განულდა, მოიმატა ამ კატეგორიის ავტომობილების იმპორტმა, რაც მისასალმებელია, რადგან ხვალინდელი დღე არის ელექტრომანქანების. რაც შეეხება ავტომობილების დამუხტვას, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება სადგურების რაოდენობა ქალაქში, რაც 2018 წელს უნდა გამოასწორონ. ამ კატეგორიის მანქანის მსურველი დღეს ქვეყანაში ბევრად მეტია, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ხალხი თავს იკავებს მისი შეძენისგან. მსურველთა დიდი ნაწილი კორპუსში ცხოვრობს, რაც დამუხტვის შესაძლებლობას ზღუდავს. ყველანი ვხედავთ, როგორი ეკოლოგიური კატასტროფაა დედაქალაქში, ამის გამოსწორებას აუცილებლად ხელი უნდა შეუწყონ სწორედ ეკოლოგიური ტრანსპორტის მეშვეობით", - განაცხადა ლალიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter