სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    02.12.2017

     ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოში აქტიური მზადება დაიწყო. ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე კომპანია "მიზუნო" იზრუნებს. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ შოთა ხაბარელის თქმით, სამოსი სპორტული იქნება და მას სხვა დატვირთვა არ ექნება.

    "ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ერთი ლიცენზია გვაქვს, მაგრამ, ჩვენი გათვლებით, მინიმუმ, 4 სპორტსმენი მაინც უნდა იყოს. სპორტსმენების ჩაცმულობაზე ჩინური კომპანია "მიზუნო" იზრუნებს. ჩვენი სპორტსმენები სპორტული ფორმით წარდგებიან - კომბინეზონითა და ზედა სამოსით, შესაბამის ფერებში, რომელიც ექსკლუზიურად ჩვენთვის გაკეთდა. თარგებიც უკვე არსებობს," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ხაბარელმა.

    მისივე თქმით, კომპანია "მიზუნო" ხარისხის გამო შეირჩა და მასთან კომიტეტს ადრეც უთანამშრომლია.

    "ეს კომპანია იმიტომ შეირჩა, რომ აქვთ ძალიან ხარისხიანი სამოსი. თან ცნობილია სპორტულ სამყაროში, როგორც "ადიდასი" და "ნაიკი", ამ კატეგორიის კომპანიაა. ოლიმპიური კომიტეტი მათთან 2004 და 2008 წლებში თანამშრომლობდა.

    "ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტესმენებმა უნდა ჩაიცვან თბილად, ამიტომ აქცენტი გაკეთდა მხოლოდ სპორტულ ფორმებზე", - გვითხრა ხაბარელმა.

    აღსანიშნავია, რომ "მიზუნო" იაპონური კომპანიაა, თუმცა ტანსაცმელი ჩინეთში დამზადდება.

    შეგახსენებთ, რომ შარშან ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტსმენების ჩაცმულობაზე მაღაზია "სამოსელმა პირველმა" იზრუნა. სამოსი არასპორტული იყო, მას ქისები და ჩიხტიკოპები ამშვენებდა, რის გამოც სოციალურ ქსელში კრიტიკა არ წყდებოდა. არადა, ოლიმპიადაზე სპორტსმენების ჩაცმულობას ოდითგანვე დიდი ყურადღება ექცევა.

    მაგალითად, გასულ წელს კუბის ეროვნული ნაკრების უნიფორმის შექმნა თავის თავზე კრისტიან ლაბუტენმა - უძვირფასესი სამოსისა და ფეხსაცმლის ფრანგმა დიზაინერმა აიღო. დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა კი ოლიმპიადის გახსნაზე სტელა მაკარტნის დიზაინით შექმნილი სამოსით მოიწონა თავი.

    "შარშან საერთაშორისო არენაზე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ხუთეულში შევიდა ჩვენი ფორმა. ოლიმპიურ კომიტეტში ზუსტად ვიცით, რა გვინდა. ამიტომ სრულიად გაუგებარი იყო საზოგადოების ნაწილის კრიტიკა. წელს ჩვენი სპორტსმენები სპორტული ფომით წარდგებიან", - გვითხრა ხაბარელმა.

    აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები სტარტს თებერვალში აიღებს და მას სამხრეთი კორეა უმასპინძლებს. გახსნის ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება. ერთი დღით ადრე ჩატარდება პირველი სტარტები ქიორლინგსა და ტრამპლინიდან ხტომაში. 10 თებერვალს მედლების პირველი კომპლექტები გათამაშდება ბიატლონში, სათხილამურო რბოლაში, შორტ-ტრეკში, ტრამპლინიდან ხტომასა და ციგურებით სირბილში.

    დახურვის ცერემონია 25 თებერვალს არის დაგეგმილი. ამავე დღეს ბოლო პრიზიორები გამოვლინდებიან ბოსბლეიში, სათხილამურო რბოლაში, ქიორლინგსა და ჰოკეიში.

    აღსანიშნავია, რომ ოლიმპიდასთან დაკავშირებით საბერძნეთში, ძველ ოლიმპიაში, ცეცხლის დანთების ცერემონია უკვე გაიმართა, რომელიც ცეცხლის ძველბერძნულ ამფორაში გადატანით დაიწყო და ტრადიციული წესით გაგრძელდა.

    ცნობისთვის, ცეცხლის დანთების რიტუალი ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოდის და დაკავშირებულია ცნობილ ლეგენდასთან ტიტან პრომეთეზე, რომელმაც ზევსს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს აჩუქა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter